April 25, 2024

არასრულწლოვანი, რომელმაც პოლიციის მანქანა გაიტაცა და ავტობანზე დაამტვრია დაკავებულია

შსს-მ დააკავა არასრულწლოვანი, რომელმაც პოლიციის მანქანა გაიტაცა და ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. შსს-ს ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებული მოზარდი სოფელ ორთაშენში დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი - 2001 წელს დაბადებული კ.წ., ძარცვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეს გამთენისაას გორში, გურამიშვილის ქუჩაზე, ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიება, რა დროსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა არასრულწლოვანმა, კ.წ. -მ ისარგებლა შექმნილი გარემოებით, ჩაჯდა სამართალდამცველის სამსახურებრივ მანქანაში და დიდი სისწრაფით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გავიდა. მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და ავტომაგისტრალზე მოძრავ „ფორდ ტრანზიტს“ შეეჯახა. კ.წ.-მ ავტომობილი შემთხვევის ადგილზე მიატოვა, თავად კი მიიმალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა მის ადგილსამყოფელს მალევე მიაკვლიეს და დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

უწყების ცნობით, ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გადაღების მიზნით, ადგილზე მივიდა შიდა ქართლის ადგილობრივი მედიასაშუალების, qartli.ge-ის რედაქტორი, საბა წიწიკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მას სამართალდამცველებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და შემთხვევის ადგილის დატოვება მოსთხოვეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.

წაკითხვა 900 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.