თბილისის ავანტიურული არქიტექტურა, სადაც რესტავრაციისას შენობათა ძველ სახეს ყურადღებით არ იცავენ – «Frankfurter Neue Presse»
"საქართველოს დედაქალაქმა თანამედროვე სახით გაშენება-აღორძინება მხოლოდ 200 წლის წინ დაიწყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, თბილისი მრავალი არქიტექტურული სტილის მქონე ქალაქს წარმოადგენს, სადაც ევროპული და აზიურიც „ერთად იხარშება“.
თუმცა ერთი რამ აქედანვე უნდა ვთქვათ: დედაქალაქის რეკონსტრუქციის დროს ქართველები შენობათა ძველ სახეს ყურადღებით არ იცავენ"-ასე იწყება გერმანული გამოცემის, «Frankfurter Neue Presse»-ს მიერ ქტრისტიან ჰუტერის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია.
ლეგენდის თანახმად, თბილისი 1600 წლის წინათ დაარსებულა. ამ დროის მანძილზე მტრებს ქალაქი 20-ჯერ მაინც დაუნგრევიათ. სულ ბოლოს, 1795 წელს, როცა საქართველოს სპარსელები შემოესივნენ, აღა-მაჰმად ხანმა თბილისი გადაწვა და ნაცრად აქცია. ასე რომ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქალაქში დღეს 200 წელზე მეტის ხნის კერძო სახლი აღარ არსებობს. ძალიან ცოტაა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა, ასევე შემორჩენილია მე-5 საუკუნის ციხე-სიმაგრის ნანგრევები. მაგრამ უკვე 1801 წელს, ქალაქის ბოლო დანგრევიდან 6 წლის შემდეგ, ქართველებმა დახმარებისთვის თავიანთ ჩრდილოელ ქრისტიან მეზობლებს - რუსებს მიმართეს, რომლებსაც დიდი ხვეწნა არ დასჭირვებიათ.
დღეს საქართველო, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვევასთან დაკავშირებით, კულტურის სამყაროს წარმომადგენელთა ყურადღების ცენტრშია. ამიტომ სწორედ საქართველოს დედაქალაქს ეძღვნება გამოფენა „ჰიბრიდული თბილისი“, რომელიც ფრანკფურტის ხელოვნების მუზეუმშია გახსნილი. აქცენტი იმიტომაა გაკეთებული თბილისზე, რომ ქვეყნის მოსახლეობის (3,7 მილიონი) მნიშვნელოვანი ნაწილი - 1,2 მილიონი ადამიანი თბილისში ცხოვრობს.
საერთოდ, ყოველი ქვეყნის დედაქალაქის არქიტექტურაში ხელისუფლების საქმიანობის დემონსტრირებაც არის წარმოსახული, რომელიც მისი საქმიანობის პოზიტიურ მნიშვნელობაზე მიანიშნებს. თბილისშიც ასეა - აქ ვხედავთ სტალინური კლასიციზმისა და გვიანდელი საბჭოთა მოდერნისტული სტილით აგებულ შენობებს, უკვე ნგრევის პირას მყოფ ძველ დარბაზებს და შედარებით ახალ მუზეუმებს, ევროპული არქიტექტურული სტილის მქონე ადმინისტრაციულ ნაგებობებს. თბილისში მოდერნისტული სტილით აგებული თითქმის 300-მდე შენობაა შემონახული.
ჩვენი ყურადღების ცენტრში მაინც ბოლო 100 წლის მანძილზე აგებული შენობებია - ქვეყნის საბჭოთა პერიოდიდან დაწყებული. მათი გამოსახულება ფოტოებზე კარგად არის შემორჩენილი - როგორც შავ-თეთრზე, ასევე ფერადზეც. ასე, მაგალითად - 1930-40-იან წლების ფოტოსურათებზე ასახულია სტალინური ეპოქის შენობები, რომლებიც შეიძლება მოდერნისტულად ჩაითვალოს, დასავლეთთან კონკურენციის გათვალისწინებით. 1930-იან წლებში თბილისის განაშენიანების პროექტს უშუალოდ ლავრენტი ბერია აკონტროლებდა, რომელიც მოგვიანებით საბჭოთა საიდუმლო პოლიციის ხელმძღვანელი გახდა. მას, როგორც პროფესიით მშენებელ არქიტექტორს, სურდა თავისი ოცნება განეხორციელებინა - თბილისი იტალიური სტილის მქონე ქალაქად გადექცია. სხვათა შორის, იოსებ სტალინი და ლავრენტი ბერია თანამემამულენი იყვნენ.
უფრო საინტერესოა გვიანდელი საბჭოთა პერიოდის შენობებიც - 1960-იან და 80-იან წლებში აგებული. ყველაზე ცნობილია საგზაო მშენებლობის ყოფილი სამინისტროს შენობა, რომელიც საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე: ბორცვზე ჩასმულ ხიმინჯებზე მდგარი კორპუსი თითქოსდა ჰაერში მიფრინავს. სხვათა შორის, თავის დროზე, 1975 წელს, ამ პროექტმა დასავლეთში საკმაო აჟიოტაჟი გამოიწვია.
საბჭოთა კავშირის დაშლის წინ და მის შემდეგ თბილისში მშენებლობა ქაოტურად მიმდინარეობდა - ყველა იმას აშენებდა, რაც სურდა და როგორიც უნდოდა. ასეთი იყო, მაგალითად, პანელის კორპუსებში „კამიკაძე-ლოჯიების“ მოწყობა, ანუ ბალკონ-აივნების საძილე ოთახად გადაქცევა (ბინის მეტი ფართობის მიზნით). ასეთ სარისკო მშენებლობას იმ დროს არავინ კრძალავდა და ამიტომ თითქმის ყველა აკეთებდა.
ბოლო ოცწლეულში ქალაქი მნიშვნელოვნად შეიცვალა და გაფართოვდა. დღეს თბილისში საკმაოდ ბევრი ძველი შენობაა აღდგენილი, თუმცა საკმაოდ ავანტიურულად. მშენებლობაც ხშირად ასევე ავანტიურულად წარმოებს - ძველ შენობებს შორის სოკოებივით იზრდება ახალი, ჩინური პაგოდის მსგავსი მრავალსართულიანი თანამედროვე კორპუსები. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოში გერმანელი არქიტექტორები იყვნენ მიწვეულნი, მათ შორის ბერლინის Graft-ს ბიუროდან, რომლებმაც ძველი საბჭოური სასტუმრო თანამედროვედ გადააკეთეს.
ბერლინელმა არქიტექტორმა იურგენ მეიერმა საქართველოში 7 წლის განმავლობაში 13 მსხვილი პროექტი განახორციელა - აეროპორტებიდან და პოლიციის შენობებიდან დაწყებული, გზებზე დასვენების, ვაჭრობის და კვების ობიექტებით დამთავრებული. ასეთი მიდგომა პოზიტიურია: შენობები ემსახურება როგორც ტურისტებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასაც.
წყარო: newspress.ge
სიახლეები
- "რუსეთს თუ არ გააჩერებენ უკრაინაში, ვლადიმერ პუტინი თავს დაესხმება ბალტიის ქვეყნებს ან საქართველოს" - სალომე ზურაბიშვილი
- "2012 წელს ბიუჯეტი 8,5 მილიარდი ლარი იყო, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება" - პრემიერი
- უმძიმესი დანაშაული გორში - შვილმა მამა მოკლა, ცხედარი კი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- ქუთაისის დრამატულ თეატრში 162-ე თეატრალური სეზონი პრემიერით გაიხსნა