ამ გვერდის ამობედვა

"ახლა საქართველოს ხელშია გააკეთოს ის, რაც აუცილებელია შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად ინკლუზიური და პარტიათა შორის თანამშრომლობის საშუალებით"

ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად ინკლუზიური და პარტიათა შორის თანამშრომლობის საშუალებით, ევროპის გზით მისი შემდგომი წინსვლისთვის,- ამის შესახებ ევროკომისიის აპარატის დოკუმენტშია ნათქვამი, სადაც განხილულია საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში.

ანგარიშში საუბარია, რომ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ძირითადი უფლებების მეტი პატივისცემის უზრუნველსაყოფად, მათ შორის პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოსა და გენდერული თანასწორობის გარანტირების აუცილებლობის ჩათვლით.

 

„2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები (მათ შორის სასამართლო სისტემა); ამასთანავე, ადამიანის უფლებების მიმართებაში არსებითი უკუსვლა მოხდა. ევროკავშირი აგრძელებდა საქართველოს გვერდში დგომას და უპრეცედენტო და არსებით ზომებს ახორციელებდა საქართველოს დასახმარებლად COVID-19 პანდემიით გამოწვეულ სანიტარიულ და სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაში.

 

2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც საქართველოს მიერ გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის შესახებ კომისიის მოსაზრებაში განსაზღვრული პრიორიტეტული საკითხების იქნება გადაწყვეტილი. ეს არის ისტორიული მომენტი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში. ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად ინკლუზიური და პარტიათა შორის თანამშრომლობის საშუალებით, ევროპის გზით მისი შემდგომი წინსვლისთვის. ევროკავშირი ამ საქმეში საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები აიღოს.

 

განახლებული და სერიოზული ვალდებულება დემოკრატიული კონსოლიდაციისა, სასამართლო რეფორმებისა და ქმედებებისა პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად, 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, გადამწყვეტი იქნება. ასევე საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ძირითადი უფლებების მეტი პატივისცემის უზრუნველსაყოფად, მათ შორის პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოსა და გენდერული თანასწორობის გარანტირების აუცილებლობის ჩათვლით. ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის.

 

და ბოლოს, უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური, ეკოლოგიურად დაბალანსებული და მდგრადი ზრდის უზრუნველყოფა და შემდგომი წინსვლა ციფრული კომპეტენციების გასაძლიერებლად და ციფრული წიგნიერების ასამაღლებლად. შრომის ინსპექციის დამატებითი თანამშრომლებით უზრუნველყოფა და გაფართოებული მანდატი ქმნის შესაძლებლობას გაძლიერდეს ზედამხედველობა შრომის უსაფრთხოებასა და შრომით უფლებებთან დაკავშირებით. სტრუქტურული რეფორმები გადამწყვეტი რჩება, რადგანაც მათი საშუალებით საქართველოს ეკონომიკა ნაკლებად მოწყვლადი ხდება საგარეო მოვლენებთან და შოკებთან მიმართებაში, და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი და ვაჭრობის პოტენციალი უმჯობესდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმისა და მრავალწლიანი ინდიკატიური პროგრამის მიერ შემოთავაზებულია შესანიშნავი ჩარჩოები ასეთი წინსვლის მისაღწევად”, - აღნიშნულია დოკუმენტში, რომლის თარგმანსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აქვეყნებს.

წაკითხვა 209 ჯერ