ამ გვერდის ამობედვა

„ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო” - რას ჰყვება სერგო გოგისვანიძე საფრანგეთში ჩატარებულ მასტერკლასზე?

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა სპორტული ორთაბრძოლის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა, სპორტის ეს სახეობა ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ათლეტისგან ფიზიკურ სიძლიერეს და ხასითის სიმტკიცეს მოითხოვს.

 

ამ სტილის ჭიდაობაში საქართველოს მრავალი ოლიმპიური, მსოფლიო და საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის ყველაზე გამორჩეულია სერგო გოგისვანიძე, რომელსაც სხვა სპორტსმენებიდან ილეთი გდების შესრულების მის მიერ შემუშავებული განსხვავებული და დახვეწილი ტექნიკა გამოარჩევს, რომელიც ბერძნულ რომაული ჭიდაობის სამყაროში მისი სავიზიტო ბარათია.


ახალგაზრდა სპორტსმენს - სერგო გოგისვანიძეს სპორტის ამ სახეობის მიმართ სიყვარული ბავშვობიდანვე გაუჩნდა, დღემდე კი წარმატებით ასპარეზობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართულ - უნგრეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, სომხეთის, თურქეთის, ყაზახეთის და სხვა საერთაშორისო ტურნირებზე, სადაც მრავალჯერ მოიპოვა გამარჯვება და  საქართველოს დროშა ააფრიალა.


ამჟამად სერგო გერმანიაში იმყოფება, მონაწილეობას იღებს 2019 წლის გერმანიის ლიგის საკლუბო ჩემპიონატში, კლუბი SV Gresgen 1925 e.V ის სახელით, რომელიც პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი კლუბია, წარმატებული სპორტსმენებით დაკომპლექტებული, სადაც საპატიო ადგილი უჭირავს ქართველ ფალავანს, რომელიც ევროპაშიც გამორჩეულია ილეთი გდების შესრულების განსხვავებული ტექნიკით რომლის გამოყენებას ჭიდაობის პროცესში მისთვის ყოველთვის წარმატება მოაქვს. როგორც აღვნიშნეთ, სხვა გამორჩეულ სპორტსმენებში სერგოს ილეთი გდების თავისებურად შემუშავებული ვერსია გამოარჩევს, ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა გერმანიის მედიისთვის, გერმანული გაზეთები ხშირად წერენ სერგო გოგისვანიძის წარმატების შესახებ : „So einer gehört nicht auf die Matte” – „ასეთი ბიჭი ხალიჩაზე არ არის“ - წერს verlagshaus-jaumann.de

 

ქართველი ფალავანს  დახვეწილმა სტილმა, და გდების შესრულების უბადლო, სრულყოფილმა ტექნიკამ საფრანგეთშიც გაუთქვა სახელი და მას გერმანიაში მოღვვაწეობის პარალელურად  კლუბ S.A.O. lute Colmar - ში მასტერკლასის ჩატარება შესთავაზეს, რომელიც მდებარეობს საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ კოლმარი-ში.

 

ინფორმაციის დასაზუსტებლად და მეტი დეტალებისთვის ჩვენ სერგოსთან სატელეფონო ინტერვიუ ჩავწერეთ....

 

- მოგესალმებით სერგო, ვიცით ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვთ, მაგრამ საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე ცოტა დრო დაგვითმეთ და მოგვიყევით დეტალები თქვენი ევროპული წარმატებების შესახებ...

 

- მოგესალმებით, გრაფიკი მართლაც დატვირთული მაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, საკუთარ წარმატებებზე საუბარი ყოველთვის სასიამოვნოა.

სექტემბრის დასაწყისშ ჩამოვედი გერმანიაში, კონტრაქტით ქალაქ გრესგენში, მონაწილეობას ვიღებ გერმანიის ლიგის 2019 წლის საკლუბო ჩემპიონატში, კლუბ SV Gresgen 1925 e.V - ის სახელით, ძალიან კარგი გუნდი მყავს ,წარმატებული სპორტსმენებით დაკომპლექტებული, მეგობრული ბიჭები არიან  ერთად ვიბრძვით გუნდური გამარჯვებისათვის და დარწმუნებულები ვართ საკუთარ შესაძლებლობებში, ბევრი გულშემატკივარი გვყავს, რომლებიც ძალიან დიდ ენერგიას და მოტივაციას გვაძლევენ.

 

1wwws

გერმანიის საკლუბო ჩემპიონატი , 2019 წელი, კლუბი  SV Gresgen 1925 e.V 

 

- სერგო ბერძნულ - რომაული ჭიდაობის სამყაროში გდება - შენი სავიზიტო ბარათია, ეს ყველამ კარგად იცის როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ, გდების შენეული ვერსიის შესრულებით სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე ბევრი ძლიერი ოპონენტი გადამწყვეტ წამებში დაგიმარცხებია, კლუბ გრესგენშიც ამ მიზეზით მოხვდი?

 

- დიახ, კლუბი გრესგენის ადმინისტრაციამ ჩემ შესახებ 2018 წელს ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირის შემდეგ შეიტყო, სადაც ფინალურ ორთაბრძოლაში გდების ჩემეული ვერსიის გამოყენების შედეგად გავხდი ჩემპიონი. სწორედ გდების  ჩემეული ვერსია  გახდა მიზეზი გერმანიის 2019 წლის საკლუბო ჩემპიონატში ჩემი მოწვევის, გარდა ამისა ისინი აღფრთოვანებულები არიან, ჩემი როგორც ახალგაზრდა სპორტსმენის დიდი გამოცდილებით რომელიც ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში 19 წლის მანძილზე მოვაგროვე.

 

- ჩვენი ინფორმაციით გერმანიაში საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობის პარალელურად საფრანგეთში იმყოფებოდი, კლუბ კოლმარში, რომელიც ცნობილი და წარმატებული ევროპული კლუბია, დაწვრილებით რომ გვიამბო დეტალები, რატომ ან როგორ მოხვდი კოლმარში?

 

- ოქტომბრის თვის დასაწყისში საფრანგეთიდან კონკრეტულად კლუბ S.A.O. lute Colmar-დან დამიკავშირდა კლუბის პრეზიდენტი ლევან ლაგვილავა, რომელმაც ჩემი აქ ყოფნის შესახებ შეიტყო გერმანული გაზეთებიდან, სადაც ხშირად იწერება ჩემი წარმატებების შესახებ. შემდეგ ბატონი ლევანი თავად დაესწრო ჩემ ერთ-ერთ შეხვედრას და შემომთავაზა ჩამეტარებინა სპორტსმენებისათვის მასტერკლასი საფრანგეთში კონკრეტულად  კლუბ S.A.O. lute Colmar-ში და კლუბის სხვადასხვა ასაკის წევრებისათვის გამეზიარებინა უპირველეს ყოვლისა ილეთი „გდების“ შესრულების ჩემეული ვერსია და ასევე, ჭიდაობის სფეროში მიღებული ჩემი ზოგადი გამოცდილება.

 

6yyyy

ფოტოზე საფრანგეთი,  კოლმარი - მასტერკლასის ჩატარების პროცესი, კლუბი S.A.O. lute Colmar 

 

- მოქმედი სპორტსმენი ხარ, სხვა დროს გქონია მასტერკლასის ჩატარების გამოცდილება?

 

- ჩემი შესაძლებლობების გაზიარების გამოცდილება სხვა სპორტსმენებისათვის, რა თქმა უნდა, მქონდა და ეს არაერთხელ გამიკეთებია საქართველოში, ასევე გერმანიაშიც, კლუბის ყველა წევრს გავუზიარე გდების ჩემეული ვერსიის შესრულების ტექნიკა, რაც შეეხება უკვე ამ თემაზე ოფიციალურად მასტერკლასის ჩატარებას, საფრანგეთიდან მოწვევა პირველი შემთხვევა იყო. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი ამ წარმატებულ და პრესტიჟულ ევროპულ კლუბს. ეს ჩემთვისაც დიდი ახალი გამოცდილება იყო და კლუბი კოლმარის წევრებისთვისაც, სადაც სხვადასხვა ასაკის სპორტსმენს გავუზიარე, გდების შესრულების ჩემეული ვერსიის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რომელსაც დარწმუნებული ვარ დროში განავითარებენ და მიიღებენ დადებით შედეგებს.

 

- გდების შენეულ ვერსიაზე რომ მოგვიყვე, განსხვავებული ვერსია გაქვს ამ ილეთის შესრულების, რაში გამოიხატება ეს და როგორ შეძელი სხვისთვის ამის გაზიარება?

 

- ბერძნულ - რომაული ორთაბრძოლა იგივე კლასიკური ჭიდაობა სპორტული ორთაბრძოლის სახეობაა, რომელიც მიმდინარეობს წელს ზემოთ და ეყრდნობა ხელებისა და მხრების მოქმედებებს, ილეთი გდება კლასიკურად სრულდება, როდესაც მოწინააღმდეგეს წელის მიდამოში მჭიდროდ შემოაჭდობ ხელებს და შებოჭავ. შემდეგი ეტაპია ჰაერში აქაჩვა და ზურგს უკან გადასროლა, სახელიც შესაბამისად ჰქვია -  „გდება“ - ჩემ მიერ შემუშავებული ვერსია კი განსხვავებულია. პირველ რიგში მე გდების შესრულებამდე ვაკვირდები მოწინააღმდეგე რომელ ფეხს ეყრდნობა, ამის შემდეგ წელში ვუკეთებ შებოჭვას და კლასიკური შესრულებისგან განსხვავებით აქაჩვის ნაცვლად მოწინააღმდეგეს მთელი ჩემი სიმძიმით ვექაჩები ქვემოთ საყრდენი ფეხის მხარეს და როგორც კი ვიგრძნობ, რომ საყრდენ ფეხს გამოეცლება ძალა მაშინვე ვასრულებ მთელი ინერციით ზურგს უკან გადასროლას, რაც შემიძლია  მარჯვენა და მარცხენა მხარეს ერთნაირად გავაკეთო. სწორედ ეს არის ჩემი უნიკალური ნიჭი რომელიც განმასხვავებს სხვისგან, რადგან თუ სხვა შემთხვევაში ილეთის შესრულება ხდება მხოლოდ სპორტსმენისათვის პრიორიტეტულ მხარეს, ჩემთვის ასეთი ორივეა და ეს მომგებიანი პოზიციაა ჭიდაობაში. რაც შეეხება მასტერკლასს, მიუხედავად დროის მოკლე მონაკვეთისა მაქსიმალურად ვეცადე და ჩემი გამოცდილება გავუზიარე ყველა ასაკის სპორტსმენს, ძალიან საინტერესო იყო მუშაობის პროცესი და დარწმუნებული ვარ, ჩემი გაზიარებული ცოდნა აუცილებლად მოუტანს კლუბის წევრებს წარმატებას.

 

- როგორც ვიცი უკვე დაბრუნდი გერმანიაში და საკლუბო ჩემპიონატში  წინ კიდევ რამდენიმე ორთაბრძოლა გაქვს ...

 

- დიახ, ძალიან დადებითი ემოციით და ახალი საინტერესო გამოცდილებით უკვე დავბრუნდი გერმანიაში, სრულად მობილიზებული ვაგრძელებ ჩემი კლუბის სახელით ასპარეზობას, ჯერ მხოლოდ რვა შეხვედრა მქონდა. გდების ჩემეული ვერსიის გამოყენებით კი ყველა გამარჯვებით დავასრულე, მომავალში  დარჩენილი მაქვს შვიდი შეხვედრა და იმედი მაქვს, გერმანიის ჩემპიონატის 2019 წლის საკლუბო სეზონის  თხუთმეტივე შეხვედრას სრული გამარჯვებით, დაუმარცხებლად დავასრულებ, რაც ამ ლიგაში ჯერ არავის გაუკეთებია.

 

- დარწმუნებულები ვართ შენ შესაძლებლობებში, სამშობლოში როდის დაბრუნდები? და ცოტა შენ სამომავლო გეგმებზეც რომ გვესაუბრო  

 

- სამშობლოში დეკემბრის დასაწყისში დავბრუნდები, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ვვარჯიშობ, დამატებით და ვემზადები ჩემი ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატში პირველობისათვის, რომელიც დაგეგმილია 2019 წლის ბოლოს, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი წელია, წინ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა გველოდება სადაც აუცილებლად ვიასპარეზებ ჩემი ქვეყნის სახელით და ავაფრიალებ ქართულ დროშას.

 

- ასეთი შემართებით დაგვემშვიდობა წარმატებული ქართველი ფალავანი, ჩვენ მას ვგულშემატკივრობთ და ბევრ წარმატებას ვუსურვებთ!

 

წაკითხვა 15824 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 22 2022