ივნისი 12 2026 წაკითხვა 201 ჯერ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერა ხელი. დავით სონღულაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  თანამშრომლობის მემორანდუმები საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას, საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებას და შესაბამის სფეროებში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას შეუწყობს ხელს.

„საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის. ეს, ბუნებრივია, აისახება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე სხვადასხვა მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში გავაფორმეთ მემორანდუმები როგორც ვეტერინარიის, ისე რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში, რაც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა სხვა მიმართულებებითაც, რათა პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსების, ეკოლოგიისა და ტექნიკური ზედამხედველობის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს.

თანამშრომლობა მოიცავს მარეგულირებელი პრაქტიკისა და კანონმდებლობის გაზიარებას, ლიცენზირებისა და ზედამხედველობის საკითხებს, რადიოაქტიური ნარჩენების მართვას, ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების მექანიზმების განვითარებას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, კადრების გადამზადებასა და პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის წყლის რესურსების, სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის სამინისტროს ვეტერინარიის, მეცხოველეობის განვითარების, საძოვრებისა და ცხოველის საკვების სამსახურს შორის.

დოკუმენტის მიზანია ვეტერინარიის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება, ცხოველთა ინფექციური, მათ შორის ზოონოზური დაავადებების გავრცელების პრევენცია და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით ვაჭრობის ხელშეწყობა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ ვეტერინარიის სფეროში გამოცდილების გაზიარების, ცხოველთა დაავადებების კონტროლის, ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მიკვლევადობის სისტემების გაუმჯობესების მიმართულებით. დაგეგმილია ერთობლივი სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრებისა და სასწავლო პროგრამების განხორციელება, ვეტერინარული და სანიტარიული უსაფრთხოების სფეროში სამეცნიერო კვლევების ჩატარება და ტექნიკური მხარდაჭერის გაძლიერება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ივნისი 12 2026 წაკითხვა 215 ჯერ

ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის ერთმანეთთან თანამშრომლობა, მათ ერთმანეთიც კი არ მოსწონთ და როგორ უნდა მოაწონონ ქართველ ხალხს თავი , ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყირგიზეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს იმისა, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან.

„გახსოვთ რამდენიმე თვის წინანდელი პროგნოზები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ახალი გაერთიანება აუცილებლად დაიშლებოდა, ისევე, როგორც დაიშალა აქამდე მსგავსი გაერთიანება წარსულში. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი – მთლიანობაში ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის ერთმანეთთან თანამშრომლობა. მათ ერთმანეთიც კი არ მოსწონთ და როგორ უნდა მოაწონონ ქართველ ხალხს თავი. ამ ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს იმისა, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან და ამიტომ არიან ორიენტირებულები არა ქართველ ხალხზე, არამედ, მათ გარე პატრონებზე. რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევას ამ პროცესში, ესეც მეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი რადიკალურ ოპოზიციაში”, – განაცხადა პრემიერმა.

ივნისი 11 2026 წაკითხვა 235 ჯერ

დღეს ოპოზიციაში ყოფნა ყველა რისკს ნიშნავს, რაც კი ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ გადავუხვევთ ხაზს, რომელიც ჩვენ გვაქვს - ეს არის ის, რომ ყველა რეპრესიას მშვიდად შევხდეთ, რეპრესიების მძიმე ტალღის გადატანა მოვახერხოთ, ამან წონასწორობიდან არ გამოგვიყვანოს და სიძულვილსა და რეპრესიებს სიმშვიდის და გამთლიანებისკენ მოწოდებით ვუპასუხოთ, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ე.წ. საბოტაჟის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჯაფარიძის შეფასებით, აღნიშნული საქმე თავის არსით 30-იან წლებში წარმოებულ აბსურდულ საქმეებს უტოლდება, როცა ადამიანებს იმის გამო ასამართლებდნენ, რომ ესა თუ ის პირი ხელისუფლებისთვის სასურველ პირად არ მიიჩნეოდა.

ჯაფარიძის თქმითვე, „პროცესი შეკვეთილია ერთი ადამიანის მიერ“.

„სასამართლო სხდომა შეგნებულად არის დახურული, რათა საზოგადოებამ ის საოცარი აბსურდი ვერ მოისმინოს, რასაც ჩვენ ახლა ვესწრებით. ეს არის პოლიტიკური ლიდერების გამორჩეული დევნა - ყველასი ერთად! პოლიტიკური ლიდერები იმ პარტიებს წარმოადგენენ, რომელთაც ბოლო არჩევნებზე ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღეს. ეს იმ მიზანს ემსახურება, რომ განსხვავებული პოლიტიკური აზრი იდევნებოდეს და ამისთვის გამოყენებული იქნას პროკურატურა და სასამართლო.

ადამიანმა, რომელმაც ეს პროცესი დაუკვეთა, გადაწყვიტა, რომ ახლა პროცესი უნდა დააჩქაროს. ასეთ გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში ერთადერთი ადამიანი იღებს, რომელიც სათანადო ნდობით აღჭურვილი პირების მეშვებით დავალებებს შესაბამის უწყებებს გადასცემს.

საქმეში არსებული მასალები სამაგალითო სისულელეს ადასტურებს, რომლის მაგალითი ძნელი წარმოსადგენია, გარდა 30-იანი წლებისა, როდესაც ადამიანებს ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრაში ადანაშაულებდნენ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

ივნისი 11 2026 წაკითხვა 292 ჯერ

ჩვენ არსაიდან არ გამოვდივართ, ვართ ალიანსში. იქიდან გამოსვლას არ ვაპირებთ - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ერთობა არის მნიშვნელოვანი.

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ალიანსის შექმნა არ ნიშნავს, რომ ვისაც ადრე არ გვიყვარდა ერთმანეთი, ახლა უცებ შეგვიყვარდება. ჩვენ სწორედ ამას ვსაუბრობთ რამდენი ხანია, რომ უნდა მოვახერხოთ ჩვენი ანტიპათიის, ბოღმისა თუ სხვა რაღაც უსიამოვნო ემოციების უკანა პლანზე გადაწევა და წინა პლანზე იმის დაყენება, რაც არის მართლა მთავარი და მნიშვნელოვანი. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის წინაშე. „მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო“, მით უმეტეს, ასეთ ბრძოლაში საქართველოს გადასარჩენად. ამას სჭირდება ერთიანობა. ამას ქადაგებს და მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილი ჩვენს საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს.

რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანის „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანებას, იყო ამაზე საუბრები გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ის ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ გვიმალავს. ეს მისი წინადადებაა. იცით მიხეილ სააკაშვილის წონა, მას აქვს ეს იდეა, მიზანი. ყველანაირი კარგი ადამიანის, მებრძოლის, პატრიოტის შემომატებას მივესალმები. ახლა თითოეული ასეთი ადამიანი არის ძვირფასი. შეიძლება ნანუკას არ ვიცნობთ როგორც პოლიტიკოსს, მაგრამ საზოგადოება იცნობს, როგორც აქტიურ, ენერგიულ, ორგანიზებულ ადამიანს, რომელსაც ამდენი ადამიანი ენდობა. მივესალმებით იმას, რომ მას აქვს სურვილი უფრო აქტიურად ჩაერთოს „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაში. ის ჩვენთვის უცხო არ არის. ჩვენი სახელით კენჭსაც იყრიდა. ყრილობა მალე ჩატარდება.

ჩვენ არსაიდან არ გამოვდივართ, ვართ ალიანსში. იქიდან გამოსვლას არ ვაპირებთ. იმიტომ, რომ მიგვაჩნია ერთიანობა არის მნიშვნელოვანი, მიუხედავად ყველაფრისა. არის ხოლმე, რომ შეკრებებს არ ვესწრებით, ესეც ჩვენი უფლება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ალიანსიდან ვართ გასულები“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ივნისი 11 2026 წაკითხვა 220 ჯერ

,,დღეს ჩანიშნული შეხვედრა ტექნიკური ნიუანსების დისკუსიას და გარკვევას ეხება“, - ამის შესახებ დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„დღეს ჩვენ ვისჯებით ბრიუსელიდან იმიტომ, რომ მათ პოლიტიკას არ გავყევით. ეს არის შანტაჟი და მუქარა მორიგ ჯერზე. ჩანიშნული შეხვედრა ტექნიკური ნიუანსების დისკუსიას და გარკვევას ეხება“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ივნისი 11 2026 წაკითხვა 229 ჯერ

,,ვიზალიბერალიზაციის თემა საერთოდ აზრს კარგავს, თუკი ქვეყანა მოისპო და განადგურდა,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ქართული მხარის არგუმენტები მყარია.

„ტექნიკურ მხარეში, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საკმაოდ გამართული ვართ და კარგი მაჩვენებლები გვაქვს ყველა მიმართულებით. როგორც კი პოლიტიკურ თემაზე დაიწყება საუბარი, რასაც მივესალმებით, ჩვენ საკმაოდ სერიოზული არგუმენტებით ვართ შეიარაღებული. ძირითადი მოთხოვნები 4 საკითხია: ვიზალიბერალიზაციის თემა, საგარეო კურსის თემა და გარკვეული კანონების უკან წაღების თემა. თუკი ეს ყველაფერი ჩვენთვის მისაღები არ არის, ეს განიხილება მათი მხრიდან როგორც დეზინფორმაცია და ევროპის წინააღმდეგ გალაშქრება. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი არგუმენტები მყარია და ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც საკმაოდ ნათელია შექმნილი სურათი.
4 თემაა, რომლითაც შემოტევა ხორციელდება საქართველოსთან მიმართებაში. ამ ოთხივე თემასთან დაკავშირებით ჩვენ საკმაოდ მყარი პოზიცია გაგვაჩნია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს, კარგად გაიაზროს, რა თემებზეა საუბარი. მაგალითად, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება გარკვეულ ქვეყნებთან, რომლებთანაც ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირს არ გააჩნია, ჩვენთვის კი სტრატეგიული მნიშვნელობის არის და პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ თემებს, საგარეო ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკური სანქციების გამოცხადებაში და თუნდაც, სამხედრო დაპირისპირების პროცესში ჩაურევლობა ჩვენი პოზიციაა და ამას ვერანაირად შევცვლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა დაინგრევა და მერე უკვე, როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, ვიზალიბერალიზაციის თემაც საერთოდ აზრს კარგავს, თუკი ქვეყანა მოისპო და განადგურდა.
რაც შეეხება დეზინფორმაციას ევროპასთან დაკავშირებით – ჩვენ ამაზე ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან თავად ევროპულ ქვეყნებში, ევროპარლამენტში ღია დებატების დროს, საკმაოდ ხშირად გაისმის გარკვეული კრიტიკა. ჩვენც არ უნდა შევიკავოთ თავი და რეალობას თვალებში უნდა ჩავხედოთ. რაც შეეხება ჩვენს სწრაფვას, საერთოდ, ევროინტეგრაციის პროცესს – ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი საამაყო თემა, ვინაიდან საერთო სტატისტიკური მაჩვენებელი ჩვენ ევროკავშირის წევრ ბევრს ქვეყანაზეც უკეთესი გვაქვს. მათ შორისაა, მართლმსაჯულება, დემოკრატია, კრიმინალთან ბრძოლა, მთავრობის გამჭვირვალობა და ა.შ. ასე რომ, ჩვენი პოზიციები მართალია, თუკი ამას, რასაკვირველია, დავუმატებთ იმ გარემოებას, რაც მსოფლიოშია შექმნილი. რასაკვირველია, საფრთხე მაინც არსებობს. დაპირისპირება, ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენსა და ბრიუსელს შორის არსებობს და არგუმენტების ჭიდილი თუ იქნება, რასაკვირველია, ჩვენ კარგი პოზიცია გვაქვს,” – განაცხადა ვოლსკიმ.

გვერდი 1 სულ 746
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.