ამ გვერდის ამობედვა

"სააკაშვილზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებასა და საზოგადოებას ეკისრება"

ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრაც იყო კიდევ ერთი დასტური, რომ იქ, სადაც არის უდიდესი გამოწვევა ქვეყნის წინაშე, ჩვენ ვერთიანდებით. ვფიქრობ, ყველას ძალისხმევით მოვახერხებთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას და ის იქნება საზღვარგარეთ გადაყვანილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ყველა თანხმდება, რომ ის საზღვარგარეთ უნდა იყოს გადაყვანილი.

 

„ყველაფერი, თუ როგორ განვითარდება პროცესები, თავიდან ბოლომდე იქნება დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“. მარტივად დააყენა დღის წესრიგში საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ – მიხეილ სააკაშვილის, როგორც ადამიანის, ყოფნა-არყოფნის საკითხი, მისთვის სიცოცხლის წართმევა თუ შენარჩუნება. როდესაც მთელი საერთაშორისო-სამედიცინო საზოგადოება, ქართველ მედიკოსებთან ერთად, გეუბნება, რომ ადამიანი არ ექვემდებარება გამოჯანმრთელებას იმ პირობებში, რომელშიც ამყოფებენ, ერთადერთი გამოსავალია სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა. თუ რეალობას თვალს არ უსწორებს ხელისუფლება, ბუნებრივია, პროცესები ვეღარანაირად განვითარდება ისე, როგორც ვითარდება დღეს. ამ პროცესში საზოგადოების როლი, მათ შორის ოპოზიციური ძალების, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“, იქნება გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი. მჯერა, რომ ამ ძალიან მძიმე პროცესს ქვეყნისთვის ფინალი ექნება სასიკეთო. სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემა, მისი მოკვდინების მცდელობა – ვერ დარჩება ამ საკითხების მიმართ გულგრილი საქართველოს პატრიოტი ვერცერთი მოქალაქე. მთლიანად საზოგადოების პრობლემაა, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გიკვდება პატიმრობასა და ტყვეობაში. ამას წინ აღვუდგებით ყველა შესაძლო ლეგიტიმური შესაძლებლობით“, – განაცხადა მელიამ.

 

ამასთან, ნიკა მელიას განცხადებით, მთელი დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანოს.

 

„მთელი დასავლური პოლიტიკური ისტაბლიშმენტი მოუწოდებს ხელისუფლებას სააკაშვილის გადაყვანისკენ. პასუხისმგებლობა ამ თვალსაზრისით ეკისრება ხელისუფლებას, მაგრამ, ფართო გაგებით, პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება საზოგადოებას, ყველას, ვისთვისაც სულ ერთი არ არის, როგორი იქნება ამ სახელმწიფოს ბედი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. მჯერა, რომ ქართული საზოგადოება ამ გამოწვევის წინაშე გაიმარჯვებს“, – განაცხადა მელიამ.

წაკითხვა 159 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 08 2022

სიახლეები