ამ გვერდის ამობედვა

"ტრავიატა” საოპერო ზეიმად გადაიქცევა

27 იანვარს 18 საათზე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში (სამხატვრო ხელმძღვანელი - ირინე ლომინაძე) წარმოდგენილი იქნება ჯუზეპე ვერდის შედევრი, მისი ერთ-ერთი ყველაზე სულისშემძვრელი და პოეტური ქმნილება ოპერა „ტრავიატა“.

აღნიშნული დადგმა 2016 წელს განხორციელდა დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის, რეჟისორ მაია გაჩეჩილაძის, მხატვარ თემურ არსენიძისა და ქორეოგრაფ ვახტანგ უშვერიძის მიერ.

 

„ტრავიატას“ ამ წარმოდგენაში როლებს შეასრულებენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები: მარიკა მაჩიტიძე (ვიოლეტა ვალერი), ბადრი ადამია (ალფრედ ჟერმონი), ოთარ ნაკაშიძე (ჟორჟ ჟერმონი), ფერიდე ჯინჯიხაძე (ფლორა ბერვუა), მარიეტა მაჩალაძე (ანინა), იაგო ბუხრიკიძე (გასტონი), კალისტრატე ხარჩილავა (ბარონი დიუფონი), ემილ ჩარგაზია (მარკიზი დ’ობინი), დავით სიმსივე (ექიმი გრენვილი), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი ნათია გოგუაძე), ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი.


სპექტაკლს წარუძღვება საქართველოს შემოქმედებითი სტუმარი, ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ სკოპიეს ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის მთავარი დირჟორი, ქალბატონი ბიზერა ჩადლოვსკა.


ბიზერა ჩადლოვსკამ განათლება მიიღო, როგორც საოპერო-სიმფონიურმა დირიჟორმა სკოპიეს (მაკედონია) მუსიკისა და ხელოვნების აკადემიაში, მაგისტრის ხარისხი მიენიჭა ქალაქ ვარნას (ბულგარეთი) მუსიკის სახელმწიფო აკადემიაში.


2002 წლიდან სკოპიეს ოპერის თეატრში მან იდირიჟორა შემდეგი სპექტაკლები: ვერდის „ტრავიატა“, „ნაბუქო“, „რიგოლეტო“, „ბედის ძალა“, „მაკბეტი“, პუჩინის „ტურანდოტი“, „მადამ ბატერფლაი“, „ბოჰემა“, „ტოსკა“, ბიზეს „კარმენი“, როსინის „სევილიელი დალაქი“, „კონკია“, „იტალიელი ქალი ალჟირში“, მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“, „ბასტიენი და ბასტიენა“, „დონ ჯოვანი“, დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“, „დონ პასკუალე“, „რიტა“, ლეონკავალოს „ჯამბაზები“, მასკანის „სოფლის ღირსება“ და მრავალი სხვა.


ბიზერა ჩადლოვსკას რეპერტუარშია ასევე საბალეტო სპექტაკლები: ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“, „გედების ტბა“, ადანის „ჟიზელი“, რიმსკი-კორსაკოვის „შეჰერეზადა“, მინკუსის „დონ კიხოტი“, გლაზუნოვის ,,რაიმონდა“ და ა.შ.


ბიზერა ჩადლოვსკა აქტიურად, ნაყოფიერად თანამშრომლობს მაკედონიის ფილარმონიულ ორკესტრთან, სარაევოს ეროვნულ ოპერის თეატრთან, პლოვდივის და ვარნას ოპერის თეატრებთან, პლოვდივის ფილარმონიულ ორკესტრთან, ქ. ტიმიშოარას (რუმინეთი) ოპერის თეატრის ორკესტრთან.

 

325996268 751901199320280 7597398789173700907 n

წაკითხვა 652 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 25 2023