ამ გვერდის ამობედვა

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმების გაზრდა იგეგმება

ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმების გაზრდა იგეგმება. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, შესაბამისი ცლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.

 

ამასთან, როგორც მაია ბითაძე ამბობს, საკანონმდებლო პაკეტი უსაფრთხო მგზავრობისა და ჰაერის დაბინძურების პრევენციის კუთხით არის მნიშვნელოვანი.

 

„საკანონმდებლო პაკეტი მომზადდა პარლამენტში დეპუტატების ჩართულობით და შსს-თან ერთობლივი მუშაობის შედეგად. მათ შორის ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებიც იყვნენ ჩართული. ვფიქრობთ, ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რათა მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანისა და ჰაერის დაბინძურების პრევენციის კუთხით კანონმდებლობა გავამკაცროთ.

 

მოგეხსენებათ, დღესდღეობით ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობისთვის სუბიექტი ჯარიმდება მხოლოდ 50 ლარის ოდენობით და მოქმედი კანონმდებლობით, განმეორებითობა არ არსებობს, რაც ხშირად იწვევს იმას, რომ სუბიექტებს ურჩევნიათ გადაიხადონ 50-ლარიანი ჯარიმა და აღარ გაატარონ ავტომობილის ტექდათვალიერება, რადგან შეიძლება, ტექდათვალიერებამ მეტი დანახარჯი გამოიწვიოს მათთვის. ეს ძალიან ცუდად აისახება თვითონ ტექინსპექტირების სისტემაზე, რომელიც ახალი შექმნილია და გარკვეული ზიანის მომტანია თვითონ ინსტიტუტის ფუნქციონირებისთვის, რომ არაფერი ვთქვათ ჰაერის დაბინძურებაზე.

 

წარმოდგენილი კანონპროექტით პირველადი ჯარიმა 50 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი და იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი ჯარიმის გამოწერიდან 30 დღის განმავლობაში კვლავ დაჯარიმდება აღნიშნული სამართალდარღვევის ხელახალი ჩადენისთვის, გასამმაგდება ჯარიმა. სამი დაჯარიმების ყოველი შემდგომი დაჯარიმება იქნება განსაზღვრული 500 ლარის ოდენობით და მეტი. ბუნებრივია, განსხვავდება ფიზიკური და იურიდიული პირების ჯარიმათა ოდენობები.

 

ეს არის ერთ-ერთი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ჰაერის დაბინძურების პრევენციის კუთხით იქნა შემუშავებული. მთავრობის მხრიდან ველოდებით, რომ ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლის კუთხითაც გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება და პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება შეტანილი. კანონპროექტი ს თანახმად, ჯარიმა მიდის ბიუჯეტში. 500 ლარი არის ბოლო ზღვარი და თუ პირი მუდმივად არ გაივლის ტექდათვალიერებას, მუდმივად დაჯარიმდება 500 ლარით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

წაკითხვა 160 ჯერ

სიახლეები