ამ გვერდის ამობედვა

"ივანიშვილმა მიაღწია ზუსტად იმას, რაც სურდა" - ზაზა ბიბილაშვილი

შეცდომაა: "ქართულმა ოცნებამ ცუდად იმუშავა."

სწორია: "ივანიშვილმა მიაღწია ზუსტად იმას, რაც სურდა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი წერს.

მისი თქმით, ფაქტია: ამისკენ თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად მოვდიოდით.

 

"ამას 10 წელი არ იმჩნევდა დასავლეთი, რადგან 2012 წლის ბედუკაძე- რაფალიანცის რევოლუციას მისი მწვანე შუქიც ჰქონდა (რასაც დიდი ხანი არ ვაღიარებდით).

 

გამოსავალი: დეოლიგარქიზაცია და იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც ჩამოგვიწერეს.

 

ხელისუფლება ამას არასდროს გააკეთებს, რადგან თავადაა ოლიგარქიის ნაწილი - თავადაა ის პრობლემა, რომელიც უნდა აღმოიფხვრას.

 

ოპოზიცია ამას ვერ აკეთებს, ბევრი ობიექტური და ასევე ბევრი სუბიექტური მიზეზის გამო.


ხალხის ხელში მხოლოდ სპონტანური პროტესტი და რევოლუციაა, რაც არეულობას ნიშნავს და რაც არავის უნდა.

 

ამ ვითარებაში, თუ დასავლეთს სურს, შეინარჩუნოს საქართველო და დაეხმაროს ქართველ ხალხს, მის ხელთ ერთი, მაგრამ მძლავრი ბერკეტია:

 

სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი წრის წინააღმდეგ.

 

სანქციების გარეშე, საქართველოდან უახლოეს წლებში წავა ყველა, ვისაც წაესვლება, დარჩენილებს შეეხება რეპრესიები, ხოლო ქვეყანა იქცევა ყველასგან მივიწყებულ ბანტუსტანად, რითაც ასრულდება ოლიგარქისა და პუტინის ოცნება.

 

სანქციებით, ჩნდება შანსი, რომ ხალხმა იგრძნოს დასავლეთის რეალური მხარდაჭერა, ირწმუნოს ცვლილების, დაინახოს, რომ მარტო არაა და მშვიდობიანად დაასრულოს ოლიგარქია.

 

მგონი სულ ესაა,"- წერს სოციალურ ქსელში ზაზა ბიბილაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.

წაკითხვა 522 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 17 2022

სიახლეები