“ძალოვანი სისტემა კრიმინალიზებულია” - გია ხუხაშვილი
“ნაცმოძრაობაში” დამყარებულია ავტორიტარული, პარტიული მმართველობა. იგივე პროცესებია “ოცნებაში”. ბიძინას და მიშას მმართველობის სტილი აბსოლუტურად ანალოგიურია.
განსხვავება იმაშია, რომ ავტორიტარიზმი მიშას, გასაგები მიზეზების გამო, მხოლოდ პარტიაში აქვს დამკვიდრებული, ბიძინას კი - პარტიასა და მთელ სახელმწიფოშიც, თორემ მენტალობით, ისინი სიამის ტყუპივით ჰგვანან ერთმანეთს. “ნაცმოძრაობა" ამომრჩევლის ცნობიერებაში უფრო წარსულს უკავშირდება, ვიდრე მომავალს, ხოლო “ ოცნება” აწმყოს. შესაბამისად, ადამიანს შეიძლება არ მოსწონს აწმყო, მაგრამ არც იმაზეა თანახმა, რომ წარსულში დაბრუნდეს, საზოგადოებას სჭირდება მომავლის არჩევანი, ეს არჩევანი კი სრულიად ახალ ლიდერებს უკავშირდება. ისინი ჯერ არ ჩანან”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით გამოჩნდებიან თუ არა ახალი ძალები ქართულ პოლიტიკაში?!
“ბუნებრივია, ეს ახალი ძალა ვერ იქნება “ნაცმოძრაობა”, მიუხედავად იმისა, რომ მას სტაბილური, თუმცა საგრძნობლად შემცირებული მხარდაჭერა აქვს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ წინა არჩევნებზე ამ პარტიის მხარდამჭერები ორად გაიყვნენ და სერიოზული ნაწილის მიგრაცია ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასთან მოხდა. დღეს ერთადერთი, რაც ამ პარტიამ შეიძლება გააკეთოს, რომ როგორმე შეაჩეროს დეგრადაცია და შეინარჩუნოს ის, რაც ჯერ კიდევ აქვს, ხოლო იმის იმედი, რომ საკუთარ შესაძლებლობებს გაზრდიან, რა რეორგანიზაციებიც არ უნდა ჩაატარონ, მე ნამდვილად არა მაქვს. მეტსაც გეტყვით, მიშას მხარდამჭერი იმაზე მეტიც ჰყავს, ვიდრე ბიძინას, რომლის ირგვლივ ძირითადად მაინც მედროვეების დაჯგუფებებია შემოკრებილი. მიშას ჰყავს ფანატიკური მომხრეები და ამ თვალსაზრისით მიშა ნამდვილად სჯობნის ბიძინას. თუმცა ეს საარჩევნო რაოდენობა მაინც არ არის გადამწყვეტი და კრიტიკული”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“მართალია, ეს ადამიანები ძალიან აქტიურები არიან, მაგრამ ის მაინც არ არის ის კრიტიკული მასა, რომელსაც საარჩევნოდ რაღაცის შეცვლა დამოუკიდებლად შეუძლია. რაც შეეხება “ოცნებას”, ცხადია, ეხმარება ადმინისტრაციული, ფინანსური და ორგანიზაციული რესურსები და ამაში უპირატესობა აშკარად მმართველი გუნდის მხარესაა, რაც ბუნებრივიცაა. ამ ყველაფრის და უალტერნატივობის გამო სისტემა სტაბილურობას ინარჩუნებს. “ოცნება” დღეს ფაქტობრივად სწორედ უალტერნატივობაზე დგას - თავად ბიძინაც დიდი ხანია აღარ ამბობს, რომ თვითონ არის კარგი ბიჭი. ბიძინა პირდაპირ ამბობს - მე შეიძლება ცუდი ბიჭი ვარ, მაგრამ ესენი საერთოდ ვინ არიანო. სამწუხაროდ, აი, ეს სკეპტიკური, ნიჰილისტური დამოკიდებულება მყარად არის დანერგილი საზოგადოებაში და ამას დიდწილად თავად ოპოზიციაც უწყობს ხელს. დღეს ბიძინას ძალაუფლება სწორედ ოპოზიციის სისუსტეზე დგას და სხვა ფაქტორი არ არსებობს, რაც არსებულ სისტემას სტაბილურობას შეუნარჩუნებდა”, - ამბობს რესპონდენტი.
“არც “ნაციონალური მოძრაობა” და არც “ქართული ოცნება”, არ არის პარტია კლასიკური გაგებით. ესენი ერთგვარი ტოტალიტარული სექტებია, სადაც ყველაფერი რაღაც რელიგიურ პრინციპებსა და დოგმებზეა დამყარებული. რაც მთავარია, ეს სისტემა მონოთეისტურია - არსებობს ერთი ღმერთი, ხოლო დანარჩენი ყველა მრევლია. ჰოდა, მრევლში ვიღაცას რომ გაუჭირდება, რა უნდა ქნას? როცა გიჭირს და პრობლემა გაქვს, ხომ უნდა ილოცო? ისინიც ლოცვას აღავლენენ ხოლმე. როდესაც ვიღაცას უჭირს, მაშინვე ლოცვას აღავლენს ხოლმე და... ახლა ღმერთი, როგორც ჩანს, გაბრაზებულია და ესენიც ლოცულობენ. სწორედ ამ ოდებსა და პანეგირიკებს ვისმენდით ამ დღეებში. ეტყობა, უჭირს კობახიძეს და ლოცვები აღავლინა, რომ იქნებ ღმერთმა აპატიოს და რაღაც შეუნდოს...” - განაგრძობს ექსპერტი.
“სისტემურად ამერიკასთან ურთიერთობის დალაგება ილუზიაა. დალაგება რას ჰქვია? ჩვენი ხელისუფლება ითხოვს, კაცო, მოდი, ჩვენ რაღაცა ბიზნესი გავაკეთოთ ერთად და შენი საქმე არ არის, მე აქ დემოკრატია მექნება თუ რა მექნებაო. ამ ტიპის ურთიერთობაც აქვს შეერთებულ შტატებს, თუნდაც არაბულ სამყაროსთან, ჩვენს რეგიონშიც ბევრ ქვეყანასთან, კონკრეტულ პროექტებზე მუშაობენ და მეტი არაფერი ხდება. შესაბამისად, ურთიერთობის დალაგება რასაც ჰქვია, მე ეს გამორიცხული მგონია... ხელისუფლებას ხომ ესმის, რომ დასავლეთთან გარკვეული ტიპის ურთიერთობა მაინც აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს. ამიტომ ყველაფერი ჩვეულებრივი იმიტაციაა, რათა მომავალში რაღაც სათქმელი ჰქონდეთ. მათ ზედმიწევნით კარგად აქვთ შესწავლილი ის ძირითადი პრეტენზიები, რომლებსაც დასავლეთი, ცივილიზებული სამყარო უყენებს ქვეყანას. შესაბამისად, იქ, სადაც ჩათვლიან, რომ მათთვის პრობლემა არ არის და რაღაცის დათმობა შეუძლიათ, ნაბიჯებს დგამენ მხოლოდ იმისთვის, რომ კრიტიკის საპასუხოდ ხელჩასაჭიდი არგუმენტი ჰქონდეთ. აი, რეალურად ეს ხდება და მეტი არაფერი”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.
“რაც შეეხება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს, წარმოიდგინეთ თავი ევროპელების ადგილას - რომელიღაც ქვეყნის ხელისუფლება ლანძღავდეს მათ დედაბუდიანად, ყოველდღე უწოდებდეს “გლობალური ომის პარტიას”, ახსენებდეს რაღაც “თავსმოხვეულ ძალებს” და იმავდროულად, ამ ქვეყნის მოსახლეობაც, ასე რომ ვთქვათ, ამ კურსს ეგუებოდეს ან ეთანხმებოდეს. თუ ეს ძალა ხელისუფლებაშია, ევროპელის თვალში ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობაც იზიარებს ამ რიტორიკას. აქედან გამომდინარე, ევროპაში სრულიად ლოგიკურად ჩნდება კითხვა - მე რატომ უნდა მინდოდეს ასეთი განწყობების მქონე ხალხი ჩემთან, ევროკავშირში, თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობდეს? იყვნენ მაშინ თავისთვის, რა პრობლემააო. შესაბამისად, უვიზო მიმოსვლის გაუქმების ან შეჩერების პერსპექტივა რეალურია. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად და მყისიერად მიიღებენ, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვათ, აბსოლუტურად ლოგიკური და მოსალოდნელია, რომ ეს საკითხი დასავლეთმა დღის წესრიგში დააყენოს”, - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “მედიით გავრცელდა ფირი, სადაც პოლიციელები უმოწყალოდ სცემენ დაკავებულებს...” - პასუხობს:
“სამწუხაროდ, გასაკვირი არაფერია - ჩვენი ძალოვანი სისტემა კრიმინალიზებულია. ბიძინა ივანიშვილი სისტემას კი არ ებრძოდა, სისტემა გადმოიბარა და “დახვეწა” კიდეც. ხელისუფლება ყველა კონკრეტულ შემთხვევას უტიფრად "ცალკეულს" უწოდებს. უამრავი ფაქტი დაგროვდა უკვე და ყველაფერზე გვეუბნებიან, ეს გამონაკლისიაო. ეს რომ არ გახმაურებულიყო, რეაგირებაც არ იქნებოდა. ახლა ვითომ ოთხი წლის თავზე, თებერვალში ჰქონდათ რეაგირება. ვვარაუდობ, რომ თებერვალში გაიგეს ფირის გაჟონვის ამბავი და პრევენციულად ვითომ ზომები მიიღეს - ეს გვაჩვენეს. თებერვალში არ გამოქვეყნებულა, ახლა გამოქვეყნდა. თუ გახსოვთ, 2011 წელს ხელისუფლებამ წინასწარ რომ გაიგო ციხის კადრების არსებობის შესახებ, ორი თანამშრომელი პრევენციულად დაიჭირა, რათა მერე ეთქვა, თითქოს ისინი იყვნენ დამნაშავეები და სხვა არაფერი ხდებოდა. ზუსტად იგივეა ახლაც, აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა. სისტემური მანკიერება ისევ სისტემურ მანკიერებად დარჩა, ოღონდ, სამწუხაროდ, მასშტაბი გაიზარდა”.
სიახლეები
- "ევროკავშირი ეფუძნება შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს, ეს პრინციპები თითოეულმა ქვეყანამ უნდა დაიცვას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს"
- სასიკვდილო საფრთხე ბუნებაში: რატომ არის პირველი 48 საათი გადამწყვეტი ტკიპის კბენისას
- რატომ ამზადებს ყველა ამ მარწყვის სალათს? - რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ!
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა
