ამ გვერდის ამობედვა

“ქუთაისს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი” – თინა ბოკუჩავა

ქუთაისს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი, უნდა განვავითაროთ და გავზარდოთ ქუთაისის აეროპორტი, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქუთაისი უნდა გახდეს IT ტექნოლოგიების მოწინავე ქალაქი, რომელიც შექმნის ძალიან ბევრს მაღალანაზღაურებად სამუშო ადგილს.

„ეკონომიკა მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის კლანის სასარგებლოდ. დღეს ადამიანებს უკეთესი მომავლის საძიებლად საზღვარგარეთ უწევთ წასვლა. ეს ყველაფერი აუცილებლად ერთად უნდა შევცვალოთ. მხოლოდ 2021 წელს 30 000-მა საქართველოს მოქალაქემ ევროკავშირის ქვეყნებში მოითხოვა თავშესაფარი. ასი ათასი ადამიანი წავიდა მხოლოდ 2021-2022 წლებში და რამდენი ადამიანია წასული იმერეთიდან, ქუთაისიდან?!

მე მინდა გკითხოთ, იცნობთ თუ არა ერთ ოჯახს მაინც, საიდანაც ერთი ოჯახის წევრი მაინც არ არის წასული საზღვარგარეთ? მე ვიცნობ ასეთ ოჯახებს და მინდა, რომ თქვენც მითხრათ. როდესაც ადამიანები, ოჯახის წევრები, დედები, მამები, შვილები მიდიან იმისთვის, რომ ელემენტარული საკვები ჰქონდეთ ბავშვებს და არ შიოდეთ სკოლაში, ეს რეალობა უნდა შევცვალოთ, უნდა დავაბრუნოთ ემიგრანტები საქართველოში. დედებს არ უნდა ჰქონდეთ ასეთი მძიმე არჩევანი გასაკეთებელი ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, ქუთაისს ძალიან განსაკუთრებული ადგილი აქვს ჩვენს გულსა და ჩვენი ქვეყნის ძალიან ნათელ ევროპულ მომავალში. ქუთაისს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი. ასევე, ქუთაისის აეროპორტი აუცილებლად უნდა განვავითაროთ და გავზარდოთ. თქვენ გახსოვთ, როდესაც ეს იდეა დაიბადა თავის დროზე, როგორ ქილიკით საუბრობდა ამაზე ივანიშვილი და მისი გარემოცვა, ახლა კი თავს იწონებენ ქუთაისის აეროპორტით, თითქოს ეს მათი იდეა იყოს. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ წარსულზე, მხოლოდ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, ქუთაისის აეროპორტი აუცილებლად უნდა გაიზარდოს. ქუთაისი უნდა გახდეს IT ტექნოლოგიების მოწინავე ქალაქი, ქუთაისს ეს ისტორიული როლიც ჰქონდა და ახლა, რა თქმა უნდა, სამომავლოდ შეუძლია ეს როლი გამოიყენოს. ეს შექმნის ძალიან ბევრ მაღალანაზღაურებად ღირსეულ სამუშო ადგილს იმისთვის, რომ ქუთაისელები იყვნენ აქ, არ მიდიოდნენ საზღვარგარეთ და აქ იყოს სწორედ დიდი შანსი და პოტენციალი თქვენთვის, თითოეული ქუთაისელისათვის, ბავშვებისთვის, რომ ქუთაისი მართლაც იყოს რეგიონის ცენტრი და ჩვენი ქვეყნის განვითარების ცენტრი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

წაკითხვა 212 ჯერ