ამ გვერდის ამობედვა

"ბაჩიაშვილის „ქეისი“ არის კლასიკური ნიმუში, როგორ მოქმედებს მაფიოზური სახელმწიფო" - მიხეილ სააკაშვილი

ბაჩიაშვილის „ქეისი“ არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ მოქმედებს მაფიოზური სახელმწიფო. ბაჩიაშვილი ვერ დაარწმუნეს, სანამ მის საქმესთან დაკავშირებული ციხის უფროსის მოადგილე არ მოკლეს გარაჟში - ეს იყო ბოლო ზარი და მიხვდა, რომ სიცოცხლე ჰქონდა გადასარჩენი და ივანიშვილის დაბადების დღისთვის გააფორმა კაპიტულაცია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, ბაჩიაშვილმა „ყოფილ პატრონს 600 მილიონი დოლარი საჩუქრად მიჰგვარა, რის შემდეგაც სრულიად დამცინავი ფსევდო-იურიდიული პოზიციით გაუშვეს“.

„ბაჩიაშვილის „ქეისი“ არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ მოქმედებს მაფიოზური სახელმწიფო. ბაჩიაშვილი ვერ დაარწმუნეს ვერც დაჭერით, ვერც მშობლების დევნით, ვერც ცემით. სანამ მის საქმესთან დაკავშირებული ციხის უფროსის მოადგილე არ მოკლეს გარაჟში. სწორედ ეს იყო ბოლო ზარი და მიხვდა, რომ სიცოცხლე ჰქონდა გადასარჩენი და ივანიშვილის დაბადების დღისთვის გააფორმა კაპიტულაცია.

მიჰგვარა ყოფილ პატრონს 600 მილიონი დოლარი საჩუქრად, რის შემდეგაც სრულიად დამცინავი ფსევდო-იურიდიული პოზიციით გაუშვეს. აქაოდა სამოქალაქო გარიგება მოხდაო, რითაც ჩვენც გვეუბნებიან - გაუფორმეთ საქართველო ივანიშვილის ოჯახს ასე 300 წლით და სადაც გინდათ იქ წადით. ბაჩიაშვილის ამბავში ერთადერთ პოზიტივს ვხედავ, რომ მის უდანაშაულო მშობლებს თავს დაანებებენ.

მე კი მინდა ვკითხო ოპოზიციურ მედიას - როგორ მოხდა, რომ ჯერ კიდევ დაჭერამდე, აქაოდა ფული აქვსო, სრული არარაობა ბაჩიაშვილი, რომელიც ეთერებში „სისხლიან 9 წელს“ ხშირ-ხშირად ახსენებდა, ლამის ნელსონ მანდელას და მერაბ კოსტავას ნაზავად გამოაცხადეთ და ამით ნამდვილ მებრძოლებს და საზოგადოებას დასცინეთ (არ ვამბობ, რომ ემპათიას არ იმსახურებდა, მას შემდეგ რაც აწამეს)?

მე მგონი, ეს კარგი გაკვეთილია ყველასთვის. საერთოდ კი ბაჩიაშვილის საქმეზე, კრიმინალმა კიდევ ერთხელ დაამარცხა ქართული საზოგადოება“,- წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა პენიტენციური დაწესებულება 18 თებერვალს დატოვა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბაჩიაშვილმა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაული აღიარა, აანაზღაურა ზიანი და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის მაისში დააკავა. ბაჩიაშვილი მსჯავრდებული იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ბაჩიაშვილი მსჯავრდებული იყო კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

წაკითხვა 48 ჯერ