ამ გვერდის ამობედვა

"სარდაფში შეყუჟულს, მეშინოდა, საუბარი არ შემეძლო..." - რას წერს ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და აფხაზეთიდან დევნილობის პერიოდს იხსენებს:

 

"თარიღებით დეტალებს ვერ ვიხსენებ, მაგრამ მახსოვს, ადრეული შემოდგომა იყო წალენჯიხაში მხედრიონი რომ დაბანაკდა. სანამ ბლოკ-პოსტებს გაშლიდნენ პირწმინდად გაძარცვეს, გააუპატიურეს, დაამცირეს სამეგრელო. კოლონებად გაედინებოდა სამეგრელოდან წლობით ნაშენები კეთილდღეობა.

იმ პერიოდში, აფხაზეთიდან გამოდევნილნი დედულეთს ვაფარებდით თავს. ბებია გალიდან იყო. ოთხი და-ძმა შვილებ-შვილიშვილებით, რძლებ-სიძეებით და მათი ნათესავებით სახლში შეიფარა. ასე მოვგროვდით ორმოცდახუთნი. თავიდან გვეგონა რამდენიმე დღით ვიყავით სახლებიდან აყრილი, მოგვიანებით აღმოჩნდა, ბებია-ბაბუას სახლი მთელი 2 წლით იქცა დევნილთა თავშესაფრად. სანამ საბოლოოდ არ დავკარგეთ იმედი მშობლიურ სახლ-კარში დაბრუნების და ახალი საცხოვრებელი არ გავიჩინეთ.

ბებია-ბაბუის სახლი სოფლის ცენტრში მდებარეობს, შესაბამისად, მხედრიონის ბლოკ-პოსტი პირდაპირ ჭიშკართან იყო გაშლილი. არ მოგეჩვენათ, ბლოკ-პოსტი შემთხვევით არ ვიხმარე. სწორედ ასე, მტრის ტერიტორიასაცით დაიპყრეს წალენჯიხაც და დასცეს საკონტროლო პუნქტები.

მხედრიონის პერიოდი განსაკუთრებით საშიში ახალგაზრდა ქალებისთვის იყო, რადგან სიკვდილზე უარესი შეურაცყოფის მსხვერპლი შეიძლება აღმოჩენილიყავი. ლამის ორი თვე, ისე ვიცხოვრეთ მათ ცხვირწინ, არ იცოდნენ ოჯახში ახალგაზრდა ქალები თუ იმყოფებოდნენ. ბებია-ბაბუას სახლი სამალავად გადაიქცა. საუკეთესო სამალავი ბაბუას მარანი იყო. მარნის ფანჯრებთან შეგნებულად ჰქონდა ბაბუას ქატოს მთა აღმართული რომ შიგნით ძვირფასეულობის საძებრად არავის გასჩენოდა შესვლის სურვილი. სინამდვილეში იმ ქატოში იყო ჩამარხული თუ კი ვინმეს რაიმე ძვირფასი გააჩნდა სახლში. ერთი ხელი ტანსაცმლის ამარა გამოქცეული ადამიანებისთვის ასეთი "ძვირფასეულობა" უმეტესად ზამთრის თბილი ტანსაცმელი ან სახლიდან შემთხვევით წამოყოლილი რაიმე სამახსოვრო ნივთი იყო. ეს მარანი იყო ხშირად ქალების სამალავიც. პერიოდულად, დაუპატიჟებელი ყაჩაღები მოადგებოდნენ ხოლმე ბებოს სადილზე. ავტომატებს იქვე სკამებზე იყუდებნენ, რათა მასპინძელს სადილთან ერთად შიში და მორჩილებაც არ დავიწყნოდა. ასეთი სადილები განსაკუთრებით საშიში იყო ჩვენთვის, რადგან შეზარხოშებულებს თვალში რომ მოსვლოდი სამუდამოდ ცხოვრების დამახინჯება არ აგცდებოდა. ასეთ დროს ყველაზე უსაფრთხო სამალავი ბაბუას, ქატოს მთებით თვალთმაქცურად საკუჭნაოდ გადაკეთებული მარანი იყო.

ერთი სუსხიანი საღამო იყო. მარანში, სიბნელეში ვიმალებოდით სანამ მხედრიონელი ყაჩაღები ბებიას გემრიელ სადილს შეექცეოდნენ. ბავშვებს რომ უკუნი სიბნელის არ შეშინებოდათ სიმბოლურად, ოდნავ მბჟუტავი სანთელი ენთო. ქატოს მთები მარნის დაბალ ფანჯრებს საიმედოდ ახშობდა სინათლის გაჟონვისგან.

შემოსევის დღეს, მხედრიონმა, სახლთან ახლოს მთის ძირი ააფეთქა, ზვიადისტების სამალავის განადგურების მოტივით. ყოველთვის როცა მეშინოდა, დახუჭული თვალების ქუთუთოებზე ეკრანივით ვხედავდი აალებულ მთის ძირს...

იმ ღამესაც, სარდაფში შეყუჟულს, მეშინოდა. საუბარი არ შემეძლო. ქატოს მთები ხმებისგან ვერ იცავდა და შემთხვევით საპირფარეშოსკენ გამოხეტიალებულ ყაჩაღს შეიძლებოდა ხმით მოეგნო.

ჩემს ყურადღებას ერთადერთი ნათელი წერტილი, სანთლის მქრალად მბჟუტავი ალი იპყრობდა. გონებაში ვითვლიდი ფართობს რაც სიბნელეს ეკავა მარანში და ვადარებდი სინათლის უმცირეს წერტილს. მიკვირდა, რა ძალა ჰქონდა პაწაწინა სინათლეს ასეთი, რომ ამხელა სიბნელეში უმცირესი ნათელი წერიტილი მეიმედებოდა. სიბნელესთან, ზომით შეუდარებლად მცირე ნათელ წერტილს მთლიანად გადაჰქონდა ჩემი ყურადღება და ასე მავიწყებდა შიშს.

მას მერე სინათლის მცირედი წერტილი თილისმასავით მეიმედება ყოველთვის როცა განსაკუთრებით მიჭირს. სწორედ ნათელს აქვს ეს უხილავი ძალა მასზე ათასჯერ აღმატებულ ბნელს სძლიოს.

მას მერე, ყოველთვის ვცდილობ ვიპოვო თუნდაც უმნიშვნელო იმედის წერტილი და მას გავყვე საშიშ და რთულ ბილიკებზე სიარულისას.

ეს ისტორია ამასწინათ ზურას მოვუყევი, მხედრიონის ლაშქრობის დეტალებს ვიხსენებდით.

ნიჭიერმა მეგობარმა წარმოსახვითი თილისმა ლექსად მისაჩუქრა დაბადების დღეზე.

-----------------------------------------------------------------უკუნ წყვდიადში ირხევა ალი,

სანთელს შეჰყურებს პატარა ქალი;

მელნისფერ ფუნჯით სიბნელე ცელქობს,

კედლებზე ცეკვავს ჭინკა თუ ალი,

პატარა გული თრთის და ცახცახებს,

შიში შემოდის უჩუმრად, მქრქალი,

წვალობს და იბრძვის შემკრთალი ალი,

წყვდიადი მძლავრობს, უგონოდ მთვრალი..

ნაპერწკლად კრთება ლოდებზე ნალი,

ცეცხლისფერ რაშის მხედარის ხმალი;

კედლიდან ქრება ჭინკა და ალი,

ჯიუტობს, ურჩობს ეული ალი,

თვალს არ აცილებს პატარა ქალი...

Zurab Guruli

14 ოქტომბერი, 2021", - წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 585 ჯერ

სიახლეები