ამ გვერდის ამობედვა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული გარდაცვლილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა მიეცა.

 

„საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს! პროკურატურის დადგენილების საფუძველზე თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი და საქმის მასალების გაცნობა შეეთავაზა. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში 2020 წლის 19 ივლისს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 24 ივლისს, საქმეს დაემატა კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას. დღესვე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა გარდაცვლილის მამა - ჯუმბერ ბაჩალიაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, გამოძიების პროცესში გარდაცვლილის მამას და მის ადვოკატს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ასევე გაზიარებულ იქნა გარდაცვლილის ოჯახის წევრების თხოვნა და ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელმა გალინა კარმუშინამ. საქართველოს პროკურატურა დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან და მის ადვოკატთან მჭიდრო კომუნიკაციის და საქმეზე თანამშრომლობის თაობაზე მზადყოფნას გამოთქვამს.

 

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პროკურატურის მიერ საქმეზე მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას მომავალშიც მიეწოდება ინფორმაცია“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაკითხვა 641 ჯერ

სიახლეები