ამ გვერდის ამობედვა

"აშკარაა, რომ სააკაშვილის დაავადებებს საქართველოში ვერ მკურნალობენ, ამის აღიარება ხელისუფლებას არ უნდა"

ხომ ყველამ ვიცით, რომ ადამიანები, რომლებსაც ძალზე სერიოზული დაავადებები აწუხებთ, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გარბიან. ეს სამწუხარო რეალობაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი წერს.

მისი თქმით, ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, საზოგადოებას სთხოვს დახმარებას (სოციალური ქსელები აჭრელებულია ასეთი თხოვნებით). ბევრი კი ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების ან ქველმოქმედების ხარჯზე ახერხებს საზღვარგარეთ მკურნალობას.

 

"უცხოეთში მკურნალობა, მართალია, ფუფუნებაა, მაგრამ ამას რეალური საფუძველი აქვს - საქართველოში მედიცინის განვითარების დონე ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს (ცხადია, გამონაკლისები არსებობს, მაგრამ გამონაკლისი ხომ წესს ადასტურებს). 

 

აშკარაა, რომ სააკაშვილის დაავადებებს საქართველოში ვერ მკურნალობენ. ამის აღიარება ხელისუფლებას არ უნდა და ისეთ მდაბიო „არგუმენტებს“ იშველიებს, როგორებიცაა პაციენტის მიერ ავადმყოფობის სიმულაცია ან თვითდაზიანება.

 

ჰო, კიდევ იმას ამბობენ, საპატიმროებში სააკაშვილზე უფრო მძიმე ავადმყოფებიც გვყავსო, თითქოს ეს მათ წისქვილზე ასხამდეს წყალს. თუ ეს ასეა - მით უარესი პენიტენციური სისტემისთვის, ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ სნეული პატიმრები საქართველოში სასიკვდილოდ არიან განწირულები.

 

ავადმყოფი სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება კარგა ხანია აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს შურისძიებასთან. ის, რაც ვიქტორ ჯაფარიძემ ხეპრულად თქვა, ფაქტობრივად, ქართული პოლიტიკის შინაარსია სააკაშვილთან მიმართებით,"- წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

წაკითხვა 231 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 14 2022