ამ გვერდის ამობედვა

"უკრაინამ 7-დან 4 რეკომენდაცია შეასრულა" - ევროკომისია

მას შემდეგ, რაც უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, მან 7-დან 4 რეკომენდაცია შეასრულა. ამის შესახებ ევროკომისიის დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც „რადიო თავისუფლების“ ხელში აღმოჩნდა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

კერძოდ, შესრულებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონმდებლობის დანერგვა, დასრულებულია მართლმსაჯულების უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა პატიოსნების შემოწმების პროცედურა, ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესაბამისობა FATF-ის სტანდარტებთან და მედიასფეროს რეფორმირება და ევროკავშირის კანდიდატებთან აუდიოვიზუალური მედია მომსახურების შესაბამისობა.

 

ამასთანავე, შეუსრულებელი რჩება კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით უკრაინის ხელისუფლების ძალისხმევა. ამ მხრივ ევროკომისია ანტიკორუფციული პროკურატურის ახალი ხელმძღვანელის და ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ახალი დირექტორის დანიშვნას ელოდებოდა. 

 

ასევე უკრაინამ ჯერ არ შეასრულა ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია ნაციონალური უმცირესობების მიმართულებით კანონმდებლობის რეფორმირების მხრივ. საუბარია სახელმწიფო ენის, მედიის და განათლების შესახებ კანონში ცვლილებებზე.

 

როგორც რამდენიმე დღის წინ რადიო „თავისუფლების“ ევროპული ბიუროს კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა, მიმდინარე წელს ევროკავშირი მოლდოვასთან და უკრაინასთან ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას დაიწყებს, ხოლო საქართველო ევროკავშირის ოფიციალური კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

წაკითხვა 147 ჯერ