"მალხაზ კობაურის „აღიარებითი ჩვენების“ ვიდეოჩანაწერი ამ პერიოდში იმიტომ გამოქვეყნდა, რომ ნაფიც მსაჯულებზე ზემოქმედება მოხდეს"

მალხაზ კობაურის ერთგვარი „აღიარებითი ჩვენების“ ვიდეოჩანაწერი ამ პერიოდში იმიტომ გამოქვეყნდა, რომ ნაფიც მსაჯულებზე ზემოქმედება მოხდეს, - ამის შესახებ ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განაცხადა.

 

ადვოკატებმა ვასილ მამულაშვილმა და ალექსანდრე კობაიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართეს და მათი დაცვის ქვეშ მყოფის „აღიარებითი ჩვენებაზე“ ისაუბრეს.

 

„პირველად "იმედის" მიერ განხორციელდა ცალმხრივად წარმოჩენილი შეფასება, რომელიც ცალსახად გათვლილი იყო ნაფიც მსაჯულებზე, გუშინ კი რამდენიმე ტელევიზიის მიერ გავრცელდა ანალოგიური მასალა. ამას, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, ნაფიც მსაჯულებზე ზემოქმედების მიზანი ამოძრავებს. ამჟამად შესარჩევი დაგვრჩა ორი კანდიდატი, დაახლოებით ერთ კვირაში დავიწყებთ სხდომებს. გაკვირვებას იწვევს სუბიექტურად გაშუქებული ინფორმაცია. თანაც, რა ინფორმაციას აშუქებენ? ეს „აღიარებითი ჩვენება“ არ არის ახალი, დაკავების პერიოდშია ჩაწერილია და არაერთხელ გავხადეთ ნათელი, რომ ვიდეოჩანაწერი კანონდარღვევით განხორციელდა. თუმცა, დღეს და გუშინ გამოქვეყნდა იმისთვის, რომ მოხდეს ნაფიც მსაჯულებზე ზემოქმედება. საიდან აღმოჩნდა აღნიშნული მასალა „რუსთავი 2“-ის ხელში? ეს ინფორმაცია ჰქონდა პირველ არხს, რომელიც მუშაობდა ჟურნალისტურ გამოძიებაზე, და არც ერთ ეტაპზე გაუხდია საჯარო. განა იმიტომ, რომ ეს საიდუმლოა, არამედ იმიტომ, რომ არის რაღაც დეტალები, რომელიც დახურულ სხდომაზე განიხილება და არა - საჯაროდ. ეს ვიღაცის თვითმიზანია ან გათვლილია სახელმწიფოს მხრიდან", - აღნიშნა ადვოკატმა.

 

მამულაშვილის განცხადებით, ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ აღიარების მიღება კანონდარღვევით განხორციელდა.

 

"თუ დეტალურად განვიხილავთ, თუ რაზე ედავებიან კობაურს ახლა, დავრწმუნდებით, რომ ეს ერთგვარი აღიარება აბსურდია, არც ერთი გარემოება არაა შესაბამისობაში დღევანდელ გარემოებასთან. ეს მოპოვებული იყო პირველ ეტაპზე იძულებისა და მოტყუების საფუძველზე, იმისთვის, რომ ბრალი წარედგინათ. ბრალდება კი შემდგომში სრულიად შეიცვალა. აქედან გამომდინარე, ამ აღიარებას არანაირი მტკიცებულობის ფასეულობა არ გააჩნია. მალხაზ კობაურის მიმართ იყო მოტყუებაც, მუქარაც და იძულებაც. თვით ამ ჩანაწერიდანაც დგინდება ეს. მინდა მივმართო მთავარ პროკურორს, რომ აღნიშნული ქმედება არის სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ანუ მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარის, მოტყუებით ჩვენების ან განმარტების მიღება. ასევე ვხედავთ მოტყუებას, რადგან ამ ადამიანს შიდა პატიმრობა არ აქვს. კიდევ რამდენიმე არასწორი ინფორმაციაა - თუ ჩანაწერს ჩვენების სახით შევაფასებთ, მას ეს სახე არ აქვს, რადგან კობაურს უნდა განემარტოს უფლებები, მიეცეს ადვოკატის ყოლის საშუალება, დუმილის უფლება და ა.შ. ანუ, გამოკითხვა სახეზე არ არის. ამას, თუნდაც დღევანდელ ეტაპზე, უნდა მოჰყვეს შესაბამისი სახის რეაგირება.“, - განაცხადა მამულაშვილმა.

წაკითხვა 665 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.