ამ გვერდის ამობედვა

"სააკაშვილი და მისი გუნდი რეალურად აკეთებდნენ რუსულ საქმეს" - თალაკვაძე

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური კომპასი არეული აქვს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებების შეფასებისას განაცხადა. 

„პირველ რიგში, რაც მან და მისმა გუნდმა უნდა გააკეთოს, ეს კომპასი უნდა გაასწორონ აუცილებლად, რადგან არეული კომპასით პოლიტიკურ პროცესში მოძრაობა არის ძალიან არაეფექტური და წამგებიანი. რაც შეეხება რუსულ საქმეს, სწორედ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მოხდა სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა რუსეთზე. სააკაშვილის პასუხისმგებლობით მოხდა ყველა იმ დასავლური ინსტიტუტისა და ღირებულების მოშლა და დანგრევა ქვეყანაში, რომელზეც რეალურად დგას ქვეყნის ეროვნული კურსი და პროდასავლური კურსი. ეს იყო ადამიანის უფლებები, ეს იყო საკუთრების უფლება, ბიზნესის თავისუფლება, დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია, ეს იყო ღირებულებები, რომლებიც სააკაშვილის ხელმძღვანელობით ფეხქვეშ იყო გათელილი.

 

შესაბამისად, თუ ვინმე მოძრაობდა ხელგაშლილი რუსეთის მიმართულებით და რუსეთის ინტერესებს ატარებდა, ეს იყო სააკაშვილი და მისი გუნდი. ისინი სიტყვით აცხადებდნენ, რომ იყვნენ პროდასავლელები და საქმით იყვნენ აბსოლუტურად პრორუსები. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების განმტკიცება, საკუთრება და ბიზნესი დაცულია, მედია არის მრავალფეროვანი, ქვეყანას აქვს ახალი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია, არჩევნები ტარდება დემოკრატიულად, სტრატეგიულ ობიექტებზე სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური კონტროლი და ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის და ეროვნული ინტერესების შესაბამის კურსს, ჩვენ ვატარებთ პროდასავლურ პოლიტიკას. საზოგადოებას არ გაუჭირდება შეფასება, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი რეალურად აკეთებდნენ რუსულ საქმეს საქართველოში, ხოლო „ქართული ოცნება“ აკეთებს ეროვნულ საქმეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

წაკითხვა 670 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 17 2020