ამ გვერდის ამობედვა

"ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი"

ჩვენ უარი კი არ გვითხრეს კანდიდატის სტატუსზე, არამედ გადაგვივადეს, პირობები წაგვიყენეს. ჩვენზეა დამოკიდებული, თუ პირობას შევასრულებთ - მივიღებთ სტატუსსაც, - ამის შესახებ FirstNews.ge-თან საუბარში ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, უკრაინა და მოლდოვა არ იყო მზად სტატუსისთვის, თუმცა, ისინი ომში არიან, განსაკუთრებით უკრაინა და მასთან მოლდოვაც ახლოსაა. ექსპერტის განმარტებით მათ ავანსად მისცეს სტატუსი, ჩვენ კი ევროპა როგორც სტანდარტულ სახელმწიფოს, ისე გვეპყრობა.


„მაქვს ძალიან მჭიდრო კონტაქტები ბრიუსელთან, არა პირველ პირებთან ბუნებრივია, არამედ ექსპერტებთან და ვინც პირველ პირებს დოკუმენტებს უმზადებს. მათთან დიდი ხნის მეგობრობა, თანამშრომლობაც მაკავშირებს და ყველგან ჩანდა, რომ საქართველო არ მიიღებდა სტატუსს. საჯაროდ ვამბობდი, რომ ეს არ არის კარგი, მაგრამ ეს არც ტრაგედია იქნება.


უკრაინასთან და მოლდოვასთან სტატუსის მიღება განსაკუთრებული რეჟიმით განახორციელეს და ჩვენთან სტანდარტული რეჟიმით. ჩვენ ჩვეულებრივ სახელმწიფოდ ჩაგვთვალეს და ასე ჩავთვალეთ ჩვენი თავიც.


მთავარი ეს არ არის, მე ეს არ მაღელვებს. ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, მე ასეთი განცდა მაქვს. მას არ სჭირდება დემოკრატია, არც ნამდვილი არჩევნები, არც ნამდვილი სასამართლო ან დეცენტრალიზაცია. ამიტომ ეს შეურაცხყოფის კორიანტელი, რაც მოდიოდა თბილისიდან, კეთდებოდა სპეციალურად, რომ ევროპას ეს გადაწყვეტილება არანაირად არ მიეღო. სამწუხაროდ, მოხდა ისე, როგორც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა დაგეგმილი. თუ ეს ასეა, თუ მე მართალი ვარ, მაშინ ასე გააგრძელებენ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ არ მოგვცენ სტატუსი და დააბრალებენ სხვებს: ევროპას, „ნაციონალურ მოძრაობას“, ამინდს...“- აღნიშნავს ექსპერტი.

 

როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, შესაძლოა, 2024 წლის არჩევნებამდე კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღოთ.


„დაელოდებიან არჩევნებს. იმის და მიხედვით თუ როგორ ჩატარდება, თუ არ ექნებათ კითხვები მერე შეიძლება არჩევნების შემდეგ მოგვცენ. ღმერთმა ქნას რომ ვცდებოდე, როგორც წესი სამწუხაროდ არ ვცდები ხოლმე.


პერსპექტივა დაახლოებით არის ის, რაც მაპზე იყო. გახსოვთ ალბათ მაპი, რომ არ მოგვცეს და იმდროინდელმა ხელისუფლებამ თქვა, რომ სამაგიეროდ მაპზე უკეთესი მოგვცესო. ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვებია, ანუ გვითხრეს, რომ თქვენ ოდესმე აუცილებლად გახდებით ევროკავშირის წევრი, ასე გვითხრეს ნატოზეც და სად არის ის!? ეს არც ნატოს და არც ევროკავშირის ბრალი არ არის. ეს ჩვენი ბრალია, ლაპარაკის ნაცვლად უნდა ვიშრომოთ, რაღაც უნდა გავაკეთოთ,“- განმარტა პაატა ზაქარეიშვილმა ჩვენთან საუბარში.

წაკითხვა 665 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 05 2022