შსს: გამოვლენილია ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემა

საქართველოში დააკავეს 6 პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, შეძენა-შენახვა და გასაღება.

 

დაკავებულთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, სამი ყირგიზეთის, დანარჩენები კი რუსეთის და უკრაინის. ბრალი წარედგინა კიდევ ერთ პირს, რომელიც ყაზახეთის მოქალაქეა.

 

 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ დღეს, 26 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოვლენილია საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის უპრეცედენტოდ მასშტაბური სქემა.

 

 

ჭელიძის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დაკავებულნი არიან ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი საცხოვრებელი და დროებითი საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილას მდებარე სამალავებიდან სულ ამოიღეს 21 კილოგრამამდე ფხვნილის სახით და 10 ლიტრამდე სითხის სახით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“. ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე 6 მილიონამდე ლარს შეადგენს. თბილისსა და ბათუმში ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ლაბორატორიული ინვენტარი და სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერება“.

 

 

შსს-ს ცნობითვე, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა: „გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკორეალიზატორთა საერთაშორისო ორგანიზებული დაჯგუფება ინტერნეტ აპლიკაცია ,,ტელეგრამში“ შექმნილი ჯგუფების გამოყენებით სომხეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და საქართველოში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, შეძენა- შენახვას და რეალიზაციას ახდენდა. ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების რეგიონალური მენეჯერი, უკრაინის მოქალაქე ნ.კ. ორგანიზაციისთვის შესაბამის კადრებს არჩევდა, საქართველოში ჩამოჰყავდა და მათ კოორდინაციას უწევდა“.

 

 

შსს-ს ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ყირგიზეთის მოქალაქე დ.კ, თბილისში, აფრიკის დასახლებაში, ხოლო საქართველოს მოქალაქე გ.რ. ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სპეციალურად მოწყობილ ნარკოლაბორატორიებში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებისა და პრეკურსორის შერევის შედეგად, ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს ამზადებდნენ და დამფასოებლებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებზე ათავსებდნენ. მათ უშუალო კავშირი ჰქონდათ თავის ხელმძღვანელებთან, რომლებსაც დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების განთავსების ადგილების ფოტოსურათებს და სამალავების კოორდინატებს უგზავნიდნენ. რუსეთის მოქალაქე რ.ი-ს ფიქტიური ფირმის სახელზე საზღვარგარეთიდან იგზავნებოდა ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ნარკოლაბორატორიაში მომუშავე პირებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებზე ათავსებდა. მას უშუალო კავშირი ჰქონდა თავის ხელმძღვანელებთან, რომლებსაც ქიმიური ნივთიერებების განთავსების ადგილების ფოტოსურათებს და სამალავების კოორდინატებს უგზავნიდა. გამოძიებით, ასევე, დადგენილია, რომ ყაზახეთის მოქალაქე ხ.ტ. ყირგიზეთის მოქალაქის დ.კ.-ს მიერ ლაბორატორიაში დამზადებულ და სხვადასხვა ადგილას განთავსებულ ნარკოტიკული ნივთიერება ,,ალფა-პვპ“-ს იღებდა, აფასოებდა და დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მომუშავე კურიერებისთვის სხვადასხვა მისამართზე ათავსებდა. ყირგიზეთის მოქალაქეები უ.შ. და ა.ბ. ნარკოტიკულ ნივთიერება „ალფა-პვპ“-ს, რომელსაც ხ.ტ. სამალავებში ათავსებდა, მითითებული მისამართებიდან იღებდნენ, აფასოებდნენ და მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომ სხვადასხვა ადგილზე დებდნენ“.

 

 

შსს-ს ცნობითვე, ყველა ბრალდებული საკომუნიკაციო საშუალებად იყენებდა ინტერნეტ აპლიკაცია „ვიპოლს“, რომლის მეშვეობითაც კავშირი ჰქონდათ, როგორც უშუალო ხელმძღვანელებთან, ასევე საქართველოში მყოფ რეგიონალურ მენეჯერთან.

 

 

https://www.radiotavisupleba.ge/

წაკითხვა 537 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.