ამ გვერდის ამობედვა

"ევროპარლამენტში დებატებზე სააკაშვილის განაჩენის კანონიერება კითხვის ქვეშ არავის დაუყენებია"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში გუშინდელი დებატებისას მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის კანონიერება კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია.

პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტში წერტილი დაესვა საკითხს, მიხეილ სააკაშვილი კანონიერად იხდის თუ არა სასჯელს და ყველას მოუწია აღიარება, რომ სააკაშვილის სასჯელი კანონიერია.

 

„რაც შეეხება გუშინდელ დებატებს, მგონი, ყველას მოგვხვდა თვალში, რომ მთელი დებატების განმავლობაში, არავინ, არც ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერია, საერთოდ არავინ. ვფიქრობ, ეს არის მთავარი მიღწევა იმ დისკუსიისა, რომელიც მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ შედეგი – გუშინ საერთოდ არავის უხსენებია სიტყვა პოლიტპატიმარი, უკანონო განაჩენი, გათავისუფლება იმის გამო, რომ არის უკანონოდ დაჭერილი. ამით წერტილი დაესვა, მათ შორის ევროპულ პარლამენტში საკითხს, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასჯელს კანონიერად იხდის თუ არა. წერტილი – ეს არის კანონიერი განაჩენი, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული, ეს აღიარებულია, გუშინ არავის დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ. ყველა ვთანხმდებით და ჩვენი თვალით ვნახეთ, ჩვენი ყურით მოვისმინეთ, აღარავინ ახსენებს, თითქოს მიხეილ სააკაშვილი არის უკანონოდ დაკავებული, პოლიტპატიმარი და ა.შ. ეს თემა დახურულია, მიხეილ სააკაშვილი იხდის კანონიერ სასჯელს.

 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კიდევ ერთხელ ვამბობ – ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, მათ შორის ჰუმანური სახელმწიფო, რომელიც განსაკუთრებით ზრუნავს პატიმრებზე, ვინაიდან სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იმყოფებიან, ვინაიდან არიან პენიტენციურ სისტემაში და შეზღუდული აქვთ თავისუფლება. სახელმწიფო ზრუნავს მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე და ყველაფერს აკეთებს ამისთვის. აქაც არავის, არსად, არასდროს, მათ შორის ამ დასკვნების განმავლობაში არ დაუსახელებია სერვისი, რომელიც მას არ მიეწოდება, რაიმე ანალიზი, რომელიც მას არ ჩაუტარდა, რაიმე სხვა საკითხი, რომელიც მას სჭირდებოდა და არ მიეცა. ვნახეთ პირიქით, რომ ერთი მხრივ, ის სარგებლობს ისეთი საკითხებით, რომელიც, როგორც წესი, პაციენტს არ უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება იმას, რამდენი გამომსვლელი იყო და ა.შ. სიმართლე რაოდენობით არ ითვლება, სიმართლე ითვლება შინაარსით. როგორც გუშინ ყველას მოუწია აღიარება, სააკაშვილის სასჯელი არის კანონიერი და ვეღარავინ ახსენა სიტყვა „პოლიტპატიმარი“, სიტყვა „უკანონო განაჩენი“. როგორც გუშინ ეს სიმართლე დამტკიცდა, ასე დამტკიცდება ყველაფერი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 196 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 14 2022