ამ გვერდის ამობედვა

"უპილოტო საფრენი აპარატი საქართველოს მხრიდან შესაძლოა, კონფლიქტის გადასაჭრელად იქნას გამოყენებული"

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაზრდით აღშფოთებულია და აშშ-ის წარმომადგენლებისგან დეტალურ განმარტებებს ელის. ამის შესახებ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს ხელმძღვანელობა, რომელიც სამხედრო პოტენციალს აქტიურად აძლიერებს, ცდილობს საკუთარი მოქმედება რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზეზით გაამართლოს. თუმცა, ძალიან რთულია სადაზვერვო და საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების შეძენის გეგმა მხოლოდ საკუთარი თავდაცვის ინტერესებით გაამართლო. მთიან ყარაბაღში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, სადაც უპილოტო საფრენი აპარატები აქტიურად გამოიყენეს, საქართველოს გეგმები ასეთი ტიპის თანამედროვე მაღალი სიზუსტის იარაღის შეძენასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. აშკარაა, რომ ეს იარაღი, შესაძლოა, გადაუჭრელი კონფლიქტების ძალისმიერი გზით გადასაჭრელად იქნას გამოყენებული,“- აცხადებენ ე.წ. საგარეო უწყებაში.

 

მათი მტკიცებით, საქართველოს მილიტარიზაციის კურსს მხარს ოფიციალური ვაშინგტონი უჭერს, რის გამოც „აფხაზური მხარე“ აპირებს აშშ-ის წარმომადგენლებისგან დეტალური განმარტება მოითხოვოს.

 

„ეჭვგარეშეა ისიც, რომ საქართველოს მილიტარიზაციის კურსს აქტიურად უჭერს მხარს ოფიციალური ვაშინგტონი. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოში მილიტარიზაციის პროცესის გააქტიურება ძალზე საშიშია და პირდაპირ საფრთხეს უქმნის მშვიდობას და სტაბილურობას. აფხაზური მხარე გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების ასეთი პროვოკაციული ქმედებების გამო, რამაც შეიძლება კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ახალი რაუნდი შექმნას. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აფხაზური მხარე აპირებს აშშ-ის წარმომადგენლებისგან დეტალური განმარტება მოითხოვოს სამხედრო პოტენციალის გაზრდასთან დაკავშირებით საქართველოს ხელმძღვანელობის განზრახვის შესახებ,“- აღნიშნულია ე.წ. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წაკითხვა 840 ჯერ