“მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა” - საია-ს თავმჯდომარე
მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა. მის წინააღმდეგ მაქსიმუმ, სამოქალაქო წესით სარჩელის შეტანა შეიძლებოდა, ესეც იმ შემთხვევაში, თუ იმ პლაკატზე წარწერის მოსაშორებლად საჭირო გახდა რაიმე ხარჯის გაწევა, მაგალითად, გასაწმენდი საშუალებების შეძენა, - ასე ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნანა ქურდოვანიძე „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის 23 წლის მეგი დიასამიძის დაკავებას.
როგორც ქურდოვანიძე განმარტავს, დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული ისეთი წარწერა, რომელიც ნივთზე წარუშლელ კვალს არ ტოვებს, ან რომლის გამოსწორებაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი.
ამასთან, ქურდოვანიძე აცხადებს, რომ ეს ქმედება არათუ დანაშაული, სამართალდარღვევაც კი არ არის.
„ნებისმიერი რამ, ბანერი იქნება ეს, თუ პლაკატი, რომელზეც გამოსახულია არჩევნებში მონაწილე პირი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, მიიჩნევა სააგიტაციო მასალად.
წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალის განთავსებას აქვს თავისი წესები. იმ შენობა-ნაგებობებს და სხვა ადგილებს, სადაც შესაძლებელია სააგიტაციო მასალის განთავსება, განსაზღვრავენ მუნიციპალიტეტის ორგანოები. თუმცა, საარჩევნო კოდექსით კატეგორიულად აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობაზე.
პეტრე მელიქიშვილის N12-ში მდებარე შენობა (სასტუმრო ,,საქართველო“) სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებულ პორტალზე მონიშნულია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი. შესაბამისად, ამ შენობაზე სააგიტაციო მასალის გამოფენა აკრძალულია და შესაძლებელია შეფასდეს შენობის იერსახის დამახინჯებად. შენობის იერსახის დამახინჯება არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და იწვევს იმ პირის დაჯარიმებას, რომელმაც ეს პლაკატი გააკრა.
შესაბამისად, ის პლაკატი, რომლის დაზიანების საფუძვლით 23 წლის სტუდენტი გოგო სისხლის სამართლის წესით დაიჭირეს, შესაძლოა შეფასდეს კანონის დარღვევით გამოფენილ საარჩევნო ბანერად.
რაც შეეხება იმას, კანონის დარღვევით გამოფენილი პლაკატის დაზიანება შეიძლება თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულად შეფასდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სტუდენტი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის იმგვარ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში პლაკატი განადგურებული არ არის, ის ისევ გამოფენილია. პლაკატი დაზიანებულადაც კი არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მასზე გაკეთებული წარწერა მალევე, მარტივად მოაშორეს.
დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული ისეთი წარწერა, რომელიც ნივთზე წარუშლელ კვალს არ ტოვებს, ან რომლის გამოსწორებაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი.
ამდენად, ეს ქმედება არათუ დანაშაული, სამართალდარღვევაც კი არ არის. თუ წარწერის მოშორებას დასჭირდა რაიმე გასაწმენდი საშუალების ყიდვა, რაც დაუჯდა მესაკუთრეს ამ საშუალებების შეძენა, შეეძლო დაეანგარიშებინა, წარმოედგინა შესაბამისი შესყიდვის მტკიცებულებები, შეეტანა სამოქალაქო წესით სარჩელი სასამართლოში და ედავა ამ ხარჯების ანაზღაურებაზე. ამ დავის განხილვას დალოდებოდა თვეები და შესაძლოა წლებიც, ისევე, როგორც არაერთი მოქალაქე ელოდება მისი საქმის გაჭიანურებულ განხილვას დღევანდელ სასამართლოში“, - აცხადებს ქუროდვანიძე.
"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძისსაარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით მეგი (ირმა) დიასამიძე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მან მელიქიშვილის გამზირზე, 8 სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.
სიახლეები
- ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
- “ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი - რაც შეეხება „MEGOBARI აქტს“, თუ არ მიიღებენ, მათთვის უკეთესი” - შალვა პაპუაშვილი
- “დავაკავეთ უკრაინის 2 მოქალაქე - ავტომანქანაში ნაპოვნია 2.4 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“ - სუს-ი
- “კვლევების გარეშეც რომ შევხედოთ გახარია -„ლელოს“ ტანდემმა ვერ შეძლო კომისიებში 1600 წევრის მოძიება” - შალვა პაპუაშვილი GORBI-ს კვლევაზე
- “ჩარლი კირკის მკვლელობა არის შემზარავი, დასაგმობი ფაქტი, აქედან ჩანს, საით მიაქანებენ ფსევდოლიბერალები თანამედროვე სამყაროს და „ნაცი” აქტივისტების სიცილი ამ მკვლელობაზე აჩვენებს, რომ „ნაცი” არის მკვლელი და „ნაცი” არის ბნელი” - ირაკლი კობახიძე