2020 წელს მთავრობა საგარეო ვალს 6.1 მილიარდი ლარით ზრდის
2020 წელს მთავრობა საგარეო ვალს 6.1 მილიარდი ლარით, ხოლო საშინაო ვალს 1.8 მილიარდი ლარით ზრდის.
ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომელიც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს ითვალისწინებს.
კერძოდ, კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საშინაო ვალის ზრდა - 1 850,0 მლნ ლარია, მათ შორის 600,0 მლნ ლარი კომერციული ბანკების გრძელვადიანი ლარის ლიკვიდურობის მიზნით გამოშვებული და ბანკების სადეპოზიტო სერთიფიკატებში განთავსებული თანხაა. ხოლო საგარეო ვალის ზრდა საერთაშორისო პარტნიორებიდან დამატებით მოზიდული თანხების ჩათვლით, 6 187,6 მლნ ლარს შეადგენს.
ამასთან, საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ს 2,5%-დან 8,5%-მდე იზრდება.
„დეფიციტის ზრდა რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია მთავრობის ვალის მოცულობის ზრდასთან. არსებული პროგნოზის მიხედვით მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვალის მოცულობა მიუახლოვდება მშპ-ს 55%-ს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების პროცესში განიხილებოდა ეკონომიკური ზრდის სხვადასხვა პროგნოზები და მიუხედავად იმისა, რომ საბაზისო სცენარად ჩამოყალიბდა რეალური ეკონომიკის შემცირება 4%-ის ოდენობით, თანხების მობილიზება განხორციელდა იმ მოცულობით, რომ რესურსების დეფიციტი არ შექმნილიყო არც პესიმისტური სცენარის განვითარების შემთხვევაში და არც პანდემიის გამო უფრო ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვების შემთხვევაში. შედეგად მოვლენების მიმდინარე განვითარებიდან გამომდინარე ხდება ვალის აღება საბაზისო სცენარში ბიუჯეტის საჭიროზე მეტი ოდენობით,“ - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
დოკუმენტის თანახმად, აუცილებელია მომდევნო წლებში მთავრობის ვალის ეტაპობრივი შემცირება და მაქსიმალურად მოკლე ვადებში კრიზისამდე არსებულ პარამეტრზე დაბრუნება. მომდევნო წლებში საბიუჯეტო დეფიციტის კონტროლის და მისი შემცირების ხარჯზე ყოველწლიურად გაგრძელდება ვალის მოცულობის შემცირება.
„აღნიშნული მიზნის მისაღწევად 2021 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირდება ვალის აღების მაჩვენებელი და შესაბამისად უკვე მომდევნო წელსვე ნაწილობრივ შემცირდება ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში,“ - ნათქვამია დოკუმენტში.
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში დღეს დარეგისტრირდა.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"