გვიცავს თუ არა სამედიცინო ნიღაბი გრიპისგან?

სამედიცინო ნიღაბი ეფექტიანია?


„სამედიცინო ნიღაბი“ კრებითი სახელია და ის სხვადასხვა ტიპის დამცავ სახვევებს აერთიანებს, რომლებსაც სხვადასხვა მასალისგან ამზადებენ და განსხვავებული სახელები აქვთ.

 

„სამედიცინო ნიღბების“ ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ და როგორ იყენებს მათ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სამედიცინო ნიღბის ტარება ჩვეულებრივ გარემოში - ტრანსპორტში, მაღაზიაში და განსაკუთრებით ღია ცის ქვეშ - ინფექციისგან ვერ დაგიცავთ.

 

რატომ ვერ გვიცავს ნიღაბი ინფექციისაგან?
პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რომ გრიპი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის. როდესაც ინფიცირებული ადამიანი აცემინებს ან ახველებს, ჰაერში ხვდება პატარა ინფიცირებული წვეთები, რომლებიც შეიძლება ჯანმრთელმა ადამიანმა შეისუნთქოს. თუ ინფიცირებულ ზედაპირს ხელით შევეხებით, რომელსაც შემდეგ სახესთან მივიტანთ, ასევე დიდია დასნეულების შანსი.

 

მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ლაპარაკია არა ნერწყვის წვეთებზე, არამედ მიკროსკოპული ზომის ნაწილაკებზე. როგორც წესი, მომხმარებლები ყველაზე დაბალი კლასის დამცავ ნიღბებს ყიდულობენ - FFP1-ს (არის კიდევ FFP2 და FFP3). ასეთი ნიღბები იოლად ატარებს ინფიცირებულ ნაწილაკებს როგორც ქსოვილში, ისე გვერდებიდან - იქიდან, სადაც დამცავი ფენა სახეს მჭიდროდ არ ეკვრის.

 

ატომ ყიდიან ასეთ ნიღბებს?
ისინი ძირითადად სხვა მიზნებისთვისაა განკუთვნილი, მაგალითად, იმისთვის, რომ ოპერაციის დროს ქირურგს სახე არ დაესვაროს. გარდა ამისა, ასეთი ნიღბების ტარება შეუძლიათ უკვე ინფიცირებულ ადამიანებს, რომ გარშემომყოფები ნერწყვის წვეთებისგან დაიცვან. იმავდროულად, თუ ამ ნიღაბს ორ საათში ერთხელ არ გამოცვლიან, ინფექციის გავრცელების რისკი მხოლოდ გაიზრდება - ამ ხნის განმავლობაში ნიღაბზე იმაზე მეტი ვირუსი გროვდება, ვიდრე უბრალო ამოსუნთქვის დროს.

 

რომელი ნიღაბი დამიცავს გრიპისგან?
FFP2-ის და FFP3-ის კლასის რესპირატორები. როგორც წესი, დაცვის ასეთ საშუალებებს იყენებენ მხოლოდ პროფესიონალები, მაგალითად, სამედიცინო პერსონალი, ან ადამიანები, რომელთაც გრიპი დიდი ალბათობით ძალიან გაურთულდებათ. ასეთი ნიღბების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში მოუხერხებელია. ამასთან, არსებობს დაცვის ბევრად უფრო სანდო საშუალებები.

 

სანდო საშუალებები რომელია?
ყოველწლიური ვაქცინაცია პრეპარატებით, რომლებსაც კონკრეტულ წელს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია იწონებს. საქმე ის არის, რომ გრიპი სხვადასხვაგვარია. სპეციალისტები თვალს ადევნებენ, თუ რომელი ტიპის გრიპები ვრცელდება მიმდინარე სეზონზე, აკვირდებიან ეპიდემიის მარშრუტებს და სხვადასხვა კონტინენტს აძლევენ შესაბამისს რეკომენდაციებს, თუ რა ვაქცინები მოამზადონ. ადამიანები, რომლებიც რისკის ჯგუფებში არიან (პატარა ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ფეხმძიმეები, მოხუცები, მედიცინის და სოციალური მუშაკები) სჯობს, ყოველ წელს აიცრან.

 

გრიპის ეპიდემია ზოგადად საშიშია?
როგორც წესი, არც თუ ისე საშიშია. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ რა ტიპის გრიპით არის ავად. მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ. ბავშვებში სახიფათო სიგნალებია გახშირებული ან პირიქით, შენელებული სუნთქვაა, წყლის სმასთან დაკავშირებული პრობლემები, ტემპერატურის მკვეთრი ზრდა და გაუმჯობესების შემდეგ ხველება. უფროსებში - სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, უჰაერობის განცდა, ტკივლები გულის ან მუცლის არეში, ღებინების მოულოდნელი შეტევები, დროის და სივრცის განცდის დარღვევა, ძლიერი ღებინება. ეს სრული სია არ არის. საერთო წესი მარტივია: თუ თქვენ რაღაც სიმპტომები გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს.

 

აცრას გართულებები არ მოჰყვება?
გართულებები შესაძლებელია. მაგრამ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო საშუალებად მიიჩნევენ.

 

აცრის გაკეთება როდის სჯობს?
აცრისთვის ყველაზე კარგი დროა სეზონური გრიპის დაწყებამდე არაუგვიანეს ორი კვირით ადრე - როგორც წესი, აფეთქებები იანვრის პირველ ნახევარში და თებერვლის მეორე ნახევარშია. სექტემბერზე ადრე აცრის გაკეთება არ ღირს, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინებთან დაკავშირებულ პროგნოზს მხოლოდ ზაფხულში აქვეყნებს, რის შემდეგაც გარკვეული დრო მათ მომზადებას და შემოწმებას სჭირდება.

 

წყარო: imedinews.ge

წაკითხვა 2010 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 04 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.