"არ მინდა ყოფილ პრეზიდენტზე საუბარი, იმიტომ, რომ ის არის წარსული" - ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე
„არ მინდა ყოფილ პრეზიდენტზე საუბარი, იმიტომ, რომ ის არის წარსული,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვა, მძიმე დანაშაულები ჩაიდინა.
„მინდა ვისაუბრო აწმყოზე, მომავალზე, უფრო საინტერესო ეს არის ჩვენთვისაც და დარბაზისთვისაც, მაგრამ რადგან მკითხეთ, მოკლედ გიპასუხებთ. ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბევრი შეცდომა ჩაიდინა, მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, ამიტომ არის, ციხეში კი არ არის, არამედ კლინიკაში, კერძო კლინიკაშია, უკვე ერთი წელია. ძალიან ბევრი სპეკულაცია და ყალბი ინფორმაცია ვრცელდება ამის შესახებ. მისი ოჯახი ხარჯავს მილიონობით დოლარს ბოლო ორი წლის განმავლობაში და აბრალებს საქართველოს მთავრობას, რომ ვითომ ვწამლავთ, ვითომ ვტანჯავთ, ვითომ ვაწამებთ. საქმე წაიღეს სტრასბურგში, ადამიანის უფლებების სასამართლოში. სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ უარი უთხრა ყველა თხოვნაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს მისი ჯანმრთელობის, პირობების ზრუნვით და ევროპული სტანდარტებით აკეთებს ამას ყველაფერსო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა რისკს იმისა, რომ სააკაშვილი გარდაიცვალოს კლინიკაში.
„მე არ მინდა ამაზე კომენტარი გავაკეთო. ყველა ადამიანს, ყველა პატიმარს ვუსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს და რაც გითხარით, იმას გავიმეორებ - ვიცავთ ყველა ადამიანის, ყველა მოქალაქის უფლებებს, ყველა პატიმრის უფლებებს“, - განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- "უკრაინისთვის საკვანძო სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ დასავლეთის გადაწყვეტილებები ძალიან ნელია" - ზელენსკი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 მაისისთვის
- "პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 1 402 000 შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია" - ლევან დავითაშვილი
- ირანის პრეზიდენტის ცხედარს თავრიზიდან მეშჰედში გადაასვენებენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში