"მედიასაშუალებების ნაწილი მიხეილ სააკაშვილთან და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებს"
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილთან და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით.
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მედიასაშუალებების გარკვეული ნაწილი ავრცელებს არასწორ ინფორმაციას.
„მედიასაშუალებების გარკვეული ნაწილის მიერ ვრცელდება გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაცია, რამაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს რეალობისგან განსხვავებული საზოგადოებრივი აღქმის ჩამოყალიბებას.
19 მაისს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს გეგმურად დანიშნული მაღალტექნოლოგიური კვლევა უტარდებოდა, რომლის დროსაც იგი პალატაში არ იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულობის მიუხედავად, ადვოკატი შოთა თუთბერიძე სამედიცინო გამოკვლევების დასრულებას არ დაელოდა, დატოვა კლინიკა და მედიასაშუალებებთან საუბრისას სპეციალური პენიტენციური სამსახური მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ შეზღუდვების დაწესებაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულა.
ტყუილია განცხადება, თითქოს მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს, პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში, შვილთან, ელის მარია სააკაშვილთან, შეხვედრის შესაძლებლობა არ ეძლეოდა. მსგავსი მოთხოვნით სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის 2022 წლის 18 მაისამდე არავის მოუმართავს. ვიზიტის მოთხოვნიდან მეორე დღეს, 2022 წლის 19 მაისს, ელის მარია სააკაშვილმა, დედასთან ერთად, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოინახულა მიხეილ სააკაშვილი.
აქვე, გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეული მედიასაშუალების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსჯავრდებული ნ. გვარამია N12 პენიტენციურ დაწესებულებაში სამარტოო საკანში იმყოფება.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნ. გვარამია, პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის დღიდან, ინფორმირებულია საკუთარი უფლებების შესახებ. იგი დაწესებულებაში სტანდარტულ საკანში, საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე იმყოფება მარტო, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის პრევენციის მიზნით, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი, ცალმხრივი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
სიახლეები
- "არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება, მჯერა, რომ ახლა რუსეთს ვებრძვით" - რას წერს ზურა ჯაფარიძე?
- 17-წლიანი არსებობის შემდეგ რატომ გახდა აუცილებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეორგანიზაცია
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირებულია და 49% შეადგენს" - „ევრობარომეტრი“
- "საქართველო დღეს დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა" - ელეონორა არჩაია