"ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესები გასცდა ერთი ადამიანის პრობლემის ფარგლებს"
ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესები გასცდა ერთი ადამიანის პრობლემის ფარგლებს. ეს ყველას პრობლემაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მელია გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა.
ნიკა მელიას თქმით, ახლა ყველას ამოცანა არის სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა.
„სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს ადამიანის ტყვეობაში ყოფნა ერთი წლის განმავლობაში. სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს ადამიანისთვის, თუნდაც ტყვეობაში მყოფი ადამიანისთვის, კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებების ჩამორთმევა. ამ ერთი წლის განმავლობაში სატელეფონო ზარის უფლებაც არ ჰქონდა. სასამართლო პროცესზეც კი არ მოჰყავთ, არ რთავენ დისტანციურად, მეტი რა არის, რაც შეუძლიათ, გაუკეთონ ტყვეობაში მყოფ ადამიანს და, პარალელურად, გქონდეს ეს მასკარადი სასამართლო პროცესის სახით. ნაკლებად გითქვამთ თქვენც, თქვენს მაყურებლებსაც, რომელი ხელისუფლების პირობებში მოკლეს ზვიად გამსახურდია. სახელმწიფომ, ახალმა თაობებმა, მომავალმა თაობებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი მოკლეს და ამან სახელმწიფო მრავალი წლით დაწია განვითარების გზიდან. ამიტომ ახლა ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანა არის ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა. ყველას ამოცანაა, იქნება ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი თუ სხვა ოპოზიციური პარტიის, ან თუნდაც „ოცნების“, თუ დარჩა აზრიანი ამომრჩეველი, რომლისთვისაც სახელმწიფოებრიობა მნიშვნელოვანია. ჩვენ, ყველამ, უნდა გავიაზროთ, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესები გასცდა ერთი ადამიანის, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის, პრობლემის ფარგლებს. ეს ყველას პრობლემაა“, – განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ოპოზიციიდან დეპუტატებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტში გაჩერება-არგაჩერების საკითხზე იმის მიხედვით, გამოუტანენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს სააკაშვილს.
„ამდენი დაავადება როდესაც აქვს, დასკვნა დასკვნაზე იდება, შენ კიდევ საუბრობ, რომ ერთი თვე გჭირდება, რათა რაღაც გამოიკვლიო, უბრალოდ, სულ მცირე, გინდა, რომ ადამიანი დარჩეს უუნარო. რატი ბრეგაძე მიზანმიმართულად აზიანებს სახელმწიფოს, მის საუკეთესო ინტერესებს და მის მომავალს. ისევე, როგორც მიზანმიმართულად დააზიანა სახელმწიფო ძალიან ბევრმა ადამიანმა, როდესაც ზვიად გამსახურდიას კლავდნენ. იმავეს აკეთებს რატი ბრეგაძე, იმავეს აკეთებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები. მიმაჩნია, რომ ოპოზიციიდან დეპუტატებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პარლამენტში გაჩერება-არგაჩერების საკითხის გარშემო იმის მიხედვით, ადამიანს გამოუტანენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი