ამ გვერდის ამობედვა

"როგორც ჩვენ ვაპატიეთ ბევრ ადამიანს წარსულში,90-იან წლებში,ისე უნდა ვაპატიოთ მიხეილ სააკაშვილს"- სანდრო რაქვიაშვილი

პრობლემები ვერ მოგვარდება იმ იმედით, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. უნდა ვიპოვოთ პოლიტიკური გამოსავალი, რომ მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, რომელსაც არ უნდა სააკაშვილის გამოშვება, გასაგებად შევთავაზოთ ალტერნატივა, რისთვის ვაკეთებთ ამას, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხის ირგვლივ პოლიტიკური კონსენსუსი თუ იქნება მიღწეული, სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება უნდა იყოს კონფლიქტის დასრულების გზა და არა კონფლიქტის გაღვივების.

 

„ქვეყანა რომ ზიანდება, მგონი, ამას უკვე ყველა ვხვდებით, მაგრამ შიგნით რომ ვერ ვლაპარაკობთ მნიშვნელოვან რეფორმებზე, საგარეო ფრონტზეც პრობლემები გვაქვს. მეც მივიჩნევ, რომ ეს პრობლემა მოსაგვარებელი გვაქვს, უბრალოდ, არ მოგვარდება ვირტუალური მიზეზებით, რომლებსაც რაღაც ჯანმრთელობის არგუმენტი ჰქვია და რომლისაც, მგონი, თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებსაც კი არ სჯერათ. პრობლემები ვერ მოგვარდება იმ იმედით, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. უნდა ვიპოვოთ პოლიტიკური გამოსავალი, რომ მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, რომელსაც არ უნდა მიხეილ სააკაშვილის გამოშვება, რაღაცნაირად გასაგებად შევთავაზოთ ალტერნატივა, რისთვის ვაკეთებთ ამას. თუ ასეთი პოლიტიკური კონსენსუსი აღმოჩნდება, მაშინ, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი გასაშვებია. უბრალოდ, ეს გაშვება ვიღაცის დამარცხება, განადგურება არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს საზოგადოების შეთანხმება – გვესმის, ადამიანმა რაღაც დააშავა წარსულში, მაგრამ როგორც ჩვენ ვაპატიეთ ბევრ ადამიანს წარსულში, 90-იან წლებში და აღარ დავსდევთ ამ ადამიანებს, არ ვცდილობთ, ციხეში ჩავსვათ, ისე უნდა ვაპატიოთ მიხეილ სააკაშვილს. ოღონდ ეს მართლა უნდა იყოს კონფლიქტის დასრულების გზა და არა კონფლიქტის გაღვივების.

 

ასე რომ, თუ ასეთ გზას ვიპოვით, სურვილი თუ იქნება, ეს პრობლემაც მოიხსნება. თუ არ იქნება, მგონი, იმავე მდგომარეობაში ვიქნებით. არანაირი ცუდი პრეცედენტი არ არის. თუ კიდევ გაჩნდება ასეთი პატიმარი, რომელიც ვრცელ დაძაბულობას და საგარეო პრობლემებს გამოიწვევს, იმავენაირად უნდა მივუდგეთ და მივუდექით კიდეც წარსულში, თუნდაც მელიას გამოშვება რომ იყო, კარტოგრაფების საქმე და ასე შემდეგ. ბევრ შემთხვევაში ჩავთვალეთ, რომ პოლიტიკურად უფრო კარგი იქნება, ეს ხალხი არ იყოს ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ხედვა გვქონდა ამ ადამიანების ბრალეულობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არაფერი ამაში უნიკალური არ არის, პირიქით, მართლმსაჯულება არ არის ვაკუუმში არსებული ცნება, ეს არის, არსებულ პირობებში ვიპოვოთ სამართლიანი გადაწყვეტილება. თუ გავიაზრებთ, რა შედეგი მოჰყვება, როგორც დიდ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემას, მაშინ სხვა შედეგს მივიღებთ“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

წაკითხვა 206 ჯერ