მიდიხართ თუ არა არჩევნებზე და რა მოლოდინები გაქვთ - FirstNews.ge- ს გამოკითხვა
ხვალ, 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ცესკოს მონაცემებით, ქუთაისის მერობის კანდიდატები არიან:
1. პაატა ზაქარეიშვილი - „გახარია საქართველოსთვის“
2. დავითი ერემეიშვილი - „ქართული ოცნება“
3. გიორგი ამაღლობელი - „საქართველო“
მიდიხართ თუ არა არჩევნებზე და რა მოლოდინები გაქვთ? - ამ კითხვით FisrtNews.ge-მ ქუთაისის მოსახლეობა გამოკითხა. გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ არჩევნებზე მიდის, მაგრამ პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებდნენ. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრმა ადამიანმა უარი განაცხადა გამოკითხვაში მონაწილეობაზე.
გთავაზობთ გამოკითხვას:
- "არ მაქვს მოლოდინები და ამიტომ არ ვაპირებ არჩევნებზე წასვლას, როცა მოლოდინი გაქვს მაშინ მიდიხარ, აძლევ ხმას და აფიქსირებ შენს პოზიციას. ისეთ ქვეყანაში, სადაც არც ოპოზიციას და არც ხალხის აზრს არ სცემენ პატივს ჩატარებულ არჩევნებს აზრი არ აქვს".
- “სავარაუდოდ ოჯახის ხათრით წავალ, არასდროს დავდივარ და შორს ვარ ძალიან პოლიტიკისგან”.
- “მივდივარ აუცილებლად, მოლოდინები არ მაქვს”.
- “მივდივარ არჩევნებზე და იმედი მაქვს მშვიდობიანად ჩაივლის. ხალხის გადაწყვეტილება არის მთავარი. ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს არჩევნების დარბევის, ჩაშლის და უბნებზე თავდასხმის მოვუწოდებ სიმშვიდისაკენ, რადგან ეს ყველანაირ დემოკრატიას ეწინააღმდეგება”.
- “ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და არ მინდა გავცე ინფორმაცია”.
- “რომ არ მივიდე სხვას მიეცემა ჩემი ხმა, მაგრამ ჩემი მსგავსი მილიონი იქნება და ჩემს ხმას აღარ ექნება მნიშვნელობა. 12 წელია ბინადრობს ეს კაცი და ბევრი არაფერი გაუკეთებია ხალხისთვის. მთავარია მშვიდობა იყოს, გაჭირვებული არ ვნახო და ბავშვები არ ამოწყვიტოს პირველ ხაზზე რომ არიან ახალგაზრდები. ჩვენ ჩვენი მოლეული გვაქვს”.
- “მე პოლიტიკაში არ ვერევი. პენსიას უნდა ვიღებდე 2000 ლარს, 30 წელი ვიფრინე. არ მაქვს მაგათთან საქმე. არ წავალ მე, ვისაც სწამს იაროს იმან. პოლიტიკის არ მწამს არაფერი.
- “მივდივართ და იმის მოლოდინი გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ამის 100 პროცენტიანი მოლოდინი მაქვს იმიტომ რომ ისინი არ იღებენ მონაწილეობას. ქართული ოცნება მუშაობს არჩევნების წინ და ესენი არ მონაწილეობენ. ნორმალური ანალიზით ასეა. მე არავინ არ შემხვედრია. მე უპარტიო კაცი ვარ, მაგრამ თვალები მაქვს, ვუყურებ და ყურები მაქვს - მესმის. ასეთი არჩევნები ისე არც მინახავს. არ უნდათ მონაწილეობა. სასაცილო რა არის იცით? პოლიტიკური პარტია იღებს არჩევნებში მონაწილეობას და ცდილობს გაიმარჯვოს არჩევნებში და მოვიდეს ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებაში და ესენი არჩევნებში არ მონაწილეობენ. აბა რა პარტია ხარ ვერ გავიგე. არ ვიცი მე ასეთი რამ. იშვიათი შემთხვევაა მთელ მსოფლიოში რომ პოლიტიკური პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში. აბა რას აკეთებ? ძირითადია ეს, ყველა პარტიას თავის დებულება აქვს, სადაც წერია რომ პოლიტიკური მეთოდებით იბრძვიან და მოდიან ხელისუფლებაში”.
- “არჩევნებზე წავალ. ველოდები რომ მშვიდობა იქნება და ყველაფერი იქნება კარგად. ოპოზიციამ იცის, რომ ვერაფერს იზამს. მათი წისქვილი უკვე გადაკეტილია.
- “ერთიც ვნახე დამწვარი და მეორეც. იქ არაფერი იქნება ჩვენს საკეთილდღეოდ. მე არ წავალ იქ იმიტომ, რომ აზრი არ აქვს. ისინი საკუთარ თავზე ფიქრობენ ჩვენ კიდე ბოდიში მაგრამ ფეხებზე ვკიდივართ. არ აქვს აზრი ჩემს იქ წასვლას. თავად ხელფასები დიდი აქვთ, კარგად ქეიფობენ, დროს ატარებენ ჩვენზე არ ფიქრობენ”.
- “მოლოდინი არ ვიცი, მაგრამ არჩევნებზე მივდივარ”.
- “წავალ ალბათ”.
- “დიდი ალბათობით წავალ, არ ვიცი”.
- “არჩევნებზე უნდა წავიდეთ, მაგრამ როგორც არის ახლა ისე იქნება ყოველთვის. ამდენ ხანს თუ არ შეიცვალა თუკი რამე იყო შესაცვლელი ახლა რაღას შეცვლიან. ესაა მოქმედი მთავრობა და გვინდა თუ არა ამას უნდა მივცეთ ხმა”.
-„ხვალ მივდივარ არჩევნებზე, ვფიქრობ შეცვლით არაფერი შეიცვლება, ისევ ისე გაგრძელდება ცხოვრება, სანამ ახალი პოლიტიკური ძალა არ გამოჩნდება მანამდე არ ველოდები მთავრობის ცვლილებას, მთავარია მშვიდობა იყოს. ამ ოპოზიციის იმედი როგორ უნდა გვქონდეს, ყველამ გამოავლინა თავისი სახე და ბოლომდე დაისამარეს თავისი თავი. ერთხელ ვერ მოახერხეს ერთობა და ერთიანობა“.
სიახლეები
- ცესკოს ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
- საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
- საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებს საარჩევნო უბნებზე დაკვირვებისა და ფოტო-ვიდეო გადაღების რეგულაციებს შეახსენებს
- "რასაც კობახიძე წინასწარმეტყველებს, რომ დამხობის მცდელობა იქნება, ესეც ფარსია" - სალომე ზურაბიშვილი
- საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის