2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები დასრულდა
საარჩევნო ადმინისტრაციამ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა ინტენსიური გადამზადება უზრუნველყო.
ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესის სპეციფიკის გათვალისწინებით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) მიერ მომზადებული პროფილური სასწავლო პროგრამების მიხედვით:
- 2284 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ტრენინგები გაიარეს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კენჭისყრის წარმართვის პროცედურებთან დაკავშირებით (ხუთი ეტაპი);
- 767 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა დეტალური ინსტრუქტაჟი გაიარეს ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე კენჭისყრის განხორციელების რეგულაციებზე (ოთხი ეტაპი);
- პენიტენციურ დაწესებულებებში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა კი გადამზადება შესაბამისი პროფილური მიმართულებით გაიარეს (ერთი ეტაპი).
პროგრამის ფარგლებში საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები დეტალურად გაეცნენ ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მისაწოდებლად შესაბამისი ფუნქციების შესრულების ტექნიკას, მათ შორის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მხარდაჭერის ჭრილში.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შეჯამების ჩათვლით, ყველა პროცედურულ საკითხზე სპეციალიზებული ცოდნა ეტაპობრივად, თემატურად შედგენილი პროგრამების მიხედვით მიიღეს. ტრენინგები პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით განხორციელდა. მოიცავდა როლურ თამაშებს, ელექტრონულ აპარატებთან მუშაობის მოდელირებას და კენჭისყრის პროცესის ეპიზოდურ ინსცენირებებს.
სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა 279-მა ტრენერმა ჯამურად უზრუნველყო 6423 სატრენინგო სესიის ჩატარება, მათ შორის:
- 4970 სატრენინგო სესია - საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით წარმართავენ;
- 1453 სატრენინგო სესია - საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრას ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ჩაატარებენ.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სწავლების ცენტრმა ასევე უზრუნველყო საინფორმაციო-სასწავლო პროექტის განხორციელება 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობისა და კომისიების იურისტებისთვის. დეტალურად იქნა განხილული საოლქო საარჩევნო კომისიის მანდატს მიკუთვნებული საკითხები, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებები, კანონმდებლობის ერთგვაროვნად გამოყენება, საარჩევნო დავების გადაწყვეტის მეთოდოლოგია, ზედამხედველობის მექანიზმები ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობაზე.
ასევე აღსანიშნავია, რომ ცესკომ და სწავლების ცენტრმა, არჩევნების ჩატარების პროცედურული სპეციფიკის გათვალისწინებით, მოამზადა სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო რესურსი, რომელიც უკავშირდება საარჩევნო ადმინისტრატორების და საარჩევნო უბნებზე ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობას, ეთიკის სტანდარტებსა და საქმიანობის განხორციელების პრაქტიკული ასპექტებს. ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო და სამახსოვრო ინსტრუქციები ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე (სომხური და აზერბაიჯანული ენები).
სიახლეები
- "ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“ - აიათოლა ალი ხამენეი
- "ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ ვარ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- შსს-მ ჭიათურაში პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
- აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების არქივი“ 2002 წელს ბუშისა და პუტინის კიდევ ერთ საუბარს აქვეყნებს, სადაც საქართველოზე, კერძოდ, პანკისის ხეობაზეც არის საუბარი
- "უმადურო პუტინი ანუ ვიწროვდება თუ არა წრე რუსეთის გარშემო?!" - გია ხუხაშვილი