14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება. დადგენილების პროექტს პარლამენტმა დღეს, 26 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი. პროექტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
ამავე დადგენილებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღედ 29 დეკემბერი განისაზღვრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ მეორე ტურის გამართვა გახდება საჭირო, ის ჩატარდება იმავე დღეს, 14 დეკემბერს.
„საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, როდესაც ემთხვევა საპარლამენტო არჩევნები პრეზიდენტის არჩევნებს, ამ შემთხვევაში მაქსიმუმ 45 დღეში უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევნები. ამასთან, იმისთვის, რომ პრეზიდენტი არჩეული იქნას 5 წლის ვადით, მნიშვნელოვანია, რომ წელსვე როგორც არჩევნები, ისე ინაუგურაცია ჩატარდეს. სხვა შემთხვევაში არ შესრულდებოდა კონსტიტუციის განაწესი 5-წლიან ვადასთან დაკავშირებით და ფაქტობრივად გვეყოლება 6 წლით არჩეული პრეზიდენტი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
საკითხს კენჭი პლენარულ სხდომაზე უყარეს. მომხრე 80 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი - არავინ.
საქართველოს მოსახლეობა წელს პირველად არ აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით - არჩევნებზე ხმის მიცემით. ხალხის ნაცვლად პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელშიც 300 კაცი შედის: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 ადამიანი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.
საქართველოს მომავალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით აირჩევა. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არა ნაკლებ 30 წევრს. თითოეულმა დელეგატმა პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ერთ წევრი უნდა წარადგინოს და ხმაც ერთს მისცეს. არჩევნები პარლამენტში გაიმართება.
პრეზიდენტის ასარჩევად აუცილებელია 200 ხმა. მაგრამ თუ კანდიდატებიდან 200 ხმა ვერავინ მოაგროვა, ჩატარდება მეორე ტური, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. გაიმარჯვებს ის, ვისაც მეტ ხმას მისცემენ.
სიახლეები
- “ხაზარაძე ვირტუალურ არაბ ურდოებს რომ ებრძვის, ამაზე სევდიანი მარტო არაჟნის კონტეინერით შემოგელვებული და “ჯღან უცხოელებთან” მებრძოლი მიშა იყო” - თამარ ჩერგოლეიშვილი
- “ეს არის ჯგუფი, რომელმაც ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ახლა სურთ, რომ EMAAR-ის გრანდიოზულ ინვესტიციას შეუშალონ ხელი” - წილოსანი “ლელოზე”
- 138 დრონი და 12 რაკეტა - რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს
- „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორი ვაკო ავალიანი კატარში ელჩად ინიშნება
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს