ამ გვერდის ამობედვა

აპრილიდან მძღოლებს ნარკოტესტს ადგილზე ჩაუტარებენ

ნარკოტესტის გამოყენება, რომლითაც მძღოლის მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ავტომანქანის მართვისას ადგილზევე დადგინდება და ამისთვის მისი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა საჭირო აღარ გახდება, 1 აპრილიდან დაინერგება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნერწყვის მეშვეობით ნარკოტიკული თრობის დასადგენი ტესტები“ უკვე შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას "ლიბერალი" უწყებიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

შსს-მ ნარკოტესტირებისთვის 10 000 ცალი პორტატული ნარკოტესტერი უკვე იყიდა, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება კი ნერწყვის საშუალებით დადგინდება.

 

კერძოდ, ნარკოტესტით შესაძლებელია იმის დადგენა, არის თუ არა მძღოლი: მარიხუანის, ამფეტამინის ჯგუფის, მეტამფეტამინის (მათ შორის ექსტაზის), კოკაინის, ოპიატების (მორფის, ჰეროინის) ზემოქმედების ქვეშ.

 

ტესტირებისას ნერწყვის შეგროვებისთვის საჭირო დრო 3 წამი იქნება, რეზულტატი წაიკითხება დამატებითი მოწყობილობების გარეშე; სინჯის ბალიშზე საკმარისი ნერწყვის მოთავსებისას ვიზუალური ჩვენებისთვის შეიცვლის ფერს - წითლიდან ყვითელში; რეზულტატი ასახავს პოზიტიურ შედეგს (და არა ნეგატიურს) წითელი ფერის ხაზით; შესაძლებელი იქნება მიღებული შედეგის ამოპრინტერება ინტეგრირებული პრინტერით.

 

მარიხუანის შემთხვევაში ტესტი ავლენს ყველა იმ შემთხვევას, როცა ნარკოტიკული საშუალება მიღებულია 8 საათის განმავლობაში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, მარიხუანის მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების დასაცავად, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით გასული წლის 30 ნოემბერს დაამტკიცა.

წაკითხვა 1272 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 19 2019