საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე, არ გასცენ საკუთარი პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია
ბოლო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ. ამასთან, ისინი უკანონოდ იყენებენ ეროვნული ბანკის ლოგოს, – ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირები მოქალაქეებს თითქოსდა სებ-ის მიმართ არსებული სასესხო ვალდებულების დაფარვასა და სხვა მსგავს ფინანსურ ოპერაციებში დახმარებას სთავაზობენ. ერთ-ერთ შემთხვევაში კი, მოქალაქეს განუცხადეს, რომ მის პირად საბანკო მონაცემებზე დაფიქსირდა შესაძლო უნებართვო წვდომა და სესხის გააქტიურების მცდელობა, რის გადასამოწმებლადაც მოსთხოვეს იდენტიფიკატორების მითითებით შესულიყო შესაბამის დისტანციურ არხში – ინტერნეტ ან/და მობაილ ბანკში.
„ზემოაღნიშნული კომუნიკაციების ფარგლებში მომხმარებლებს ასევე სთხოვენ გადასცენ ინტერნეტ ან/და მობაილ ბანკში ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემები, მათ შორის, სახელი, პაროლი, აგრეთვე სხვა პირადი და ფინანსური ინფორმაცია.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული მონაცემების გაცემის შემთხვევაში, თაღლითებმა შესაძლოა მოიპოვონ თქვენს საბანკო ანგარიშებზე წვდომა, რაც ქმნის უნებართვო ოპერაციების განხორციელებისა და მომხმარებლის ფინანსური ზარალის/ზიანის მიყენების საფრთხეს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე. არ გასცენ საკუთარი პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია. მათ შორის, ბანკის დისტანციურ არხებში ავტორიზაციისთვის საჭირო მომხმარებლის სახელი და პაროლი, ასევე, აღნიშნული ინფორმაცია არ შეიყვანონ უცნობი პირებისგან მოწოდებულ საეჭვო ბმულებზე და არ სცადონ საბანკო/საბარათე ოპერაციების განხორციელება. ასეთი სიტუაციის დაფიქსირების შემთხვევაში მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, პერიოდულად ავრცელებს გამაფრთხილებელ თუ საგანმანათლებლო ინფორმაციას ფინანსური თაღლითობის ხშირად გამოყენებულ სქემებთან დაკავშირებით. შესაბამისი შინაარსის მასალები განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ და ფინანსური განათლების ვებგვერდებზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Latest from ლილე
- ქუთაისელი იოანე ხვარეშია ევროპის ჩემპიონია
- რუსეთში სომხური სასმელების ათიათასობით ბოთლის რეალიზაცია დაბლოკეს
- 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღკვეთა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
- ,,სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ, შეეგუეთ ამას"- კახა კალაძე
- პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და განსაკუთრებითი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შვიდ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს ბრალდება წარუდგინა