ამ გვერდის ამობედვა

"ასეთი გამალებული დავა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით აზრს მოკლებულია"

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილი, სოციალურ ქსელში, აგვისტოს ომის თარიღთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებულ განსხვავებულ მოსაზრებას ეხმაურება:

"რადგან 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების ოფიციალურ თარიღად დღევანდელი დღე - 8 აგვისტოა აღიარებული, და ეს ასეა დაფიქსირებული მრავალ დოკუმენტში, მათ შორის, ეუთოსა და ევროკავშირის ერთობლივი დასკვნის ე.წ ჰეიდი ტალიავინის ანგარიშში, ვთვლი, რომ დღეს უნდა გავიხსენოთ ომში დაღუპულები, შევახსენოთ რუსეთს , რომ ის აგრესორი და ოკუპანტია, შევახსენოთ მთავრობას და მოსახლეობას, რომ ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ამ დღის შემდგომ განვითარებული შედეგები აღმოვფხვრათ, გავამთლიანოთ ქვეყანა და დავიბრუნოთ მშვიდობა, აღვიდგინოთ ღირსება, როგორც ერმა. 

 

მგონია, რომ იმაზე კამათი, 7-ში დაიწყო ომი, თუ 8 აგვისტოს, ყოველ შემთხვევაში არააკადემიურ წრეებში და არა იმ ხალხს შორის, ვინც სერიოზულად არ დოკუმენტურად სწავლობს ამ საკითხს, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრეცედენტების გათვალისწინებით, არაფრის მომცემია, გარდა საზოგადოებაში კონფლიქტისა და ერთმანეთის მიმართ უნდობლობის გაღვივებისა. ორივე შესაძლო შემთხვევაში საქართველოს რუსეთთან ომი არ დაუწყია. პირველ შემთხვევაში, თუ ომი 7-ში დაიწყო რუსეთის შემოჭრით, რაზეც შესაძლოა საკმარისი სანდო მტკიცებულებები ვერ მოიძებნოს, რუსეთი, რა თქმა უნდა აგრესორია და ომის პროვოცირებაში დამნაშავე. მაგრამ, თუ ომი 8-დაიწყო, ანუ რუსეთი სამხედრო ძალა 8-ში შემოიჭრა, განა ამ შემთხვევაშიც იგივე არ ხდება? არანაირი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და მის შედეგად ეუთოს მშვიდობისმყოფელთა მანდატი რუსებს არ აძლევდა გარედან ინტერვენციის უფლებას ქართველებსა და ოსებს შორის კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში. მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატით შეეძლოთ მათ ამის გაკეთება, ანუ, თუ უშიშროების საბჭო მიიღებდა ასეთ რეზოლუციას. თუმცა საქართველომ დაარღვია თუ არა საერთაშორისო სამართალი როდესაც შეიყვანა სამხედრო ძალები ცხინვალში 8 აგვისტოს (რაზეც ტალაივინის დასკვნა დადებითად პასუხობს) ეს საკითხი აგვისტოს ომთან და რუსეთის მიერ ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვასთან უშუალო კავშირში არ არის, რადგან რუსეთის სამხედრო პასუხი ამაზე არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად. მაგალითად, სამართლებრივად დაახლოებით იგივე სიტუაციაში აღმოჩნდებოდა რუსეთი 2020 წელს ყარაბაღში დაწყებული ესკალაციის დროს აზერბაიჯანში რომ ჯარები შეეყვანა, რადგან ის კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო ფორმატის (მინსკის ჯგუფი) თანათავმჯდომარე იყო (არ აქვს მნიშვნელობამ რომ ყარაბაღში მას სამშვიდობო მანდატი არ გააჩნდა). ისევ ტალიავინის დასკვნას, რომ დავუბრუნდეთ, რუსეთის ჯარების საქართველოში შემოჭრის ერთადერთი სამართლებრივი საფუძველი შეიძლება ყოფილიყო ჩვენი მხრიდან რუს სამშვიდობოებზე სამხედრო იერიშის მიტანა, რასაც თითქოსდა მოყვა მსხვერპლი რუს სამშვიდობოებში. ცნობილია, რომ რუსეთმა ეს პრეტექსტი გამოიყენა შემოჭრის იურიდიულად გასამართლებლად (მორალური გამართლებისთვის ოსების გენოციდი მოიგონა), მაგრამ ამის მტკიცებულებები მას (რუსეთს) არ წარუდგენია ეუთო-ევროკავშირის ფაქტების დამდგენი მისიისთვის. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის შემოჭრა არ იყო ლეგიტიმური და ეს ნიშნავს იმას, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. 

 

ვთქვათ და მართლაც ჰქონდა ადგილი რუსი სამშვიდობოების დაღუპვას ქართული შენაერთების მიერ მათზე მიტანილი იერიშის შედეგად. ამ შემთხვევაშიც კი რუს სამხედროებს, მხოლოდ შეზღუდული ინტერვენციის უფლება ჰქონდათ, მხოლოდ მათივე სამშვიდობო კონტინგენტის დაცვის ამოცანით. მათ კი უკვე 8 აგვისტოს დაიწყეს კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარე საქართველოს ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის (აეროპორტები, სამხედრო ბაზები, ხიდები) განადგურება ავიაიერიშებით (გორში და მის გარშემო, ასევე დასავლეთ საქართველოში და თბილისის გარშემო), რასაც მოყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ასე, რომ ისინი ამ შემთხვევაშიც კი მყისიერად გასცდნენ საერთაშორისო სამართლის მიერ მინიჭებულ ლეგიტიმური თავდაცვის უფლებას და რეალურად ომი დაიწყეს საქართველოსთან. 

 

საბოლოო ჯამში, მინდა იმის თქმა რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ. არასათანადოდ გამოძიებული ფაქტების უქონლობის გამო კი ქართული საზოგადოება ორად იხლიჩება იმის მტკიცებაში ომი 7 აგვისტოს დაიწყო, თუ 8 აგვისტოს. რაზე ვდავობთ? თუ ომი 8 აგვისტოს დაიწყო (ანუ თუ რუსეთი მხოლოდ 8-ში შემოიჭრა), მაშინ საქართველოს ჯარებს 7-ში გვიან საღამოს დაურღვევიათ სამხრეთ ოსეთის მხარესთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება? მაგრამ სამხრეთ ოსეთის გასამხედროებული ფორმირებები, ხომ ქართულ სოფლებს ბომბავდნენ პირველი აგვისტოდან მოყოლებული და მათ ხომ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობამ, რომ შეეწყვიტათ პროვოკაციები და განეახლებინათ მოლაპარაკებები. ამიტომ ესკალაცია უკვე დაწყებული იყო და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება - უკვე ბათილი. თბილისის სამხედრო იერიში ცხინვალზე შეიძლება მხოლოდ ქვეყნის შიდა კონფლიქტის სამართლებრივ სივრცეში განვიხილოთ. არავითარი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმის დარღვევას ადგილი არც ჰქონია. ტალიავინის ანგარიში ამბობს, რომ საქართველომ დაარღვია საერთაშორისო სამართალიო, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი რუსეთს არ ჰქონდა საქართველოში შემოჭრის უფლება და ეს დარღვევა განუზომლად დიდია, ვიდრე "მძინარე ცხინვალზე" იერიშის მიტანა შიდა კონფლიქტის ესკალაციის პირობებში. 

 

ასეთი გამალებული დავა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით აზრს მოკლებულია და მხოლოდ პარტიული დაპირისპირების ჭრილში გადაჰყავს ეს მთლიანად ერისთვის უმნიშვნელოვანესი ტრაგიკული მოვლენა. ვფიქრობ, დროა ყველა შევთანხმდეთ ერთ თარიღზე და იქნება ეს 7 თუ 8 პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ომი რუსეთმა დაგვიწყო და რომ ის დღემდე ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ახორციელებს. ალბათ ჯობს ჩვენი  ერთიანი ძალისხმევა ამ პრობლემის გადაწყვეტას მოვახმაროთ, ვიდრე არარსებული პრობლემის გამო ერთმანეთთან კინკლაობას და ქვეყნის ღალატში ურთიერთ დადანაშაულებას,"- წერს კახა გოგოლაშვილი. 

წაკითხვა 322 ჯერ