ამ გვერდის ამობედვა

"აკო, აკუნა, ნუ არტისტობ, არ გინდა, წყნარად იყავი" - ირაკლი ღარიბაშვილი აკაკი მინაშვილს

აკო, აკუნა, ნუ არტისტობ, არ გინდა, წყნარად იყავი, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს აკაკი მინაშვილს, როდესაც ის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბრობდა.

 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის დროზე არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა.

 

„თქვენ რა გააკეთეთ იმისთვის, რომ სანქციები დაგეწესებინათ რუსეთისთვის? ნული, არაფერი. არავითარი აქტივობა არ გვინახავს, პირიქით, კაპიტულანტურ რეზოლუციას მოაწერეს ხელი. რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიჰყიდეს სტრატეგიული აქტივები, ენერგეტიკული ობიექტები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ღარიბაშვილის ამ განცხადებას მოჰყვა აკაკი მინაშვილის მხრიდან ხმაური, რომელმაც პრემიერი სიცრუეში დაადანაშაულა.

 

„ნუ ყვირი, კაცო. კარგად იცი ეს შენ. ნუ არტისტობ ახლა, აკო, აკუნა, ნუ არტისტობ, არ გინდა, წყნარად იყავი“, - მიმართა ღარიბაშვილმა მინაშვილს.

 

საპასუხოდ კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ღარიბაშვილს მოსთხოვეს დაეკონკრეტებინა, რომელი ობიექტები გადასცეს მათ რუსეთს, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ათეულობით ენერგეტიკულ ობიექტზეა საუბარი, "ამასთან სააკაშვილმა უვიზო რეჟიმი დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს".

ამის შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„თუ ნერვების მოთოკვა არ შეგიძლიათ, ესეც გვითხარით და დატოვეთ დარბაზი, აქ სხვები, კოლეგები უსმენენ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას სხდომის ჩაშლის საშუალებას არ მისცემს.

წაკითხვა 337 ჯერ