ამ გვერდის ამობედვა

"ეჭვი მაქვს, ოპოზიციას, რომელიც დესტრუქციით არის დაკავებული, ეს ძალიან ადარდებს"

როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, თვისებრივად შეიცვალა 26 მაისის, როგორც მთავარი საერო დღესასწაულის კონცეფცია ჩვენს ქვეყანაში, რუსთაველის გამზირი გახდა არა რაღაც ტიპის სამხედრო ჩვენებების ადგილი, როგორც ეს მაგალითად ჩემს ბავშვობაში ხდებოდა, არამედ ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ოჯახებისთვის, ყველასთვის სასიამოვნო, სასეირნო, საგანმანათლებლო და სასიამოვნო დღე, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, ოპოზიციას არ მოსწონს, რომ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს.

 

„ასევე, უმნიშვნელოვანესი დღე, როდესაც ჩვენი წვევამდელები დებენ ფიცს სამშობლოს წინაშე. ეს ზოგადი კონცეფცია. რაც ჩვენ დავამკვიდრეთ და როგორც ვხედავთ საზოგადოებაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, ეჭვი მაქვს, რომ ოპოზიციას, რომელიც მხოლოდ დესტრუქციით არის დაკავებული, ძალიან არ მოსწონს და ადარდებს. ამავე კონცეფციის ნაწილია, რომ ყოველ წელს ვაცხადებთ კონკრეტულ თემატიკას. როდესაც სამინისტროები ვინაწილებთ, ვინ რომელ ადგილას, რომელ რეგიონში გამართავს ამა თუ იმ ღონისძიებას, ყოველთვის ერთი და იმავე თემატიკის გარეშემო ვტრიალებთ. შარშან თემატიკა ოფიციალურად შერჩეული გახლდათ ევროპისკენ, ამიტომაც ყველაფერი იყო შეფუთული ქართულ და ევროპულ ევროკავშირის დროშებით, ემბლემატიკა იქნებოდა ეს თუ სხვა, მათ შორის დროშები. ასევე. მახსოვს, როდესაც ჩვენ ვიზალიბერალიზაციის პროცესი გვქონდა, მაშინაც 26 მაისი ვიზეიმეთ სწორედ ამ ორი ატრიბუტიკით, ემბლემებით. ხოლო წელს. თემატიკად შერჩეულია თავისუფლება, თავისუფლებისკენ, ამ თემატიკის გარშემო ვტრიალებთ და ბუნებრივია ალბათ, რომ ჩვენი მთავარი ემბლემატიკა და ასე ვთქვათ მასალა, რომელსაც დიზაინერები და ღონისძიების ორგანიზატორები იყენებენ, სწორედ არის ჩვენი ეროვნული დროშა, ჩვენი ეროვნული ფერები. ამიტომ, ის სპეკულაციები, რაც დღეს გვესმის, არის თითიდან გამოწოვილი. უკვე ამ ადამიანებს ახასიათებთ, რომ ყველაფერში დაინახონ ნეგატივი ან ეძებონ სკანდალი, რადგან როგორც ბატონმა გივი თარგამაძემ თქვა, მათი ემბლემა უკვე არის უბრალოდ ტრიპაჩობა და ტრიპაჩული აქციები. რაკი ვერ გადააყირავეს მთავრობა, ახლა უკვე დიზაინერების კრიტიკით არიან დაკავებული“, – განაცხადა წულუკიანმა.

წაკითხვა 159 ჯერ