,,ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას თუნდაც იმიტომ არ გააუქმებს, რომ ეს საკითხი მუდმივად შეინარჩუნოს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად"- ეკა სეფაშვილი
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, სიტყვით გამოვიდა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.
მან ყურადღება გაამახვილა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობაზე და ხაზი გაუსვა, რომ ევროკომისიასთან საქართველოს მიერ ჩანიშნული ტექნიკური შეხვედრა პოლიტიკური სპეკულაციის საგნად იქცა. დეპუტატმა ისაუბრა ტექნიკურ და პოლიტიკურ მდგენელებზე. მისი სიტყვებით, საქართველო ტექნიკური თვალსაზრისით ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას ასრულებს და ყურადღება გაამახვილა პოლიტიკურ ნაწილზე. სეფაშვილმა განაცხადა, რომ ევრობიუროკრატები საქართველოს დემოკრატიის შეფასებისას ყველაზე ხშირად საუბრობენ გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონზე. როგორც ჩანს, სწორედ ეს საკითხია პოლიტიკური მდგენელი, მიუხედავად იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს.
„როგორც ჩანს, სწორედ ეს ორი კანონი არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად და ამიტომაც მოითხოვენ გარკვეული ძალები ასე დაჟინებით მათ გაუქმებას, რადგან ეს კანონები, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად უშლით ხელს საქართველოში საკუთარი ზრახვების განხორციელებაში“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ევროკავშირში ჯერ კიდევ არსებობს საღი აზრი, ამიტომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გამორიცხავს. სეფაშვილმა თქვა ისიც, რომ ევრობიუროკრატიას სჭირდება ამ ინსტრუმენტის შენარჩუნება საქართველოზე ზეწოლის მოსახდენად.
„ჩემს გამოსვლაში ვიზალიბერალიზაციის საკითხს მინდა გამოვეხმაურო. ძალიან საინტერესოა, ამ ბოლო პერიოდში ჩვეულებრივი ტექნიკური სამუშაო შეხვედრა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის სხვადასხვა ტექნიკური მდგენელების მიხედვით არსებული ვითარების შეფასებას ეხება, რატომ გადაიქცა ცხარე პოლიტიკური დებატების საგნად. პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ ნებისმიერი საკითხი შეიძლება იყოს გამოყენებული საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლისათვის, რათა ქვეყნის შიგნით არსებულ რადიკალებს მიცეთ დღის წესრიგი. თუ გარედან არ მიაწოდეს რაიმე თემა ან დღის წესრიგი, რადიკალურ ოპოზიციას არავითარ საკითხზე არ შეუძლია ცხარე დებატების შექმნა. სწორედ ამიტომ რადიკალები ელოდებიან გარედან მიღებულ დავალებებს. თუმცა, აქ არის მეორე საკითხიც: ვიზალიბერალიზაცია პირველად არ გადაქცეულა საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, ეს უკვე ძველი და ნაცადი მეთოდია – უბრალოდ აგრძელებს იმ ტენდენციას, რომელსაც ბოლო 4 წლის, ანუ 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ვხედავთ. ესაა უსამართლო საერთაშორისო ზეწოლა საქართველოზე და აქაც, ვიზალიბერალიზაციის საკითხში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა თემასთან მიმართებით, რასაც ევროკომისია და ევრო ბიუროკრატია აჟღერებს საქართველოზე, ორი მნიშვნელოვანი მიდგომა გამოიკვეთა: ერთი, ესაა სამართლიანი და ტექნიკური მხარე, სადაც საქართველო აჩვენებს პროგრესს. აჩვენებს იმ რეალურ სურათს, რომ ვიზალიბერალიზაციისათვის საჭირო ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, ჩვენ პირწმინდად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს და ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ. მეორე მხარეა პოლიტიკური საკითხი. პოლიტიკური მდგენელი აქაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ისევე როგორც ბოლო პერიოდში ევრობიუროკრატების მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულ ქმედებებში. რაში მდგომარეობს ეს პოლიტიკური მდგენელი? თუ დავეყრდნობით ბოლო ანგარიშს, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შეფასებას და საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულებას ეხებოდა, შეიძლება ორი მნიშვნელოვანი საკითხის გამოყოფა, რასაც, მათი შეფასებით, საქართველო არ ასრულებს. ეს არის ის მოთხოვნები, რომლებსაც ევრობიუროკრატები და გარკვეული გლობალური ძალები საერთაშორისო ზეწოლის განხორციელების მიზნით სხვადასხვა დოკუმენტებში დაჟინებით იმეორებენ – გამჭვირვალობის კანონი და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი. როგორც ჩანს, სწორედ ეს ორი კანონი არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად და ამიტომაც მოითხოვენ გარკვეული ძალები ასე დაჟინებით მათ გაუქმებას, რადგან ეს კანონები, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად უშლით ხელს საქართველოში საკუთარი ზრახვების განხორციელებაში. შეგვიძლია ვიკითხოთ, რა კავშირი აქვს ამ კანონებს ვიზალიბერალიზაციასთან, და ეს სავსებით ლეგიტიმური კითხვაა. პრინციპში, ამ კანონებს ვიზალიბერალიზაციასთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ, თუმცა ევროსაბჭოს ანგარიშში ისინი დაკავშირებულია ქვეყანაში სამოქალაქო და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხთან. ამავე დროს, სხვა ანგარიშები მოწმობს, რომ სწორედ ამ მაჩვენებლების მიხედვით საქართველოში საკმაოდ კარგი ვითარებაა – ისეთი, რომ საქართველო უსწრებს არა მხოლოდ წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის არაერთ წევრ სახელმწიფოსაც. ამიტომ, ეს ისევ და ისევ პოლიტიკური მდგენელია. ამ საკითხს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აქვს – მე არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირში საღი აზრი აღარ არსებობს და ისინი ამოქმედებენ ამ მექანიზმს და საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას გააუქმებენ. თუმცა, ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ, ვფიქრობ, ეს მხოლოდ ევროკავშირის რეპუტაციისა და მისი პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება იქნება და სწორედ ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი, თუ რატომ არ გააუქმებენ ვიზალიბერალიზაციას. არ გააუქმებენ კიდევ ერთი მიზეზითაც – იმისთვის, რომ ეს საკითხი მუდმივად შეინარჩუნონ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირშიც არსებობს საღი აზრი, რომელიც გაიმარჯვებს და საქართველოს მოქალაქეები დამსახურებულად შეძლებენ უვიზო რეჟიმით სარგებლობის გაგრძელებას“, – განაცხადა სეფაშვილმა.
სიახლეები
- ,,ევროინტეგრაციის პროცესი ვერ იქნება გამოყენებული შანტაჟის იარაღად, ჩვენ ამ დამოკიდებულებას არ მივიღებთ"- კახა კალაძე
- ,,დარწმუნებული ვარ, ჯო უილსონი რუკაზე ვერ ნახავს, სად არის საქართველო"- კახა კალაძე
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული რვა პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა
- შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, სოფელ ართანას მიმდებარედ, მთაში მყოფი მოქალაქე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს
- ,,ჟურნალისტის მხრიდან წესების დარღვევის პირველ ჯერზე აკრედიტაცია ერთი თვით, მეორე ჯერზე კი ერთ წლამდე ვადით შეჩერდება" – შალვა პაპუაშვილი
