ამ გვერდის ამობედვა

საგანმანათლებლო პროექტის - „პატრიოტი დიასპორელი" პირველი სასწავლო წელი იმერეთიდან გაიხსნა

დღეს, საგანმანათლებლო პროექტის -  „პატრიოტი დიასპორელი" პირველი სასწავლო წელი იმერეთიდან გაიხსნა.

პროექტს ქ. წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის პირველი საჯარო სკოლა მასპინძლობდა.

 

პროექტი „პატრიოტი დიასპორელი" ითვალისწინებს ქართული წარმოშობის საზღვარგარეთ მცხოვრები დიასპორელი მოზარდების საქართველოს საჯარო სკოლებში გაკვეთილებზე დასწრებას მათთვის ხელსაყრელ კალენდარულ დროებში, სამშობლოში მათი ვიზიტის პერიოდში.

 

პროექტის მიზანია: დიასპორელმა მოზარდებმა შეიქმნან საკუთარი სოციუმი საქართველოში, გაიჩინონ ახალი მეგობრები. ასევე უკეთ შეისწავლონ საკუთარი ქვეყნის ისტორია, მენტალურად უფრო დაუახლოვდნენ სამშობლოს, შეინარჩუნონ კავშირი საქართველოსთან და თავიანთ ქვეყნებში ხელი შეუწყონ საქართველოს ცნობადობის ამაღლებას.

 

პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორია გერმანიის მოქალაქე ქართველი, ნინო ციბაძე, რომელმაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ა(ა)იპ ფონდის «საქართველოს ემიგრანტები» და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით წარმატებით განახორციელა აღნიშნული პროექტი საპილოტე რეჟიმში, რომლის გახსნა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მიმდინარე წლის 13 აპრილს მოხდა.

 

დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე FirstNews.ge- ს სწორედ ის ესაუბრა:

 

"უბედნიერესი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მიზეზების გამო ფიზიკურად ვერ მოვახერხე წყალტუბოში ჩასვლა და „პატრიოტი დიასპორელის" პირველი სასწავლო წლის გახსნით ღონისძიებაზე დასწრება. ჩართვა მქონდა ონლაინ და მთელი ღონისძიება იქ ვიყავი.

 

ეს იყო ქართული გენის ყივილი. არაჩვეულებრივი დახვედრა მოგვიწყო ქ. წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის პირველმა საჯარო სკოლამ ქალბატონი დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძის ხელმძღვანელობით, რომელსაც უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო და მივულოცო პატრიოტი სკოლის ტიტულის მიღება.

 

დიდი მადლობა ჩვენს ემიგრანტ ბავშვებს საბერძნეთიდან, თევდორეს და ლილე მაისურაძეებს, დიდი მადლობა მათ მშობლებს, რომ გარკვეული პრობლემების მიუხედავად, მოინდომეს და ჩამოვიდნენ საქართველოში.


დიდი მადლობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას, მერს ბატონ გენადი ბალანჩივაძეს, რომელმაც უდიდესი სიურპრიზი გაგვიკეთა, როცა გახსნით ღონისძიებაზე გამოაცხადა საკუთარი ინიციატივა, დააფინანსოს 4 პატრიოტი დიასპორელის მგზავრობა წყალტუბოში. დღეს, ჩვენ გვჭირდება ასეთი ინიციატივები, მითუმეტეს იმ ფონზე, თუ გავითვალისწინებთ დღევანდელი მგზავრობის გაზრდილ ფასებს. ბევრმა ემიგრანტმა ვეღარ შეიძინა საქართველოსკენ სამგზავრო ბილეთი და სამწუხაროდ მოუწია პროექტზე „პატრიოტი დიასპორელი" რეგისტრაციის გაუქმება. მათთვის მსგავსი ინიციატივები დიდი მოტივაციაა ხშირად ეწვივნენ სამშობლოს და გააღრმავონ ფესვები.

 

დიდი მადლობა „საქართველოს ემიგრანტების" წარმომადგენლებს, ქალბატონ ქეთევან კინწურაშვილს და ბატონ გენადი მარგველაშვილს, რომლებიც ჩემი ადგილზე არ ყოფნის მიუხედავად არაჩვეულებრივად ართმევენ თავს აღებულ პასუხისმგებლობას და წარმატებით ახორციელებენ პროექტს საქართველოში.

 

უღრმესი მადლობა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, განსაკუთრებით, თბილისიდან ჩამობრძანებულ ბატონ გივი ჭიჭინაძეს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს. თქვენ ყველანი გახდით ნაწილი ჩვენი დიდი ოჯახის, რასაც "პატრიოტი დიასპორელი" ჰქვია. ეს არის საერთაშორისო მასშტაბის გლობალური პროექტი, რომელშიც ჩართულია, როგორც ოფიციალური მხარე საქართველოსი, სამინისტროები, განათლების სისტემა, ასევე მსოფლიოს მრავალი ორგანიზაცია და დაწესებულება სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

გილოცავთ დღევანდელ დღეს! ეს დღე ისტორიაში შევა როგორც „პატრიოტი დიასპორელის" წყალტუბოს პირველ საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო წლის გახსნის დღედ!"- განაცხადა ჩვენთან საუბარში საერთაშორისო-საგანმანათლებლო პროექტის "პატრიოტი დიასპორელი" დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ნინო ციბაძემ.

 

111ე308469862 1712093695843850 7360164082169775226 n

 

2022-2023 სასწ. წლის 15 სექტემბრიდან საგანმანათლებლო პროექტი გადავიდა განუსაზღვრელი ვადით განხორციელების ეტაპზე. ამიერიდან, მსოფლიო დიასპორებში გაბნეულ ქართველ მოზარდებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან პროექტში მონაწილეობისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ოფიციალურად ეძლევათ უფლება სრულიად საქართველოს საჯარო და მართლმადიდებლურ სკოლებში მოკლე ვადით დაესწრონ მეცადინეობებს, რათა გაიუმჯობესონ მეტყველება და უფრო დაუახლოვდნენ სამშობლოს. პროექტში მონაწილეობა დიასპორელებისთვის უფასოა.

 

2022-23 სასწავლო წლის პირველი პატრიოტი დიასპორელები საბერძნეთიდან ქ. წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლაში დაესწრებიან მეცადინეობებს. დღეს, მათ მასპინძლობს მათ მიერ არჩეული სკოლა და იმერეთი. გახსნითი ღონისძიების ფარგლებში პატრიოტი დიასპორელები მიწვეულ იყვნენ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში. მათ ასევე დაათვალიერეს თეთრას მღვიმე.

 

„პატრიოტი დიასპორელის„ პირველი სასწავლო წლის გახსნით ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი გივი ჭიჭინაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი გენადი ბალანჩივაძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ბატონი დავით გორდელაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი მამუკა ჩხეტიანი. კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა მმართველი, ბატონი ვაჟა ჯუღელი, პროექტის პარტნიორი სკოლების დირექტორები იმერეთიდან, სხვა ოფიციალური პირები და საქართველოში პროექტის განმხორციელებელი ააიპ ფონდის „საქართველოს ემიგრანტების" ხელმძღვანელი, ქალბატონი ქეთევან კინწურაშვილი და ამავე ორგანიზაციის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი გენადი მარგველაშვილი.

 

წყალტუბოს ოტია იოსელიანის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის, ქალბატონი ფაქიზო ფანჩულიძის ინიციატივით, პატრიოტი დიასპორელის პირველი სასწავლო წლის საზეიმო გახსნა წარიმართა მოტივით „მშობელ მიწაში მიდგას ფესვები". დიასპორელ ბავშვებს გადაეცათ პატრიოტი დიასპორელის სერტიფიკატები, ხოლო ქ. წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის პირველ საჯარო სკოლას - პატრიოტი სკოლის ტიტული, რომლებსაც პროექტის ხელმძღავნელობასთან ერთად ხელს აწერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

 

111დდდ308516070 809231190215799 4241341757322716095 n

 

"ჩემთვის ეს დღე ორმაგად მნიშვნელოვანი იყო: "პატრიოტი დიასპორელი" მოსწავლეების მიღებისა და ჩვენი სკოლისათვის პატრიოტი სკოლის" ტიტულის მინიჭების თვალსაზრისით. დიდი მადლობა ქალბატონ ნინოსა და ქალბატონ ქეთევანს ამ პროექტში ჩართვისათვის, მადლობა ლილე და თევდორე მაისურაძეებს ჩვენი სკოლის არჩევისთვის. ჩვენ ერთად, ამ ურთიერთობით დიდ საქმეს გავაკეთებთ, გავაღვივებთ ფესვებს, რომელიც მშობელ მიწაში გვიდგას," - განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში ქ. წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ.

 

პროექტს ფინანსურად უზრუნველყოფს ნინო ციბაძისა და გიორგი მჭედლიშვილის ოჯახი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან. გახსნით ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებსა და პატრიოტ დიასპორელებს ონლაინ ჩართვით გერმანიიდან მიესალმა პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი ნინო ციბაძე.

 

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო – საგანმანათლებლო პროექტმა „პატრიოტი დიასპორელი“ გახსნისთანავე დიდი რეზონანსი გამოიწვია. პატრიოტი დიასპორელები მიწვეულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტში. პროექტის ხელმძღვანელი კი საქართველოს საზღვარგარეთ პოპულარიზაციისა და ქართული დიასპორის მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა სხვადასხვა ინსტანციიდან.

 

11წწ308538784 639966844184504 5687350392459534237 n

 

წაკითხვა 518 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 26 2022