"ჩვენ არავის ვახსოვართ"- დევნილების ხმა სენაკიდან
ქალაქ სენაკში, სამხედრო ქალაქში, ე.წ. გარადოკში, დევნილთა დასახლებაში 3 000-მდე დევნილი ცხოვრობს, 740 ოჯახი.
ამ სამი თვის განმავლობაში, პანდემიის პერიოდში, არავის გახსენებია ეს ადამიანები. როგორც მაცხოვრებლები აცხადებენ, მათ არც სასურსათო და არც ფინანსური დახმარება არ მიუღიათ. ირგვლივ კი ძალიან ბევრი გაჭირვებული ოჯახია, რომელთაც შვილების გამოკვებაც კი უჭირთ, უსახსრობის გამო.
FirstNews.ge დევნილთა დასახლებას ესტუმრა და მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.
მარინა სოხუმიდან
"არც მთავრობას, არც დევნილთა სამინისტროს,თუ არსებობს საერთოდ, არც სენაკის გამგეობას, არც მაჟორიტარ დეპუტატს, - არავის ვახსოვართ. ერთი ადამიანიც კი არ მოსულა და არ უკითხავს, ან როგორ ვართ, როგორ ვარსებობთ, რა გვიჭირს ან რა გვილხინს.
ტელევიზორს რომ ვუყურებთ, ყველა ქალაქში რაღაც დახმარებას არიგებენ, მიდიან ხალხთან, მაინც დიდი იმედია. ჩვენ კი არავინ არაფრად არ გვაგდებს."
ციალა ოჩამჩირედან
"ჩვენ, დევნილები, მხოლოდ არჩევნების დროს ვახსენდებით. მაშინ დადიან ხმების სამათხოვროდ. ისე, არც პოზიციას და არც ოპოზიციას არ ვახსოვვართ. ამ სამი თვის განმავლობაში ერთადერთხელ მოიტანეს ძალიან მწირი სურსათი და ისიც მხოლოდ 70 წელს ზემოთ პენსიონრებისთვის. მე 69 წლის პენსიონერი ვარ და არ გეკუთვნისო, - ასე მითხრეს. სადაა ან მთავრობა ან დევნილთა სამინისტრო, ან სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ან აფხაზეთის მთავრობა ან არასამთავრობო. ჩვენთან არავინ არ გამოჩენილა. ტელევიზიით ვიგებთ, რომ ყველა ქალაქში არის რაღაც დახმარებები."
სვეტლანა სოხუმიდან
"ჩვენს დასახლებაში ძალიან ბევრი ბავშვია. ამ პანდემიის დროს არავინ არ მოსულა და არ უკითხავთ ამ ბავშვების ბედი. აქ მოსახლეობას ძალიან უჭირს. არაა სამსახურები. ბავშვებს უამრავი მოთხოვნილება აქვთ, რა ქნან მშობლებმა, ნორმალურად შვილების გამოკვებას ვერ ახერხებენ, ყველას ბანკის ან სურსათის მაღაზიის ვალი აქვს. არც არავის აინტერესებს აქ მცხოვრები დევნილების ბედი. თითქოს მთავრობა დაგვეხმარა ამ პანდემიის დროს შუქისა და გაზის გადასახადით. ჩვენთან გაზი კი შემოიყვანეს შემოდგომაზე, მაგრამ ძალიან ბევრმა ოჯახმა, სამწუხაროდ, უსახსრობის გამო ვერ შეძლო გაზის შეძენა და დამონტაჟება.
ეს ფინანსური დახმარება, რაც სახელწიფომ გამოყო, ჩვენ, შეჭირვებულმა ოჯახებმა, მაინც ვერ ვისარგებლეთ. ვისაც გვაქვს ადრინდელი ერთკამფორიანი გაზის ბალონები, იმასაც ვალით ვტუმბავდით. ხომ შეიძლებოდა ასეთი ოჯახებისთვის თანხა ჩაერიცხათ და გამოგვეყენებინა. ფაქტობრივად გაჭირვებული ადამიანებისთვის მაინც არაფერი არ კეთდება. იქნებ დაინტერესდეს ჩვენი პრემიერი და ერთხელ მაინც ეწვიოს სენაკის სამხედრო დასახლებას, სადაც ჩვენს პრობლემებზე გავესაუბრებით".
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"