"საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევები დადასტურდა"- თენგიზ ცერცვაძე
საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევების შესახებ წერს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საქართველოში დადასტურდა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების რვა შემთხვევა, ძირითადად, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.
რვავე პაციენტი მოათავსეს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში. „ყველა გადარჩა. ექვსი მათგანი უკვე გაეწერა, ორი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას", - აღნიშნა ცერცვაძემ.
იმუნოლოგი „ფეისბუკის" პირად გვერდზე განმარტავს, რომ ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტუალური ხდება ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების გავრცელება. ცერცვაძე წერს სამკურნალო მედიკამენტის შესახებაც.
„ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება განეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს, რაც განპირობებულია ამ დაავადებით გამოწვეული მაღალი ლეტალობით: 10-40% (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია), მაღალი გადამდებლობით და ეფექტიანი სპეციფიკური სამკურნალო მედიკამენტების/ვაქცინების პრაქტიკულად არარსებობით.
განიხილება ანტივირუსული მედიკამენტის რიბავირინის გამოყენება, თუმცა მყარი მტკიცებულებები მის ეფექტიანობაზე ჯერჯერობით არ არის.
ინფექციის რეზერვუარები არიან მრავალრიცხოვანი შინაური და გარეული ცხოველები (თაგვები, ზღარბები, კურდღლები, ძროხები, ცხვრები, თხები და სხვ.), რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ.
ადამიანების 80-90% ინფიცირდება ტკიპების ნაკბენის, ასევე ინფიცირებული ცხოველის/საქონლის სისხლთან ან ქსოვილებთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად (მაგალითად ცხოველის დაკვლის დროს). ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა შესაძლებელია დაავადებული ადამიანის სისხლთან და/ან ბიოლოგიურ სითხეებთან შეხებისას (რისკი მაღალია სამედიცინო მანიპულაციების ან გვამთან შეხების დროს). შესაბამისად, რისკის ჯგუფებს მიეკუთვნება: სოფლის მეურნეობის მუშაკები, მესაქონლეები, ცხოველთა სასაკლაოს მუშაკები, ვეტერინარები, სამხედროები, მედიცინის მუშაკები, მოგზაურები (ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების ენდემიურ რეგიონებში) დასაქართველოში ინფექცია ძირითადად გხვდება სამცხე-ჯავახეთში (ახალციხის, ადიგენის, ასპინძის რაიონები) და შიდა ქართლში (კასპის, ხაშურის, გორის რაიონები), თუმცა იშვიათად ერთეული შემთხვევები გხვდება სხვა რაიონებშიც. ინფექციის შემთხვევები ძირითადად გხვდება აპრილ-მაისიდან ოქტომბრამდე - როცა ტკიპები აქტიურდებიან", - ნათქვამია კლინიცისტის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
თენგიზ ცერცვაძე მიუთითებს, რომ ცხელების სიმპტომების შესახებაც.
„მხოლოდ 2022 წელს ქვეყანაში დაფიქსირებული იყო ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 47 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 39 პაციენტი მკურნალობდა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში, ხოლო 8 პაციენტი - სხვა კლინიკებში. 2022 წელს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში ნამკურნალები პაციენტებს შორის არცერთი ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სხვა კლინიკებში მყოფი 8 პაციენტიდან გარდაიცვალა 3 პაციენტი.
შესაბამისად, 2022 წელს ქვეყანაში გამოვლენილ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით პაციენტებში ლეტალობის მაჩვენებელმა შეადგენა 6,4%-ს, რაც ამ დაავადებისთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ხოლო ბოლო 10 წლის მანძილზე ლეტალობის მაჩვენებელი საშუალოდ დაახლოებით 10-11%-ია, რაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპის ქვეყნებში.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება იწყება უეცრად და ახასიათებს შემდგომი სიმპტომები: თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, თვალების, სახის და კისრის მიდამოს სიწითლე, სისხლჩაქცევები (წითელი, ყავისფერი ან იასამნისფერი ლაქები კანზე), სისხლდენა ღრძილებიდან და შინაგანი ორგანოებიდან, გამონაყარი (პეტექიური, მაკულო-პაპულოზური) სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, სიყვითლე, სისხლში თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და სხვ. შესაძლოა იყოს ფარდობითი ბრადიკარდია.
დიაგნოზის დადასტურება ხდება ლაბორატორიული კვლევებით (PCR ტესტი, ანტისხეულები და სხვ.). მკურნალობა მოიცავს, როგორც ანტივირუსულ მკურნალობას (რიბავირინით), ისე დამხმარე და სიმპტომურ თერაპიას.
დაავადების პრევენცია გულისხმობს: ტკიპების საწინააღმდეგოდ პირადი პროფილაქტიკის დაცვას (სპეცტანსაცმელი, რეზინის ფეხსაცმელი, ხელთათმანები); ტანსაცმლის და ფეხსაცმლის დამუშავებას აკარაციდებით (ტკიპების გამანადგურებლებით); კანის რეპელენტების (მწერების, ტკიპების დამაფრთხობლების) გამოყენებას; ავადმყოფი ცხოველის იზოლაციას; საქონლის დაკვლაში მონაწილეობისას ხელთათმანების გამოყენებას და სხვ. მნიშვნელოვანია, რომ ტკიპა ადამიანის კანიდან მოცილებული უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მალე პინცეტის მეშვეობით, ისე რომ კანში არ ჩარჩეს ტკიპის პირის ნაწილები. ტკიპის მოშორების შემდეგ ნაკბენი ადგილი და ხელები საფუძვლიანად უნდა დამუშავდეს ალკოჰოლის შემცველი ხსნარით, ან საპნითა და წყლით.
დაავადების დამძიმების და შესაბამისად, არასახარბიელო გამოსავლების თავიდან ასაცილებლად უაღრესად მნიშვნელოვანია მკურნალობის დროული დაწყება, ამიტომ პაციენტმა დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული და ზუსტი დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება", - აცხადებს ცერცვაძე.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი