ამ გვერდის ამობედვა

"მუდამ ეძიეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობა და აუცილებლად მიაღწევთ მიზანს" - ირმა შამათავა

ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მეცნიერებათა დოქტორი, დართმუთის კოლეჯის ასოცირებული მეცნიერ-თანამრომელი, ტექნოლოგიური კომპანისს “White river technologes “ უფროსი გეოფიზიკოსი, ასევე ტექნოლოგიური კომპანიის (SSTECHCon) დამფუძნებელი საქართველოში, - ირმა შამათავა უკვე 21 წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

ის პროფესიით რადიო-ფიზიკოსია და შესაბამისად ამერიკაშიც იმავე მიმართულებით მუშაობს. პროფესიის პარალელურად უამრავი გატაცება აქვს, თუმცა პანდემიის პერიოდში გასაკუთრებული ნიჭი აღმოაჩინა საკუთარ თავში და გადაწყვიტა უფრო ღრმად შეესწავლა. 

 

FirstNews.ge გთავაზობთ ინტერვიუს ირმა შამათავასთან

 

- რას საქმიანობთ ამჟამად ამერიკაში და რომელ სფეროში ხართ?


- რადიო -ფიზიკოსი გახლავართ. ამერიკაში 2000 წლიდან ვმოღვაწეობ. ჩემი ძირითადი საქმიანობა მიწისქვეშა აუფეთქებელი ჭურვების აღმოჩენა და განიარაღებაა, რასაც ელექტრომაგნიტური ველების დახმარებით ვაკეთებთ. ეს პროექტები ფინანსდება თავდაცვის სამინისტროდან და ძირითადად ნიადაგისა თუ წყალქვეშეთის გასუფთავებას ემსახურება. პარალელურად ვმუშაობ ტექნოლოგიურ კომპანიაში “White river technologes”. ჩვენს მიერ შექმნილი პროგრამული პაკეტებით ხდება მიწისქვეშა აუფეთქებელი ჭურვების აღმოჩენა და გაუვნებელყოფა, აგრეთვე ვმუშაობთ წყლისქვეშა სამარინების აღმოჩენაზეც, რომელსაც ამერიკის სამხედრო სამსახური აფინანსებს. გარდა ამისა, მე და ჩემი მეუღლე (ფიზიკოსი, პროფესორი ფრიდონ შუბითიძე) ერთად ვმუშაობთ სიმსივნის მკურნალობის ახალ მეთოდებზე, რომელსაც ჰიპერთერმია ჰქვია. თბილისში ჩემს მიერ დაარსებული კომპანია  " ჩაძირული სხეულების სენსირების ტექნოლოგიები და კონსულტაციები"( (sstech) აგრეთვე მუშაობს ჩვენი მიმართულებით, რაც დაფუძნებულია ელექტრომაგნიტური ველებით სენსირებაზე, ჩაძირული სხეულების დეტექტირებასა და იდენტიფიცირებაზე, როგორიცაა აუფეთქებელი ნაღმები, მინერალები(გეოფიზიკა). საქართველოში იქმნება ახალი ტექნოლოგიური სისტემები, ხოლო მისი გამოყენება ხდება რეალურ პრაქტიკაში და ხდება იმ პროექტის ნაწილი, რასაც ამერიკა და მთელი მსოფლიო იყენებს დღეს.


- რას საქმიანობდით იქამდე, სანამ იუველირი გახდებოდით?


- სიტყვა „იუველირი“ ძალიან ხმამაღალი ნათქვამია...მე მეცნიერი გახლავართ, ვმოღვაწეობ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე 21 წელია. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და მისი ერთგული ვრჩები ბოლომდე. პარალელურად მაქვს უამრავი გატაცება. მიყვარს ბუნება, ზღვა, ცხოველები, მიყვარს ხელოვნება, ლამაზი ფერები, მაგრამ მთელი ცხოვრება გატაცებული ვარ ლამაზი სამკაულებით. ჩემთვის სამკაული მხოლოდ ძვირფასი ნივთი როდია. ის ამბავს მიყვება თითქოს.... მისი შექმნის თარიღზე, ავტორის პიროვნებაზე, მის განწყობასა თუ ტექნიკის დონეზე, ასევე სამკაული უამრავ ამბავს გვიყვება მის მფლობელზეც.....უამრავი ლამაზი სამკაულის მფლობელი გახლავართ. ერთი უცნაური თვისება მაქვს და მქონდა სულ. აუცილებლად შემქონდა პატარა ცვლილება ყველა ნივთში და ისე ვირგებდი თუნდაც ყველაზე ძვირადღირებულ ატრიბუტსაც  კი. ამას თითქოს ჩვეულებრივ ამბად აღვიქვამდი პანდემიამდე და ვერც კი ვამჩნევდი საკუთარ თავს ჩემს შინაგან მოთხოვნილებას, რაც პანდემიის პერიოდში ჩაკეტვამ თვალნათლივ დამანახა.... დიახ, პანდემიის დროს გამიჩნდა სურვილი იუველირობას დავუფლებოდი. 

 

213239165 331308925146484 6183345878718874259 n

 

- როგორი იყო თქვენთვის პანდემიის პერიოდი და როგორ აისახა ის თქვენზე (დადებითად თუ უარყოფითად?)


- თვით პანდემია არ შეიძლება ადამიანმა ნორმალურად აღიქვა. საშინელი გრძნობა გეუფლება გაურკვევლობისგან. ახლობლების დაკარგვის შიში, სტრესი, ჩაკეტვა, დაცარიელებული ქალაქები თუ მაღაზიები შემზარავი სანახავი იყო. თან ამას ერთვოდა გაურკვევლობა. ამ დეპრესიულმა ფონმა სულ რაღაც ერთი კვირა გასტანა. წავიკითხე უამრავი ინფორმაცია, ყოველი წუთი, რაღაც სიახლით იყო გაჯერებული, თუნდაც ცუდით. მივხვდი, რომ ოჯახის წევრის მომავალი განწყობა ჩემზე იყო დამოკიდებული, თან მე პერევალ გადალახულ, 90 წლიანებგამოვლილს არც არაფრის უნდ შემშინებოდა. დიახ, ერთი კვირის თავზე დავიწყე ზრუნვა სანოვაგეზე, ყოველდღიური მოხმარების ნივთებზე და უბრალოდ ინფორმაცია მოვაგროვე, თუ, რა ხდებოდა ჩემს პატარა ქალაქში. დიახ, მე ყველაფრისთვის ვიყავი მზად, რომ ჩემი ოჯახი უმტკივნეულოდ გამომეყვანა ამ ლაბირინთებიდან.....ამერიკამ ძალიან სწრაფად აუღო ალღო პანდემიურ შეზღუდვებს. თუმცა დიდი შეზღუდვა არც კი გვქონია, რადგან ყველამ კარგად ვიცოდით პირბადის, დისტანციის მნიშვნელობა. მთელი მსოფლიო ონლაინ ზუმ რეჟიმში გადავიდა და ჩვენც სწორედ ამ რეგულეციების მონაწილენი გავხდით. 


იმდენად  სტრესული იყო მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომა, ვეძებდი რაღაც სიახლეს, რაღაც ჩემთვის საინტერესოს. ეს სწორედ სამკაულების შექმნა იყო. ვერცხლისა და ოქროს პატარა ნაჭრისგან მინდოდა შემექმნა რაღაც ლამაზი, რაც გამილამაზებდა მის შექმნაზე დახარჯულ დროს, ბედნიერებას მომანიჭებდა და მერე უკვე აღარ ვიცი ვის ხელშიც აღმოჩნდებოდა.  ჩემთვის შექმნის პროცესია ძალიან მნიშვნელოვანი, შესაძლებელია არც კი ვატარო ნივთი/ ეგ უკვე არ მაფიქრებს/.... დიდი ხანი ვეძებე იუველირი ამერიკაში, მაგრამ ონლაინ კლასებზე ვერავინ დავითანხმე. ყველაზე მთავარი ისიც იყო, რომ შესაბამისი ინსტრუმენტები არ გამაჩნდა და არც კი ვიცოდი რითი დამეწყო. ონლაინ მოვიძიე უამრავი ლიტერატურა და ინსტრუნმენტები დამწყებთათვის.  ვუყურებდი youtube -ზე გაკვეთილებს... 3-4 თვე ასე ვითამაშე ჩემთვის, მოვახერხე და შევქმენი რამოდენიმე ვერცხლის სამკაული. იდეაში მივიღე ის, რაც მინდოდა, მაგრამ რაღაც აკლდა ამას ყველაფერს.... რამდენიმე ქართველ იუველირსაც მივმართე დახმარებისთვის... ზოგმა ცივი უარით გამომისტუმრა. ზოგმა უბრალოდ ვერ შეძლო. ბოლოს მაინც ვიპოვე !!! ინა ნაცვლიშვილი დავითანხმე ონლაინ გაკვეთილებზე, რაზეც გაოცებულმა მიპასუხა ვცადოთო.... ისე ვთხოვდი, რომ მგონი უბრალოდ უარი ვერ მითხრა, ან იფიქრა დაიღლება და მიატოვებსო. თან სულ იმას ვუმტკიცებდი თუ არა ეს პანდემია უბრალოდ სხვა შანსი არც არასოდეს მექნებოდა. ჰოდა მომცა ინამ ეს შანსი და უდიდესი მადლობა მას!!!! ყველაზე დიდი დრო ინსტრუმენტების შეძენა ამორჩევაში დავხარჯე... ქალბატონი ინა გაკვეთილებს ზოგჯერ პირდაპირ საწოლიდან აკვირდებოდა. ჩემთან სამი საათი იყო მასთან ღამის 12! 4 თვეში შევისწავლე ყველა ის ძირითადი საიუველირო წესი რაც სჭირდება პროფესიონალს. ეს, რა თქმა უნდა, ინას დიდი დამსახურებაცაა. სამუშაო საათის მერე 3-4 საათს ვუთმობდი ჩემთვის ძალზედ სასიამოვნო საქმეს. უბრალოდ ვერც კი ვამჩნევდი გარეთ რა ხდებოდა... არც სუსხიანი ზამთარი მადარდებდა და არც პანდემია!!! უამრავი ლამაზი ნივთი შევქმენით მე და ინამ, რაც უფრო რთულია ნაკეთობა უფრო მეტად მაბედნიერებს მისი შექმნის პროცესი.

158378765 266521841596728 951158992501959960 n

 

- რა არის თქვენი მუზა/ინსპირაცია? როდის მოდის მუზა რომ ნებისმიერი სამკაული შექმნათ?


ჩემთვის ყველაზე დიდი ინსპირაცია სუსხიანი ზამთარია. სწორედ მაშინ მიყვარს ბუხრის წინ ჩემს სახელოსნოში ფუსფუსი.. ალბათ ზამთარში ყველაზე მეტი თავისუფალი დრო მაქვს. თან ის ჩვენთან დაახლოებით 6 თვეს გრძელდება. ამ დროს გაზაფხულზე, ყვავილებზე, მწერებზე და უამრავ ტროპიკულ ცხოველებზე ვამახვილებ ჩემს გონებას....მიყვარს ხასხასა ფერები და მათი კომბინაცია დიდ სიხარულს მანიჭებს. სირთულეებიც მიყვარს და ამიტომაც არ მაშინებს მეტალის რთული კომბინაციები. არ მიყვარს ერთფეროვნება, მიყვარს და სულ მენატრება ორი უკიდურესობა ზღვა და ვენახი...

 

- თქვენთვის ძვირფასი სამკაული რომელია და რამე მნიშვნელოვან მოვლენასთან ან მოგონებასთან ხომ არ ასოცირდება?


- ჩემთვის ყველა სამკაული ძვირფასია. ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ. არ მიყვარს ვინმეს დირექტივით რამის შექმნა. როცა მინდა მაშინ ვქმნი და რასაც მინდა. ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა, რომელიც დიდ თანამდებობაზეა, მომიტანა ქვა და მთხოვა რაც გინდა ის გამიკეთე. უბრალოდ მინდა შენი ნახელავი იყოსო. ბევრი ვიფიქრე და ვერცხლის საკალმე დავუმზადე. ძალიან ეძვირფასა და დღესაც მისი სამაგიდე ატრიბუტია. ჩემს სამკაულებში მყავს ბაყაყი, ხვლიკი, ავაზა(განსაკუთრებულად მიყვარს ეს ცხოველი)ლალებისა და ბრილიანტების კომბინაციით უზარმაზარი ბეჭედი, არგონატევის ნავი, ჟირაფები ფარშევანგები.....

 

157676284 478135343233056 1151954380599427668 n


- თქვენს მიერ შექმნილ სამკაულებს ყიდით? ხომ არ ემზადებით გამოფენისთვის?


- ჩემს დამზადებულ სამკაულებს არ ვყიდი. მიკვეთავენ ძალიან ახლობლები, მეგობრები, ჩემი შვილები, მათი მეგობრები. წელს ჩვენი პროფესორი 75 წლის ხდება და უნივერსიტეტში (ჯგუფში)საიუბილეო ზეიმს უწყობენ. საჩუქრის არჩევისას მარტივად გადაწყდა: ირმამ დაამზადოს რაც გაუხარდებაო... დიდი პატივია ეს ჩემთვის. ძალიან ძვირფასია ის ადამიანი და საინტერესო პროექტი მალე იქნება მზად. ეს უფრო ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე მისი ხელმძღვანელობის ქვეშ შექმნილ ინსტრუმენტსა და ჭურვებზე იქნება ორიენტირებული... სავარაუდოდ გამოფენა კარგი იდეა იქნება. მინდა ჩემი იდეები გავაცნო დაინტერესებულ ადამიანებს. ეს ჩემთვისაც კარგი სტიმულია.

 

216386339 830322380924762 1463681448221782107 n

 

- რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც პანდემიის პერიოდში უსამსახუროდ დარჩნენ?


- ადამიანის შესაძლებლობებს არ აქვს საზღვარი. ამიტომ მუდამ ეძიეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობა და აუცილებლად მიაღწევთ მიზანს...


- გაგვაცანით თქვენი სამომავლო გეგემები.


- ჩემი ყველა გეგმა განათლებასა და მეცნიერებას ეხება, იუველირობა კი ისევ ლამაზ ჰობად დარჩება. უბრალოდ არ შემიძლია, რომ არ შევქმნა და სულ ესაა. ბედნიერი და მოხარული ვიქნები ეს ყველაფერი თუ სხვებსაც გააბედნიერებს და სიხარულის მიანიჭებს მათ.

წაკითხვა 1180 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 09 2021