June 9, 2026

,,დარწმუნებული ვარ, ჯო უილსონი რუკაზე ვერ ნახავს, სად არის საქართველო"- კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე გავლენას ახდენს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი და არა გარედან მიღებული მითითებები. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„პირველი, რაც შემიძლია გულწრფელად გითხრათ, არის ის, რომ საქართველო არის ქართველი ხალხის გავლენის ქვეშ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე, როგორც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთი რიგითი წევრი, ვამაყობ იმ პოლიტიკით, იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც ჩვენმა გუნდმა ბოლო წლების განმავლობაში მიიღო და რეალურად ქართველ ხალხს დაუბრუნა ძალაუფლება. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ხვალ, ზეგ, მაზეგ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ვის ანდობს ქვეყნის ბედს და არა გარედან მითითებებით, როგორც ეს 2012 წლამდე ხდებოდა. რაც შეეხება ჯო უილსონს, მგონი ამაზე არ უნდა შეჩერდეთ, არასერიოზული ადამიანია თავისი განცხადებებით, თავისი დამოკიდებულებით თუნდაც საქართველოსთან დაკავშირებით. რომ აჩვენო, დარწმუნებული ვარ, რუკაზე ვერ ნახავს, სად არის საქართველო“, – განაცხადა კახა კალაძე.

რაც შეეხება საქართველოს კრიტიკას იმ ფონზე, როცა ევროპის ქვეყნები და აშშ ნორმალურ ურთიერთობას ამყარებენ ჩინეთთან, მერი პასუხობს რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამოდის.

„წარმოუდგენელია უბრალოდ. თუნდაც პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის განცხადებებს თუ შევხედავთ, პირიქით, საუბარია იმაზე, რომ ჩინეთთან დაათბონ ურთიერთობა, კიდევ უფრო მეგობრული გახადონ, ჩინეთის პრეზიდენტს პირდაპირ მეგობარს უწოდებს. ასევე, თუ შევხედავთ ევროპული ქვეყნების ლიდერებს, პრეზიდენტებს, თანამდებობის პირებს, ყველა საუბრობს იმაზე, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება და სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია. ჩვენც გამოვდივართ ჩვენი ინტერესებიდან და ვატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იქნება მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

წაკითხვა 107 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.