ამ გვერდის ამობედვა

პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძისსაქმეზე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალექსი ახვლედიანი კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ალექსი ახვლედიანს „დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში“, შემდეგ კი მათივე ინფორმაციით, ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

 

„საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თ.რ. სტუმრად იმყოფებოდა, ქ. საგარეჯოში, თავისი მეგობრის ა. ა.-ს სახლში. 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, თ.რ.-მ მალულად აიღო ა. ა.-ს კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ა.ა.-ს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

 

სამართალდამცველებმა ა.ა. იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

წაკითხვა 280 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 08 2025