მეორე კვარტალში სურსათისა და სასმელი წყლის 1600-ზე მეტი ნიმუშია აღებული, დარღვევა 168 ნიმუშში გამოვლინდა - სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნედლი რძის 63 ნიმუშიდან ბრუცელოზი 3 შემთხვევაში გამოვლინდა. ამასთან, რძისა და რძის ნაწარმის 90-ზე მეტი ნიმუშიდან მცენარეული ცხიმის შემცველობა ყველის სამ ნიმუშში აღმოჩნდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მეორე კვარტლის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. სააგენტოს ინსპექტორებმა მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში, მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა მაჩვენებელზე საკვლევად, სურსათისა და სასმელი წყლის 1600-ზე მეტი ნიმუში/სინჯი აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევის შედეგად, დარღვევა 168 ნიმუშში აღმოჩნდა, რაც საერთო მაჩვენებლის მხოლოდ 10%-ია.
„გამოვლენილ შეუსაბამობებზე გატარდა კანონით განსაზღვრული ღონისძიებები - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ ან/და დაევალათ სურსათის რეალიზაციის აღკვეთა, ბაზრიდან გამოთხოვა, დასაწყობება და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება.
ნედლი რძის 63 ნიმუშიდან ბრუცელოზი გამოვლინდა 3 შემთხვევაში; რძისა და რძის ნაწარმის 90-ზე მეტი ნიმუშიდან მცენარეული ცხიმის შემცველობა ყველის სამ ნიმუშში აღმოჩნდა; ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლენილი ალერგენების შესახებ ეტიკეტზე ინფორმაციის არასრულყოფილად დატანისთვის ალკოჰოლური სასმელების ორი მწარმოებელი დაჯარიმდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დარღვევები არ დაფიქსირდა ტყვიაზე, GMO-ზე, ტრანსცხიმებზე, კალციუმის შემცველობაზე, ჰისტამინზე, ლისტერიასა და პესტიციდების ნარჩენებზე სურსათის კვლევისას, აგრეთვე, სახეობრივი კვლევისას არ გამოვლენილა ვირისა და ცხენის ხორცი.
მიმდინარე წელს უკვე აღებულია სურსათისა და სასმელი წყლის 3000 ნიმუში/სინჯი, წლის ბოლომდე 6000-ზე მეტი ნიმუშის/სინჯის აღებაა დაგეგმილი.
მეორე კვარტლის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ვებგვერდზე: https://nfa.gov.ge/Ge/StateControl “, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს