April 26, 2024

ყოფილი პროკურორის სკანდალური წერილი, რომელმაც უწყება დატოვა

პროკურორმა სალომე ადეიშვილმა პროკურატურა დატოვა და ფეისბუქზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს.
პროკურატურის თანამშრომელი, რომელმაც უწყებაში 2013 წლიდან 2019 წლის 15 ოქტომბრამდე იმუშავა  პროკურატურაში არსებულ უსამართლობაზე, შერჩევით სამართალზე, მძიმე შრომით პირობებზე, სექსუალურ შევიწროებაზე და სხვა ბევრ ნიუანსზე წერს. ახალგაზრდა ქალმა ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ სავარაუდოდ საქართველო დატოვა. ის მედიისთვის კომენტარს არ აკეთებს. ფეისბუქზე კი ვრცალდ წერს, რატომ დატოვა სამსახური:


“იმიტომ, რომ 4-5 წლის მერე მოჯადოებულ წრეზე ტრიალებ და ვეღარ ვითარდები;

იმიტომ, რომ „პატრონის“ და „ჩალიჩის “ გაერშე შუშის ჭერი კი არა ბეტონის დიდი ფილა გაქვს თავზე შეზრდილი (მინიმალური გამონაკლისებით);

იმიტომ, რომ ყველა საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს (ახლა მითუმეტეს);



იმიტომ, რომ 7-ზე თუ მიდიხარ უსაქმური ხარ, თუმცა ღამის 3-ზე გასვლაც პრობლემაა - ესე იგი ოფიციალურად დადგენილ დროში ვერ ასწრებ მუშაობას და უუნარო ხარ (იხ. იმღერეთ „ჭრელო პეპელა“);

იმიტომ, რომ დიდ დატვირთვას გაუძელი და ვადები არ გაგივიდა? ესე იგი ათმაგს გაუძლებ;

იმიტომ, რომ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ  და სხვა ოჯახი (თუნდაც ბიოლოგიური) არ არსებობს;

იმიტომ, რომ პირადი ცხოვრება ვის დაუკავშირო, ვის ემეგობრო და რა დოზით ხელმძღვანელობას უნდა შეუთანხმო. სისტემა არ უნდა შეარცხვინო;



იმიტომ, რომ დრესკოდი უნდა დაიცვა, მაგრამ ვინც ამ დაცვას გიკონტროლებს მათზე წესები არ მოქმედებს;

იმიტომ, რომ უშნოდ ახუნტრუცებული მამაკაცი მენეჯერის (ან გავლენიანი რიგითის) ბღლარძუნის გამო კარგი თანამშრომელი გოგონები ან სამსახურიდან მიდიან ან უხმოდ ითმენენ;



იმიტომ, რომ ყოველი თვის ბოლოს „ღმერთი“ თავის სტატისტიკას ითვლის და რა მნიშვნელობა აქვს “შესაწირი“ ვარგისია თუ არა;

იმიტომ, რომ იქიდან იმან დაგვირეკა, და გვთხოვა/დაგვავალა სამართლებრივი აბსურდი. არ შეასრულებ? შენზე ცუდად აისახება და როცა საჭრო იქნება გაგიხსენებენ. შეასრულებ? წლების მერე სხვა ხელმძღვანელობა ამოგიქექავს რა უკანონობაზეც გაქვს ხელი მოწერილი და შენზე მაინც ცუდად აისახება;



იმიტომ, რომ რიგითები დამოუკიდებლები ვართ. შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებაზე საკუთარი კისრით ვაგებთ პასუხს. ჩვენს აი იმ გადაყწვეტილებაზე წეღან რომ დარეკეს და დაგვავალეს;

იმიტომ, რომ გახმაურებულ საქმეებზე ჟურნალისტებთან გამოსაჩენი არ ხარ, რადგან ამოღამებული თვალები და უძილობით ანგრეული სახე გაქვს სწორედ იმ გახმაურებული საქმის გამო. სამაგიეროდ, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ყოველთვის მოიძებნება ნაშის ვიდიანი თანამშრომელი, რომელიც საჯაროდ ისაუბრებს იმ საქმეზე, რომელსაც არ იცნობს. შენი ოფლით და ნერვების დაგლეჯით დაყენებული შედეგის გამო საყოველთაო აღიარებას ის მიიღებს;



იმიტომ, რომ შენი საქმე სიგიჟემდე გიყვარს, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ რომ წასვლა გაიძულონ;

იმიტომ, რომ შერჩევითი სამართალია. მსგავს საქმეებზე უპატრონოს პატიმრობას ითხოვ და პატრონიანს განრიდებას უფორმებ;

იმიტომ, რომ ტრენინგებზე და შეხვედრებზე სიტყვებს ვარახუნებთ და რეალობაში რა როგორ კეთდება არავინ იცის რიგითის გარდა;


იმიტომ, რომ სისტემას საკუთარი თანამშრომლის ზიზღი აქვს და ჩასაფრებულია, არიქა, ფეხი გადაუბრუნდესო;

იმიტომ, რომ სპეციალიზაცი(ებ)ის გამო ლამის ყველა საქმე შენია, მაგრამ სამართლიან გადანაწილებაზე არავინ ფიქრობს;



იმიტომ, რომ ზოგი სამართლებრივ საკითხებზე იჭეჭყავს ტვინს და ზოგი იმაზე ხელფასით ოქროს ნივთები იყიდოს თუ ვერცხლის, რომელი ფეხსაცმელი ჯობია, როგორი მაკიაჟი გაიკეთოს და ვინაა გოიმი. ხო, ხელფასი ერთი და იგივეა;

იმიტომ, რომ ერთხელაც არავის მოაფიქრდება უბრალო სიტყვიერი მადლობა გითხრას იმ თავდადებისთვის და სიყვარულისთვის, რასაც საქმისადმი იჩენ. აქ სისტემისადმი „თავდადება“ ფასდება;



იმიტომ, რომ თმის ფერის ცვლილებით, რატომღაც შენი პროფესიონალიზმი ქვეითდება. მეცნიერებმა დაადგინეს;

იმიტომ, რომ არ დასჭირდეთ, თორემ საქმეში გამომძიებლის შეცდომა, სასამართლოს გადაწყვეტილება, მოწმის „გადაბრუნება“, მტკიცებულებების ბუნებრივი არარსებობა, გლობალური დათბობა, ორივე მსოფლიო ომი, სამოთხიდან ადამიანების გამოდევნა შენი ბრალია;



იმიტომ, რომ წლების განმავლობაში განუწყვეტელ უძილობას, სტრესს, ლანძღვა-გინებას, წყევლას, მუქარას, ვადებზე ნერვიულობას, უჭმელობას, შეურაცხყოფას, დამცირებას, შენი ქვემდგომი სისტემის ჭკუაზე სიარულს, უსამართლობას, უუნარობას, როგორ ვერ უძლებ! რატომ ითხოვ ადამიანურ პირობებს? რატომ ითხოვ თანაბარ გადანაწილებას? რატომ ითხოვ კადრის დამატებას? თქვენ ხომ ისედაც საქმე არ გაქვთ!;



იმიტომ, რომ სხვაგან გადასვლა თუ გინდა ჩუმად უნდა მოაგვარო, თუ არა და დაგბლოკავენ;



იმიტომ, რომ უსამართლობას აპროტესტებ? არ მოგწონს? დაწერე განცხადება და წადი!

იმიტომ, რომ რაც გაძლებინებს ის რამდენიმე ადამიანია ვინც აქ იპოვე. ქვეყნის განუვითარებელი ეკონომიკის შენნაირი მსხვერპლი, წასასვლელი რომ არ აქვთ.
იმიტომ, რომ მათ იმედი და მაგალითი უნდა მისცე! ჭაობიდან ამოსვლა შესაძლებელია!

P.S. არადა კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა და დიპლომ(ებ)ი მაქვს.“ –წერს სალომე ადეიშვილი.

წაკითხვა 704 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.