“სკანდალური საქმე იქნება და ბევრი მძიმე თემა გამომზეურდება” - “ანაკლიის კონსორციუმი” და მისი უცხოელი ინვესტორი საარბიტრაჟო დავას იწყებენ
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” და მისმა ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო.
ისინი ფინანსური ზარალის ანაზღაურებასა და ანაკლიის პორტის პროექტში დარღვეული უფლებების აღდგენას მოითხოვენ. ბობ მეიერმა სარჩელით საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრს მიმართა, ხოლო კონსორციუმმა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სტატიაში “სკანდალური საქმე იქნება და ბევრი მძიმე თემა გამომზეურდება” - “ანაკლიის კონსორციუმი” და მისი უცხოელი ინვესტორი საარბიტრაჟო დავას იწყებენ.
“ამ ორი სარჩელით, ისინი ანაკლიის პორტის პროექტში დარღვეული უფლებების აღდგენას მოითხოვენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ფინანსური ზიანის ანაზღაურებაა, რომელიც, მათი თქმით, ერთ მილიარდ აშშ დოლარზე მეტია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ კონსორციუმისა და მეიერის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ აქვს. მისივე აზრით, კონსორციუმმა ვალდებულებების შესრულებას თავი ვერ მოაბა და საკითხის პოლიტიზირებასა და მთავრობისთვის ახალი ინვესტორის მოძიებაში ხელის შეშლას ცდილობს. საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა”ვალდებულებები არ შეასრულა და ამჯერად “საქართველოს ხელისუფლებასთან წინასწარ განწირულ სასამართლო დავაში შევიდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სამწუხაროდ, მამუკა ხაზარაძე და კონსორციუმი ცდილობდნენ, ეს პროექტი არ შემდგარიყო, რადგან, პრაქტიკულად, მათ არ შეასრულეს არც ერთი ვალდებულება, ვადები არ დაიცვეს და არ მოიზიდეს ინვესტიციები პროექტის განსახორციელებლად. ხელისუფლებამ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის. აქტიურად ვმუშაობთ, რომ დამატებით ინვესტორები მოვიზიდოთ. ნაცვლად იმისა, რომ ეს გაეკეთებინა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, ისინი ცდილობენ, აღნიშნული პროცესი დააზიანონ და საქართველოს ხელისუფლებასთან წინასწარ განწირულ სასამართლო დავაში შევიდნენ. ამის პერსპექტივა არ აქვთ”, - განაცხადა იონათამიშვილმა. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ანაკლიის კონსორციუმისა და მისი მთავარი ინვესტორის მიერ წამოწყებული სასამართლო დავა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე პროცესია, რადგან, მისი თქმით, საკმარისი მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ კონსორციუმსა და მენეჯმენტზე სისტემური შეტევა განხორციელდა. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის ვახტანგ მაისაიას აზრით, საქართველოს მთავრობა შეეცდება, რომ ეს საქმე რაც შეიძლება, დიდხანს გაწელოს”, - დასძენს გამოცემა.
“ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მძიმე პროცესია, შეიძლება ითქვას, რომ უახლეს ისტორიაში ასეთი მძიმე პროცესი საქართველოს არ ჰქონია, აქ უკვე მნიშვნელობა იმას აღარ აქვს, ვინ რა დაარღვია და როდის. საქმე ისაა, რომ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ ანაკლიის კონსორციუმზე, როგორც ოპერატორსა და მის მენეჯმენტზე, სისტემური შეტევა განხორციელდა და, სამწუხაროდ, საკმარისი არგუმენტები აქვთ, რომ ეს ყველაფერი დამტკიცებული იქნას. საქმე ისაა, რომ როდესაც შენ კონსორციუმის მენეჯმენტის წინააღმდეგ აბსოლუტურად ხელოვნურ საქმეს აღძრავ (მხედველობაში მაქვს ფულის გათეთრება), წარმოიდგინეთ კონსორციუმის მენეჯმენტი საინვესტიციო პაკეტის შეკვრაზე მუშაობს და ამ დროს ქვეყნის ხელისუფლება პოტენციურ ინვესტორებს ეუბნება, რომ ოპერატორი ფულის გამთეთრებელი, მაფიოზი და საზიზღარი ადამიანია. რომელი იდიოტი ჩადებს ასეთ სიტუაციაში ფულს? ფაქტობრივად, შეიქმნა იმის საფუძველი, რომ ხელისუფლებას პოლიტიკურად მოტივირებულად ინვესტორები დაეფრთხო, შესაბამისად, ხელოვნურად უზრუნველყო ის, რომ კონსორციუმს ვალდებულებები ვერ შეესრულებინა, მერე კი იმ არგუმენტით, რომ ვალდებულებებს არ ასრულებდა, კონტრაქტი გაუწყვიტა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“ასეთი ჯაჭვი იკვრება, მით უმეტეს, რომ ის ე.წ. ფულის გათეთრების საქმე თვითონვე კონსერვაციაში გადაიტანეს, იმიტომ, რომ არ იციან, რა უქნან, ანუ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი საერთაშორისო არბიტრაჟში ძალიან მძიმე არგუმენტებია და ვფიქრობ, საქართველოს სახელმწიფო, მაღალი ალბათობით, ამ დავას წააგებს. აქ მარტო მილიარდ დოლარზე არაა ლაპარაკი, რასაც პირდაპირი ზარალის სახით მივიღებთ, ესაა უზარმაზარი ზარალი იმიტომ, რომ მომავალში სხვა ინვესტორებისთვის ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, იმედი მაქვს, რომ ამ ნაწილში კონკრეტული ხელისუფალი იზარალებს და ეს სახელმწიფოებრივ ზარალში არ გადავა, ნებისმიერი ხელისუფალი წყალს წაუღია, ეს ჩვენ ნაკლებად უნდა გვაინტერესებდეს, იმედია, რომ ეს სახელმწიფო ზარალი არ იქნება და ეს აღქმული იქნება, როგორც კონკრეტული ხელისუფლის სისტემური მანკიერება. მგონია, რომ ამ ქეისში ასევე ძალიან ბევრი საკითხი იქნება, აქ პერსონალური საკითხებიც წამოიჭრება, იქნება საკითხი როგორც ამ საქმესთან ბიძინა ივანიშვილის დაინტერესებასთან დაკავშირებით, ასევე, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ საქმეში გახარიასგან ის სავარაუდო მუქარის წერილიც ჩაიდება და ძალიან ბევრი სხვა რაღაც მოხდება, ანუ, ყველაფერთან ერთად, ეს ძალიან სკანდალური საქმე იქნება, რომელშიც ძალიან ბევრი მძიმე თემა გამომზეურდება. ეს, სამწუხაროდ, ჩვეთვის ძალიან დამაზიანებელია”, - დაასკვნის ხუხაშვილი.
“ანაკლიის პროექტს უფრო მეტად გეოპოლიტიკური მნიშვნელობა გააჩნია, ეს რომ ეკონომიკურ დავაზე დავიყვანოთ, პროექტის მნიშვნელობა ძალიან ზოგადი იქნება. ეს არ ვიცი, რასთანაა დაკავშირებული, შესაძლოა იმასთან, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ოპოზიციაში არიან და ხელისუფლებაში მოსვლა სურთ. პროექტთან დაკავშირებული მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ შემდგომი ოპერატორებიდან ანაკლიის პროექტს ვინ განახორციელებს. ეს ყველაფერი ძალიან ლოკალური დონის კინკლაობაა, ბუნებრივია, დღევანდელი ხელისუფლება ამას არ გადაიხდის და ბუნებრივია, ვალდებულებას არ აიღებს, თუმცა ამ პროექტის შეჩერება რატომ მოხდა, ესეც, ალბათ, მალე გამოჩნდება. გამოჩნდება ის, რომ ამ პროექტის რეალიზაციაში ახლა უკვე ვინ ჩაერთვება, რამდენადაც ვიცი, მთავრობამ ტენდერი გამოაცხადა და მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“ეს უფრო გეოპოლიტიკური თამაშია, მთავრობა შეეცდება, რომ ეს დავა რაც შეიძლება დიდხანს გაწელოს. ამის ტექნიკური საშუალებები არსებობს, შემდგომ კი უკვე მთავარი იქნება, მთავრობა ამ პროექტის ახალ შემსრულებლად ვის დაასახელებს. იქ რეალურად გამოჩნდება, თუ საქართველოს მთავრობა რეალურად ვისი გეოპოლიტიკური ინეტერესების მხარეს დგას. თუ მოხდა და ამ პროექტში ამერიკული ინტერესების გამომხატველი ძალა ჩაერთო, ეს ნიშნავს, რომ მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიეს და უბრალოდ შეიძლება მოხდეს ის, რომ ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესები გაითვალისწინონ ან შეიძლება, ასე არ იყოს და სხვა რამ იყოს. ასე რომ, ანაკლიის პროექტი, ფაქტობრივად, ლაკმუსის ქაღალდია ამჟამინდელი ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსისა”, - დასძენს მაისაია.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი