თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაეტანო დონიცეტის ოპერის „სიყვარულის ნექტარი“ - პრემიერა გაიმართა
26 თებერვალს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, გაეტანო დონიცეტის ოპერა „სიყვარულის ნექტარი“-ს პრემიერა გაიმართა.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის, პაბლო მარიტანოს შთაგონების წყარო კინემატოგრაფიის ოქროს ხანაა. ჯადოსნური სამყარო კი იმ პერიოდისჰოლივუდის ფილმების გადასაღებ მოედნებისგან შეიქმნა. რეჟისორი სპექტაკლის მთავარ იდეას ასე გადმოსცემს:
„სიყვარული ეს მხატვრული ფილმია. ეს არის სცენარი, რომელიც, თავის მხრივ აღებს კარებს, რათა პატივი მიაგოს „ოქროს ხანას“ ოცნებების იმ დიდებულ ფაბრიკას, რომელსაც კინო ეწოდება“.
აღნიშნული დადგმა Auditorio de Tenerife-ს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისა და ბოლონიის Teatro Comunale-ს თანაპროდუქციას წარმოადგენს. პროექტი ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ თანადაფინანსებით ხორციელდება. ასევე პროექტს მხარს უჭერენ „შემოქმედებითი საქართველო“ და იტალიის საელჩო საქართველოში.
პროექტის მიზანია ახალგაზრდა ვოკალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით გასულ წელს იტალიაში, საქართველოსა და ესპანეთში მომღერლების მოსმენები ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მსოფლიოს 33 ქვეყნიდან, 181-მა შემსრულებელმა მიიღო. მოსმენებს პროექტის სამხატვრო საბჭოს წევრები ატარებდნენ: ალეხანდრო აბრანტე (Opera de Tenerife - ს ინტენდანტი); ჯულიო ძაპა (აკადემია Opera(e)Studio-ს ხელმძღვანელი); ხოსე ლუის რივერო (Auditorio de Tenerife-ს სამხატვრო ხელმძღვანელი); ბადრი მაისურაძე (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი); ფულვიო მაჩარდი (ბოლონიის Teatro Comunale-ს ინტენდანტი).
მოსმენების შედეგად შერჩეულმა პროექტის ათმა მონაწილემ ტენერიფეში ორთვიანი ინტენსიური კურსი, ცნობილი პედაგოგების ხელმძღვანელობით, ვოკალში, სამსახიობო ხელოვნებასა და ქორეოგრაფიაში გაიარა. პროექტის კულმინაციაა-გაეტანო დონიცეტის ოპერა ,,სიყვარულის ნექტარი“-ს ჩვენება ყველა მონაწილე ქვეყანაში - ესპანეთში, საქართველოსა და იტალიაში (4 სპექტაკლი თითოეულ ქვეყანაში).
ესპანეთსა და უკვე თბილისშიც „სიყვარულის ნექტარის“ პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
თანაპროდუქციის მნიშვნელობასა და მის მიზანზე, „ჯორჯიან თაიმსს“ პროექტის ხელმძღვანელი საქართველოში, - რუსუდან მაცაბერიძე ესაუბრა:
„ტენერიფეს, თბილისისა და ბოლონიის საოპერო თეატრების ერთობლივ პროექტში სამმა თეატრმა მიიღო მონაწილეობა. როგორც უკვე იცით, ეს ორ წლიანი პროექტია და მისი მთავარი მიზანია ახალგაზრდა, პერსპექტიული ვოკალისტების ხელშეწყობა კარიერის განვითარების კუთხით, ასევე - ახალგაზრდა მაყურებლების დაიტერესება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თეატრების გარეთ, ალტერნატიულ სივრცეებში შეხვედრები იმართება. ახალგაზრდებისთვის, ამ მიმართულებით ღია კარის დღე, მასტერკლასები და სხვადასხვა ღონისძიებები გქონდა.
პროექტი ტენერიფეში დაიწყო, ამჟამად თბილისშია და შემდეგ ბოლონიაში მიმეგზავრება“.
„სიყვარულის ნექტარი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 27, 29 თებერვალსა და 1 მარტს იქნება ნაჩვენები.
სპექტაკლის დირიჟორები არიან - კახი სოლომნიშვილი და ლევან ჯაგაევი, სცენოგრაფი - სერენა როკო, კოსტიუმების მხატვარი - ლორენა მარინი,განათების მხატვარი - ვირჯინიო ლევრიო.
ავტორი: ნინო ოთარაშვილი
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი