ამ გვერდის ამობედვა

მაკო გომური: მე თუ არა, ვინ უნდა იდგეს აქ?

„აი, იმ ადგილას ვიდექი, როდესაც ტყვია მომხვდა“, - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა 17 ნოემბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მაკო გომურმა, რომელმაც 20-21 ივნისის ღამის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა.

 

„გუშინ მეტროში ბიჭები მომიახლოვდნენ და მითხრეს, შენ იმ ადგილზე, იმ აქციაზე არ უნდა იდგე, იქ რა გინდაო. იქ ვერ ვუპასუხე, ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ახლა აქედან მინდა ვუთხრა, მე თუ არა, ვინ უნდა იდგეს აქ?“.

 

 

მაკო გომურის თქმით, ის რუსთაველზე დგას უკეთესი მომავლისთვის, რისთვისაც თავად უნდა იბრძოლოს.

 

 

„ჩემს მშობლებს ეშინიათ, აქ რომ ვდგავარ და სახელმწიფოს ნაწილობრივ გამოსდის ეს, რომ საზოგადოებაში შიში დანერგოს. მაგრამ მე ვიცი, რომ ძალა სწორედ იმ ადამიანებშია, რომლებიც ასე მონდომებით იცავენ ქვეყანას და არა ცალკეულ ჩინოვნიკებში“.

 

 

მაკო გომურის განცხადებით, ის დგას აქციაზე იმიტომ, რომ ერთიან და ძლიერ ქვეყანაში სურს ცხოვრება, სადაც გადამწყვეტი ადამიანების სიტყვა იქნება და არა ცალკეული ჩინოვნიკების სურვილები.

 

 

საპროტესტო აქციაზე გამოსვლები დასრულდა, თუმცა აქციის მონაწილეების ნაწილი ღამეს ისევ რუსთაველზე გაათევს. მათი მოთხოვნა უცვლელია - ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით.

 

 

პიკეტირებულია პარლამენტის შესასვლელები და, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დეპუტატებს 18 ნოემბერს ბიუროს სხდომის გამართვის შესაძლებლობას არ მისცემენ.

 

 

წაკითხვა 548 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 17 2019