ამ გვერდის ამობედვა

"მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ანტიკორუფციულ ბიუროსთან, რათა მისი საქმიანობა იყოს ღია"

დარწმუნებული ვარ, ანტიკორუფციული ბიურო ღირსეულად და პროფესიონალურად შეასრულებს თავის მისიას და ფუნქციებს. პარლამენტი, როგორც საზედამხედველო ინსტიტუცია, მზად არის, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ანტიკორუფციულ ბიუროსთან, რათა თქვენი საქმიანობა იყოს ღია და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით განპირობებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა არის ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და ამავე დროს, არის იმ 12 რეკომენდაციის შემადგენელი ნაწილი, რომელზეც საქართველო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობს.

 

„ჩვენი ანტიკორუფციული პოლიტიკა, ზოგადად, შეიძლება შეფასდეს, როგორც ძალიან ეფექტიანი, მთელი რიგი საერთაშორისო შეფასებებით, რომელიც ქვეყანაში კორუფციის აღქმებს, მთავრობის კეთილსინდისიერებას, ქრთამის აღების რისკებს, საჯარო სერვისების ეფექტიანობას, ბიუჯეტის გამჭვირვალობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ღიაობას ეხება, საქართველო რეგიონის ლიდერია და უსწრებს ევროკავშირის და ნატო-ს ბევრ წევრ ქვეყანას, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი მიღწევაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობისთვის განისაზღვრა.

 

„ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში სწორედ ამ მიდგომით იმუშავა საქართველოს პარლამენტმა, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც დეტალურად გააანალიზა ანტიკორუფციული ინსტიტუციური სისტემა და ანალიზის საფუძველზე და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ერთი ინსტიტუციური ქოლგის ქვეშ მოეყარა თავი სხვადასხვა მნიშვნელოვან ანტიკორუფციულ ფუნქციას: პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი; საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი; ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხების რეგულირება; სტრატეგიული დოკუმენტებისა და რეკომენდაციების შემუშავება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა არის არა მიზანი, რომელიც მიღწეულია, არამედ მუდმივი პროცესი და პარლამენტი მუდმივად ზრუნავს ამ მხრივ ინსტიტუტების, პროცედურებისა და აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებაზე.

 

ღონისძიების სტუმრებს დღეს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა. ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, სასამართლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 

 

წაკითხვა 150 ჯერ